1 |
და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა
ღვთისა და კრავის ტახტიდან. |
1 |
და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი,
გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა. |
2 |
მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის
ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ
ხალხებს. |
2 |
შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ
და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა
მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად
წარმართთა. |
3 |
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი
იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას. |
3 |
და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ
და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას. |
4 |
იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი. |
4 |
და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა. |
5 |
ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ
და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი
უკუნისამდე. |
5 |
და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე,
რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი
უკუნისამდე. |
6 |
და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.
წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა
უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე. |
6 |
და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან,
და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი
ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე. |
7 |
აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის
წინასწარმეტყველების სიტყვებს. |
7 |
და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან
დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი. |
8 |
მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და
ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა
თაყვანი მეცა. |
8 |
და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას
ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად
წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ. |
9 |
მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი
წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის
სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი. |
9 |
და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და
ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა, და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის
წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც. |
10 |
კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის
წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი. |
10 |
და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა
ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს. |
11 |
უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად
ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს. |
11 |
უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული
შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი
წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. |
12 |
აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს. |
12 |
და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა,
ვითარცა საქმე მისი იყოს. |
13 |
მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და
დასასრული. |
13 |
მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და
დასასრული. |
14 |
ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა
ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში. |
14 |
ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა
იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ
შევიდენ ქალაქად. |
15 |
ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი,
კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან. |
15 |
გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და
კაცის-მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ. |
16 |
მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში
გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. |
16 |
მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე
ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი
ბრწყინვალე განთიადისაჲ. |
17 |
სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი!
მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. |
17 |
და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას,
თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად
წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ. |
18 |
ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის
წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი
დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. |
18 |
ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი
წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა,
შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას
წიგნსა. |
19 |
ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის
წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან,
წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში. |
19 |
და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის
წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან
ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. |
20 |
ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო,
მოდი, უფალო იესო! |
20 |
იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე,
მოვიდოდე, უფალო იესუ! |
21 |
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან.
ამინ. |
21 |
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა
თანა. ამინ. |