1 |
კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ
ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი! |
1 |
და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა
ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ:
მოვედ და იხილე. |
2 |
და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი
მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა
სძლიოს. |
2 |
და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა
მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა. |
3 |
და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე
ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! |
3 |
და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის
ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ! |
4 |
გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა
მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა
მას მახვილი დიდი. |
4 |
და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა
მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას
მახჳლი დიდი. |
5 |
და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე
ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე
მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. |
5 |
და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის
ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და
მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. |
6 |
და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო
პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ. |
6 |
და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი
იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის,
და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ. |
7 |
და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე
ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! |
7 |
და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა
ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე, |
8 |
შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი
მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება
მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით,
სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით. |
8 |
და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი
სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა
ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და
მჴეცთა მიერ ქუეყანისათა. |
9 |
და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე
მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც
ჰქონდათ. |
9 |
და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი
სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა. |
10 |
ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და
შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? |
10 |
და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა
სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა? |
11 |
და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ,
ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ
უნდა იქმნენ. |
11 |
და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ
ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა
სიკუდილი, ვითარცა მათ. |
12 |
და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა
მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. |
12 |
და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა,
ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. |
13 |
და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით
რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. |
13 |
და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი
თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან. |
14 |
და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი
ადგილებიდან იძრნენ. |
14 |
და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი
ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს. |
15 |
ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და
თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. |
15 |
და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასისთავთა და მდიდართა და ძლიერთა და
ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა
მთათასა. |
16 |
და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და
კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; |
16 |
და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან
საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა. |
17 |
ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას? |
17 |
რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად? |