1 |
ძმური სიყვარული ეგოს. |
1 |
ძმათ მოყუარებაჲ ეგენ. |
2 |
სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე
გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია. |
2 |
სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან
ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს. |
3 |
გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ
ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ. |
3 |
მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა,
და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ. |
4 |
ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს;
ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს. |
4 |
პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ;
ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან |
5 |
ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც
გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. |
5 |
ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი
გაქუნდეს; რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ. |
6 |
ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ
მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“ |
6 |
ვინაჲცა საკადრებელ არს ჩუენდა თქუმად: უფალი არს მწე
ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? |
7 |
გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ
ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ
რწმენას. |
7 |
მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს
თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა
მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. |
8 |
იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. |
8 |
იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. |
9 |
ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც
სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას
გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. |
9 |
მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა
განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს
მას შინა. |
10 |
ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. |
10 |
მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა
მას ჰმსახურებენ. |
11 |
რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს
საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. |
11 |
რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა
მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. |
12 |
ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. |
12 |
ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. |
13 |
მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. |
13 |
აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ. |
14 |
რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. |
14 |
რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. |
15 |
ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა
ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. |
15 |
ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა
ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. |
16 |
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს,
რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს. |
16 |
ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი
სათნო არიან ღმრთისა. |
17 |
დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ
თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით
აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ. |
17 |
დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა
თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა
სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა. |
18 |
ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა
ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ. |
18 |
ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს ყოველსა შინა
კეთილად გუნებავს სლვად. |
19 |
უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ. |
19 |
უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა. |
20 |
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა
დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, |
20 |
ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ
დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, |
21 |
დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო
ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება
უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
21 |
დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის
სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისა არს დიდებაჲ
უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |
22 |
გთხოვთ, ძმანო, შეიწყნაროთ ეს სიტყვა შეგონებისა, თუმცაღა მოკლედ მოგწერეთ თქვენ. |
22 |
ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, თავს-იდევით სიტყუაჲ ესე ვედრებისაჲ, დაღათუ მცირედ
მივწერე თქუენდა. |
23 |
იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, ერთად გეწვევით. |
23 |
იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე, რომლისა თანა, ადრე თუ მოვიდეს, გიხილნე
თქუენ. |
24 |
მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელნი. |
24 |
კითხვაჲ არქუთ ყოველთა წინამძღუართა თქუენთა და ყოველთა წმიდათა. გიკითხვენ თქუენ,
რომელნი-იგი არიან იტალიაჲთ. |
25 |
მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. |
25 |
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ. |