1 |
ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას?
თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული? |
1 |
ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა
თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული? |
2 |
მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან
მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? |
2 |
ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა
სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? |
3 |
ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით
კი ამთავრებთ? |
3 |
ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად
აღასრულებთ? |
4 |
ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ
ამაოდ! |
4 |
ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად! |
5 |
ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის,
რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით? |
5 |
აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა
თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? |
6 |
როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა
მას. |
6 |
ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას
სიმართლედ. |
7 |
მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი
არიან. |
7 |
უწყით-მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი
აბრაჰამისნი? |
8 |
და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი
რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში
იკურთხება ყველა ხალხი“. |
8 |
რამეთუ წინაწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა
განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: შენდამი
იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი. |
9 |
ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან
ერთად იკურთხებიან. |
9 |
აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა. |
10 |
ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია:
„წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. |
10 |
რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ
წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის
შჯულისასა ყოფად მისა. |
11 |
ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს
რწმენით“. |
11 |
და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ: მართალი
სარწმუნოებითა ცხონდეს. |
12 |
ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს. |
12 |
ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს
მას შინა. |
13 |
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც
დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, |
13 |
ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და
იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი,
რომელი დამოეკიდოს ძელსა. |
14 |
რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და,
ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით. |
14 |
რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს
ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა. |
15 |
კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი
ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას. |
15 |
ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის
გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა. |
16 |
ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც
ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე. |
16 |
ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს
„და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა
შენისა“, რომელ არს ქრისტე. |
17 |
მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი
აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს
აღთქმამ. |
17 |
ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა
მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული,
არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი. |
18 |
რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის
აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს. |
18 |
რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა
აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან. |
19 |
კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა
გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა
ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. |
19 |
აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის
მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა
შუამდგომელისაჲთა? |
20 |
მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს
შუამავალი, ღმერთი კი ერთია. |
20 |
ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს. |
21 |
მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და
არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა
სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე. |
21 |
აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ
იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად,
ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე. |
22 |
მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა
აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ. |
22 |
არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა
აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა. |
23 |
რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ
ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. |
23 |
ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე
მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე. |
24 |
ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც
მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. |
24 |
ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ,
რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ. |
25 |
ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ
აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. |
25 |
ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე
ვართ. |
26 |
რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. |
26 |
რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა
ქრისტე იესუჲსითა. |
27 |
ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე
შეიმოსენით. |
27 |
რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე
შეიმოსეთ. |
28 |
აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც
თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ
ქრისტე იესოში. |
28 |
არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც
აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ
ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. |
29 |
ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ
და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც. |
29 |
ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე
შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი. |