1 |
ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა
ყველაფრის ბატონ-პატრონია. |
1 |
ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ
ღათუ არნ ყოვლისა. |
2 |
არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და
მეურვეებს ემორჩილება. |
2 |
არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად
მოდგომადმდე მამისა თჳსისა. |
3 |
ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ
საწყისთ ვემონებოდით. |
3 |
ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ
ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ. |
4 |
მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა
თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. |
4 |
ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე
თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, |
5 |
რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო
ძეობა. |
5 |
რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ
იგი მოვიღოთ. |
6 |
ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში
თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“! |
6 |
და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა
თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო. |
7 |
ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ,
მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ. |
7 |
ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ
შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ. |
8 |
მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ,
რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები. |
8 |
არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ,
რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ. |
9 |
ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა
გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა
კვლავ მათ დაემონოთ? |
9 |
ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად
უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად? |
10 |
დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით. |
10 |
დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა. |
11 |
ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის. |
11 |
მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ. |
12 |
გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი
დაგიშავებიათ ჩემთვის.
|
12 |
იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ,
არარაჲ შემცოდეთ მე. |
13 |
ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ. |
13 |
ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ
პირველად; |
14 |
მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ
შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. |
14 |
და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა
მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა
ქრისტე იესუ. |
15 |
სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ
ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით. |
15 |
რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ,
შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე, |
16 |
მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ? |
16 |
ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ? |
17 |
თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი
გამოიდოთ მათთვის. |
17 |
გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ
თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ. |
18 |
მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა
მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ. |
18 |
ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ
მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ, |
19 |
შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის
სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე. |
19 |
შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე
გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის. |
20 |
ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა,
ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი. |
20 |
ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი,
რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს. |
21 |
მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა
რჯულს? |
21 |
მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ,
შჯული არა აღმოგიკითხავსა? |
22 |
რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი
მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან. |
22 |
რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს: ერთი
მჴევლისგან და ერთი აზნაურისაგან. |
23 |
მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა
- აღთქმისაგან, |
23 |
არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო, ხოლო
აზნაურისაჲ იგი - აღთქუმისაგან. |
24 |
რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით,
მონის მშობელი, ანუ აგარი, |
24 |
რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი:
ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ. |
25 |
რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და
შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. |
25 |
რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების
ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა. |
26 |
ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. |
26 |
ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ
ჩუენ ყოველთაჲ. |
27 |
რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ
გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს
მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. |
27 |
რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ;
აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი
ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი. |
28 |
ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. |
28 |
ხოლო ჩუენ, ძმანო, ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ. |
29 |
და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს,
ასევე ახლაც. |
29 |
არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა
სულიერსა მას, ეგრეთცა აწ. |
30 |
მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი
ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. |
30 |
არამედ რასა იტყჳს წიგნი? განაძე მჴევალი ეგე და ძე
მაგისი; რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა
აზნაურისაჲსა. |
31 |
ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ
თავისუფლისა. |
31 |
ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ
აზნაურისანი. |