ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ. |
1 |
ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ. |
2 | რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი. | 2 | რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა. |
3 | აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს. | 3 | უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით. |
4 | თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც ნებავს. | 4 | აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა. |
5 | ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს. | 5 | ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის! |
6 | ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან. | 6 | და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან. |
7 | რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით. | 7 | რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა. |
8 | ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი. | 8 | ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, |
9 | ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც. | 9 | რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. |
10 | ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე. | 10 | მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად. |
11 | განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი? | 11 | ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე? |
12 | განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი. | 12 | ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღვმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად. |
13 | ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით. | 13 | ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა. |
14 | ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. | 14 | ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴმდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. |
15 | არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული. | 15 | არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ. |
16 | ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე. | 16 | რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმჱ. |
17 | ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. | 17 | ხოლო ზეგარდმოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა განუკითხველ და შეუორგულებელ. |
18 | სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის. | 18 | რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა. |