1 |
და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის.
|
1 |
აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ
ზედა მომავალთა. |
2 |
სიმდიდრე თქვენი დალპა და მღილმა შეჭამა თქვენი სამოსი. |
2 |
სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა
დაუჭამიეს. |
3 |
ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი სამოწმებლად
იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი;
უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე. |
3 |
ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი
იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა
ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა. |
4 |
აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის
მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს. |
4 |
აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს
ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ
მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის. |
5 |
ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის
დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები. |
5 |
იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით
ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა. |
6 |
მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი წინაც არ
აღგდგომიათ. |
6 |
დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა
თქუენ. |
7 |
მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე.
აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება
წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. |
7 |
სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე
უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და
სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი. |
8 |
თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული,
რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა. |
8 |
სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი
თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს. |
9 |
ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ
განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას. |
9 |
ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა,
განმკითხველი წინაშე კართა დგას. |
10 |
ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი,
რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. |
10 |
სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულგრძელებისა წინაწარმეტყუელნი,
რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა. |
11 |
აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის
აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი. |
11 |
აჰა ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული
უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ. |
12 |
უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე
სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ
განსაკითხველში. |
12 |
ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა
რომელსა ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეჲ ჰე და არაჲ არა, რაჲთა არა ორგულებასა
შესცჳვეთ. |
13 |
უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. |
13 |
შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ
ვინმე არს, გალობდინ. |
14 |
ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ
მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. |
14 |
უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა
ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. |
15 |
რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია,
მიეტევება. |
15 |
და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან.
დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას. |
16 |
ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან
ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას. |
16 |
აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ
ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად. |
17 |
ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი
თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას. |
17 |
ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა
ზედა სამ წელ და ექუს თუე, |
18 |
კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი. |
18 |
და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი. |
19 |
ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, |
19 |
ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაცქიოს
იგი, |
20 |
იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და
დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას. |
20 |
უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული
თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ. |