1 |
პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო
ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც
იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე. |
1 |
და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი,
რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას
სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი. |
2 |
სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას,
ისკარიოტელის გულში მისი გაცემა, |
2 |
და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა
იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი. |
3 |
იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და
ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის, |
3 |
იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა
მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს. |
4 |
წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და
წელზე მოირტყა. |
4 |
აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო
არდაგი და მოირტყა იგი. |
5 |
მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების
ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა. |
5 |
და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად
ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. |
6 |
მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა
მბან ფეხებს? |
6 |
და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ
დამბანა ფერჴთა ჩემთა? |
7 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი,
მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ. |
7 |
მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო
სცნა ამისა შემდგომად. |
8 |
უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო
მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. |
8 |
ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე.
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ
თანა. |
9 |
უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა,
არამედ ხელებსაც და თავსაც. |
9 |
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა
ჩემი. |
10 |
უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ
მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა. |
10 |
ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ
ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი. |
11 |
ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო. |
11 |
რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ. |
12 |
ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ:
იცით, რა გიყავით? |
12 |
და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერე ჰრქუა
მათ: უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ? |
13 |
თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. |
13 |
თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ,
რამეთუ ვარ. |
14 |
ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები,
თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. |
14 |
უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან,
თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა. |
15 |
რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.
|
15 |
რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ
თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ. |
16 |
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი,
და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი. |
16 |
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს
მომავლინებელისა თჳსისა. |
17 |
თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას. |
17 |
ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას. |
18 |
ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე.
მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი
ქუსლი. |
18 |
არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი
გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა
პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი. |
19 |
ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება,
ირწმუნოთ, რომ მე ვარ. |
19 |
ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს
იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ. |
20 |
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც
შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე
შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. |
20 |
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი
მე მივავლინო, მე შემიწყნარებს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს
მომავლინებელსა ჩემსა. |
21 |
ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა:
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე. |
21 |
ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა:
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. |
22 |
მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე
თქვა ეს. |
22 |
ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს
იტყოდა. |
23 |
ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას. |
23 |
და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა
იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს. |
24 |
სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის,
ვისზედაც ამას ამბობსო. |
24 |
წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს,
რომლისათჳს იტყჳს? |
25 |
ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის? |
25 |
ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო,
ვინ არს? |
26 |
იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ.
ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. |
26 |
მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე,
იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა. |
27 |
ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას
იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. |
27 |
და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა
ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე. |
28 |
მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. |
28 |
ესე უკუე არავინ ცნა ინაჴით-მჯომარეთაგანმან იესუჲს თანა,
რაჲსათჳს ჰრქუა მას. |
29 |
ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც
სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო. |
29 |
რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი
იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს
დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა. |
30 |
ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე. |
30 |
ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო
ღამე. |
31 |
როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და
ღმერთი იდიდა მის მიერ. |
31 |
და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძე
კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა. |
32 |
ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას
თავის მიერ, და ადიდებს მას მალე. |
32 |
უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი
თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი. |
33 |
შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს:
სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა. |
33 |
შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიედეთ მე, და
ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ
ჴელ-გეწიფების მოსლვად; და აწ თქუენ გეტყვ. |
34 |
ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე
შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. |
34 |
მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით
ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით
ურთიერთას. |
35 |
იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ
გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის. |
35 |
ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ
იყურებოდით ურთიერთას. |
36 |
ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ
მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები. |
36 |
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას
იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე
მომდევდე მე. |
37 |
უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად?
სულს დავდებ შენთვის. |
37 |
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად
შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა. |
38 |
იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად
გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე. |
38 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა?
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე
სამ-გზის. |