
| 
|
იოანეს სახარება
თავი მეჩვიდმეტე
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე
შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.
|
1 |
ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი
ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. |
2 |
რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა
ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. |
2 |
ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ,
რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
3 |
საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ,
ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს. |
3 |
და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ
ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე. |
4 |
მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც
მომეცა აღსასრულებლად. |
4 |
მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი
მომეც მე, რაჲთა ვყო. |
5 |
ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ
მქონდა ქვეყნის შექმნამდე. |
5 |
და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა
მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა. |
6 |
გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა
ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. |
6 |
გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა
ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს. |
7 |
ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. |
7 |
და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან
არს. |
8 |
რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ
მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ
მომავლინე. |
8 |
რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ
მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ
შენ მომავლინე მე. |
9 |
მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ
მათთვის, ვინაიდან შენი არიან. |
9 |
მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე,
რამეთუ შენნი არიან. |
10 |
ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში. |
10 |
და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის. |
11 |
მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა
მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. |
11 |
და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ.
მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ
ერთობით, ვითარცა ჩუენ. |
12 |
როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და
არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. |
12 |
ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ
მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა
წერილი აღესრულოს. |
13 |
ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი
სიხარული. |
13 |
ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა
აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით. |
14 |
მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ
არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. |
14 |
მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა
იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა
ამისგან. |
15 |
არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ,
რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი. |
15 |
არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა
დაიცვნე იგინი ბოროტისაგან. |
16 |
ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. |
16 |
სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ. |
17 |
გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი
სიტყვა. |
17 |
წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი
ჭეშმარიტ არს. |
18 |
როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი
ქვეყნად. |
18 |
ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ
სოფლად. |
19 |
მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი
იყვნენ ჭეშმარიტებით. |
19 |
და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ
წმიდა ჭეშმარიტებით. |
20 |
მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც
ვწამვარ მათივე სიტყვით. |
20 |
და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა
ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ; |
21 |
რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში,
ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. |
21 |
რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო,
და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა
ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. |
22 |
დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ
ჩვენსავით ერთი. |
22 |
და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ
ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ. |
23 |
მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ
შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. |
23 |
მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ
ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და
შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე. |
24 |
მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც
მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც
შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. |
24 |
მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე
ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი
მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა. |
25 |
მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და
მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. |
25 |
მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან
შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. |
26 |
მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა
სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში. |
26 |
და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით
რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა. |
|
|

|
|