1 |
ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო
ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები. |
1 |
ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი
იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი. |
2 |
იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო
და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. |
2 |
იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ
მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით. |
3 |
მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და
ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით. |
3 |
ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და
ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და
საჭურველითა. |
4 |
ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და
უთხრა მათ: ვის ეძებთ? |
4 |
ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა
და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ? |
5 |
მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო
იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა. |
5 |
მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ
იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა. |
6 |
როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე
დაემხნენ. |
6 |
და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს
ქუეყანასა. |
7 |
კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო
ნაზარეველს. |
7 |
მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას:
იესუს ნაზარეველსა. |
8 |
მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ,
გაუშვით ესენი, წავიდნენ. |
8 |
ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ
მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ. |
9 |
რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი,
არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს. |
9 |
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა
წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი. |
10 |
ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და
მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი. |
10 |
ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა
და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ. |
11 |
მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი,
რომელიც მამამ მომცა? |
11 |
ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა
შევსუაა იგი? |
12 |
მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი. |
12 |
ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და
შეკრეს იგი. |
13 |
და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც
მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. |
13 |
და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი
კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ. |
14 |
სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია
ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო. |
14 |
ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ:
უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს. |
15 |
მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს
მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის
ეზოში. |
15 |
მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო
მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა
მღდელთ-მოძღურისასა. |
16 |
პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი,
რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე. |
16 |
ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ
მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე. |
17 |
ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის
მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ. |
17 |
ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა
მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ. |
18 |
რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და
მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა. |
18 |
დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და
ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა
პეტრეცა და ტფებოდა. |
19 |
ხოლო მღვდეღმთავარმა ჰკითხა იესოს, ვინ იყვნენ მისი
მოწაფეები, ან რას ასწავლიდა იგი. |
19 |
ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა
მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს. |
20 |
იესომ მიუგო: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას;
გამუდმებით ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან
იკრიბებიან იუდეველნი, და ფარულად არა მითქვამს რა. |
20 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე
სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი
ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე. |
21 |
მე რას მეკითხები? მსმენელებს ჰკითხე, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან,
რასაც ვამბობდი. |
21 |
რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა
ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ. |
22 |
ეს რომ თქეა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა
იესოს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს? |
22 |
და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ
მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება
მღდელთ-მოძღუარსა? |
23 |
უთხრა მას იესომ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად - რატომღა მცემ? |
23 |
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე
ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ? |
24 |
მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ
კაიაფასთან. |
24 |
და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა. |
25 |
სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა
შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ. |
25 |
ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ
მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და
თქუა: არა ვარ. |
26 |
მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური
ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? |
26 |
ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან –
ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა
მტილსა მას შინა მის თანა? |
27 |
კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა. |
27 |
და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. |
28 |
ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი
იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა
შესძლებოდათ პასექის ჭამა. |
28 |
და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და
იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ
პასექი. |
29 |
გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ
კაცს? |
29 |
გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა
მოიღებთ კაცისა ამისა ზედა? |
30 |
მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმთქმედი არ იყოს. შენ როდი
გადმოგცემდით. |
30 |
მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი
იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე. |
31 |
უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს:
ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება.
|
31 |
ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა
თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი
ჯერ-არს მოკლვაჲ. |
32 |
რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის
მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. |
32 |
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და
აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ. |
33 |
კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა:
შენა ხარ იუდეველთა მეფე? |
33 |
კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და
ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? |
34 |
იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს
ჩემზე? |
34 |
ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა
გითხრეს ჩემთჳს? |
35 |
მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და
მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? |
35 |
მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა?
ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს? |
36 |
მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური;
ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ
ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. |
36 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის
სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი,
მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ
მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით. |
37 |
უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ
ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ
ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს
ხმას. |
37 |
ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ:
შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე
სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს,
ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ. |
38 |
უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა,
კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ
მასში. |
38 |
ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე
თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ
ამის თანა. |
39 |
ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ
პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. |
39 |
ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ
დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ? |
40 |
მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ
ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო. |
40 |
კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ
ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი. |