1 |
მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა. |
1 |
მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი. |
2 |
ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს
და ძოწეულით შემოსეს იგი. |
2 |
და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს
თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას. |
3 |
მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო:
და სახეში ურტყამდნენ მას. |
3 |
და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო
ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა. |
4 |
კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა,
გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. |
4 |
გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა
გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი
ბრალი ვპოე. |
5 |
მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის
მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი; |
5 |
გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და
ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი! |
6 |
ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები
აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ
წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. |
6 |
და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა,
ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე:
მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას
ვჰპოებ. |
7 |
იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი
რჯულღის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი. |
7 |
მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და,
სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო. |
8 |
ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. |
8 |
ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა. |
9 |
ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ?
მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. |
9 |
და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ
არა მიუგო მას. |
10 |
უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და
შემიძლია შენი გაშვებაც? |
10 |
ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს
ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა? |
11 |
იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა.
ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა. |
11 |
ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო
შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს. |
12 |
ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ
მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს
ეურჩება. |
12 |
ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს:
უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ
იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა. |
13 |
ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა
იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა. |
13 |
ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე
და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო
ებრაელებრ კაპპათა. |
14 |
იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა
იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! |
14 |
და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა
პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი! |
15 |
ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი
მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა.
|
15 |
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და
ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს
მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩვენ მეუფჱ, გარნა კეისარი. |
16 |
მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. |
16 |
მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. |
17 |
თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას,
რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა, |
17 |
და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან
ებრაელებრ გოლგოთა. |
18 |
სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ
და იქით, ხოლო შუაში იესო. |
18 |
და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ
და იმიერ და შორის იესუ. |
19 |
დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა
ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. |
19 |
და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და
იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ. |
20 |
იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან
ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო
ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. |
20 |
ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ
მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი
ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ. |
21 |
ხოლო იუდეველთა მღვდელმთავრებმა უთხრეს პილატეს: ნუ
დაწერ: იუდეველთა მეფე, არამედ როგორც მან თქვა: მე ვარ მეფე იუდეველთა. |
21 |
ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ
დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე. |
22 |
მიუგო პილატემ: რაც დავწერე, დავწერე. |
22 |
ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე. |
23 |
ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ ნაწილად
გაყვეს, თვითეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, აგრეთვე კვართი; ხოლო კვართი ნაკერი
კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. |
23 |
და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს
სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი.
ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. |
24 |
და ერთმანეთს უთხრეს: ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი
ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდებაო. რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც
ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის, და ჩემს კვართზე იყარეს
წილი. |
24 |
თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ
წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს
სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
ერისაგანთა მათ ესე ყვეს. |
25 |
იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ
კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. |
25 |
ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ
დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი. |
26 |
ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე,
რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! |
26 |
ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი,
რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე
შენი! |
27 |
მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან
მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი. |
27 |
და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და
მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა. |
28 |
შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა
ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია. |
28 |
ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ
არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის. |
29 |
იქვე იდგა ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპს წამოაცვეს და
პირთან მიუტანეს. |
29 |
დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს
ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა. |
30 |
როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა
და სული განუტევა. |
30 |
და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი
აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული. |
31 |
რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო
შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს,
წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. |
31 |
ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა
ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს,
რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. |
32 |
მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან
ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც. |
32 |
მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს
წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. |
33 |
ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე
მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები. |
33 |
ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ
მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი, |
34 |
მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც
მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. |
34 |
არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა
მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი. |
35 |
ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან
იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ. |
35 |
და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი,
და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს. |
36 |
ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ
შეიმუსრება. |
36 |
რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი
მისი არა შეიმუსროს. |
37 |
ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს. |
37 |
და სხუაჲ წერილი იტყჳს: იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს. |
38 |
ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე
იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა
ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს
გვამი. |
38 |
ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო
არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა
რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი
მისი. |
39 |
მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და
მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა. |
39 |
მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე
პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ. |
40 |
აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან
ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი. |
40 |
და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა
სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ. |
41 |
იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი -
ახალი სამარხი, რომელშიაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. |
41 |
იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი, და მტილსა მას
შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო. |
42 |
იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგანაც
ახლოს იყო სამარხი. |
42 |
მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა,
რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი. |