1 |
ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,
|
1 |
იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ. |
2 |
რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით,
რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ
მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. |
2 |
ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით,
რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების
სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა. |
3 |
ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ:
ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს. |
3 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ
ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. |
4 |
უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი
კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? |
4 |
ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა
შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და
შობად? |
5 |
მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც
არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. |
5 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ
ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად
სასუფეველსა ღმრთისასა. |
6 |
ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული. |
6 |
შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან
სული არს. |
7 |
ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. |
7 |
ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ
შობაჲ. |
8 |
ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ
იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც. |
8 |
სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ
არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. |
9 |
მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? |
9 |
მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? |
10 |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი? |
10 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? |
11 |
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ
იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ. |
11 |
ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ,
და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. |
12 |
თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას? |
12 |
უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ,
და გრწმენეს? |
13 |
არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. |
13 |
და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა
ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა. |
14 |
და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა
აღიმართოს ძეც კაცისა. |
14 |
და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ
ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. |
15 |
რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
|
15 |
რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს,
არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
16 |
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა
ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. |
16 |
რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი
მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს
ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
17 |
რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ
ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. |
17 |
რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა
დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. |
18 |
ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ
განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. |
18 |
რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა
ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა
ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. |
19 |
სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ
ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი
საქმენი. |
19 |
და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და
შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. |
20 |
რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის
ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი. |
20 |
რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და
არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. |
21 |
სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ
მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი. |
21 |
ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა
ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან. |
22 |
შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას
მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ. |
22 |
ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად
ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა. |
23 |
იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო
იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან. |
23 |
იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა,
რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან. |
24 |
რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში. |
24 |
რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ. |
25 |
მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა
განწმენდის გამო. |
25 |
და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა
განწმედისათჳს. |
26 |
მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო
იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან
მიდიან. |
26 |
და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო
შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და
ყოველნი მივლენან მისა. |
27 |
მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.
|
27 |
მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა
მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით. |
28 |
თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე,
არამედ - მის წინაშე მოვლინებული. |
28 |
თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე,
არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა. |
29 |
ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც
დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს
სიხარული აღსრულდა ჩემი. |
29 |
რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი
სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე
უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. |
30 |
ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე. |
30 |
მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად. |
31 |
მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია
და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია. |
31 |
ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს
ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი
ყოველთა ზედა არს. |
32 |
რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის
მოწმობას არავინ იღებს. |
32 |
და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა
არავინ მიიღებს. |
33 |
ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია
ღმერთი. |
33 |
რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი
ჭეშმარიტ არს. |
34 |
რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს,
ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. |
34 |
და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს,
რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული. |
35 |
მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას. |
35 |
მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. |
36 |
ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა
სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას. |
36 |
რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო
რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ
დადგრომილ არს მის ზედა. |