1 |
ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს
იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო
|
1 |
ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი
მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, |
2 |
(თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი
მოწაფეები). - |
2 |
რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი
მისნი, |
3 |
მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. |
3 |
დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად. |
4 |
ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო. |
4 |
ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ. |
5 |
მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ
მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს. |
5 |
და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ,
მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. |
6 |
იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას
ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი. |
6 |
და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა
სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე. |
7 |
მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას
იესომ, წყალი დამალევინეო. |
7 |
მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას
იესუ: მასუ მე წყალი. |
8 |
ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის
საყიდლად. |
8 |
რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა
საზრდელი იყიდონ. |
9 |
და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი,
წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ
სამარიელებთან. |
9 |
ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა
ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა. |
10 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი
დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ. |
10 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი
გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი
ცხოველი. |
11 |
ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი
წყალი? |
11 |
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს.
ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი? |
12 |
ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა
თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც? |
12 |
ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა
ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი. |
13 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. |
13 |
მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა
ამისგან, სწყუროდის კუალადცა, |
14 |
მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ
მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს
წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში. |
14 |
ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას,
არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს
მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ. |
15 |
უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ
მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ. |
15 |
ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა
არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად. |
16 |
უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი. |
16 |
ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. |
17 |
მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ
მყავსო. |
17 |
მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა
მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი, |
18 |
ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის
შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი. |
18 |
რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს
ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ. |
19 |
უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი
ხარ. |
19 |
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ
წინაწარმეტყუელი ხარ შენ. |
20 |
ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი
ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა. |
20 |
მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ
იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. |
21 |
ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა
არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. |
21 |
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს
ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. |
22 |
თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც
ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. |
22 |
თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ
თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს. |
23 |
მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ
მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს
ეძებს. |
23 |
არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი
თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა,
რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. |
24 |
ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და
ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. |
24 |
სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და
ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ. |
25 |
ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია
ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ. |
25 |
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს,
რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. |
26 |
მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე. |
26 |
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ. |
27 |
ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ
ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას
ელაპარაკებით? |
27 |
და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და
უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ,
ანუ რასა იტყჳ მის თანა? |
28 |
ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და
ხალხს უთხრა: |
28 |
დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა
ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: |
29 |
მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც
მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი? |
29 |
მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი,
რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე? |
30 |
გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან. |
30 |
გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა. |
31 |
ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე! |
31 |
და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას
მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე! |
32 |
იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.
|
32 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი
თქუენ არა იცით. |
33 |
მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა
საჭმელი? |
33 |
იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას
ჭამადი? |
34 |
უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი
მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. |
34 |
ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ
მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი. |
35 |
განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო?
აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ
გადათეთრებულან სამკალად. |
35 |
არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს
მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ
ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე. |
36 |
მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს
მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც. |
36 |
და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი
ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის
თანა. |
37 |
ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე
მკისო. |
37 |
რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ
არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი. |
38 |
მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ;
სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში. |
38 |
მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით,
სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით. |
39 |
და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი
ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. |
39 |
ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ,
სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ:
ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ. |
40 |
ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ,
ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. |
40 |
და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს
მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. |
41 |
და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. |
41 |
და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. |
42 |
ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს,
ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი
ქვეყნისა, ქრისტე. |
42 |
და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა
შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს
ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე. |
43 |
ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას
გაემართა. |
43 |
შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. |
44 |
ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს
პატივი არა აქვს თავის მამულში. |
44 |
რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა
თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს. |
45 |
გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც
ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან
თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს. |
45 |
და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა,
რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ
იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას. |
46 |
ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი
კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში.
|
46 |
მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა
წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო
კაპერნაუმს. |
47 |
გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და
შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. |
47 |
ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით
გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს
ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ. |
48 |
უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს,
არ ირწმუნებთ. |
48 |
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები,
არა გრწმენეს. |
49 |
კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი
ძე. |
49 |
ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად
სიკუდილადმდე ძისა ჩემისა. |
50 |
უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი
იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა. |
50 |
ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა
კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა. |
51 |
შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი
ძე ცოცხალიაო. |
51 |
და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს
მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. |
52 |
გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს:
გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ. |
52 |
ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს
მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან. |
53 |
მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ
უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო. |
53 |
მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ
ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა
სახლეულთა მისთა. |
54 |
ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან
დაბრუნდა გალილეაში. |
54 |
ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა
ჰურიასტანით გალილეად. |