1 |
მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა
მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; |
1 |
რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა
მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, |
2 |
რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი
ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს
შესამეცნებლად, |
2 |
რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი,
თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა,
გულისჴმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და
ქრისტესსა, |
3 |
რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. |
3 |
რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და
მეცნიერებისანი დაფარულნი. |
4 |
ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით. |
4 |
ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ
სიტყჳთა მეტნობისაჲთა; |
5 |
ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო
ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს
ქრისტეში. |
5 |
რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ
თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა
მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა. |
6 |
ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ
მასში. |
6 |
ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა
ვიდოდეთ, |
7 |
რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში
ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე
იზარდეთ მადლიერებით. |
7 |
დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი
სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა. |
8 |
ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ
სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის
საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით. |
8 |
ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის
მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა
მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ, |
9 |
რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი
სავსება. |
9 |
რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად. |
10 |
და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. |
10 |
და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და
ჴელმწიფებისაჲ, |
11 |
მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი
ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა. |
11 |
რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით
გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა. |
12 |
მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი
ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი. |
12 |
მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა
მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით. |
13 |
და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად
გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. |
13 |
და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და
წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ,
მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი. |
14 |
სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი;
შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. |
14 |
და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო
ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა, |
15 |
ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით
იმძლავრა მათზე. |
15 |
განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით
და განაქიქნა იგინი მას შინა. |
16 |
ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა
თუ შაბათთა გამო. |
16 |
ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო
დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, |
17 |
ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი
მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. |
17 |
რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა -
ქრისტესთა. |
18 |
ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა
მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით
ამაოდ გალაღებული, |
18 |
ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და
წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ
განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა |
19 |
ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული,
სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება
საღვთო ზრდით. |
19 |
და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი,
სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას
ღმრთისასა. |
20 |
თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის,
მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს: |
20 |
უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის
სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ: |
21 |
ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები |
21 |
„ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“, |
22 |
ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და
მოძღვრების მიხედვით? |
22 |
რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით
მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა? |
23 |
ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ
თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ
აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს. |
23 |
რომელ-იგი არს, რეცა სიტყუაჲ რაჲმე აქუს სიბრძნისაჲ
ნეფსითათა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ჴორცთაჲთა, არა თუ
პატივითა რაჲთმე განსაძღებელად ჴორცთა. |