1 |
რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში
მოხდა, |
1 |
ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს
გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, |
2 |
როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი
იყვნენ და სიტყვის მსახურნი, |
2 |
ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან
თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, |
3 |
მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე
გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის,
ღირსეულო თეოფილე, |
3 |
ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა
ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო
თეოფილე, |
4 |
რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. |
4 |
რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ
კრძალულებაჲ. |
5 |
იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას
წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად
ელისაბედი. |
5 |
იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი
ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის
აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ. |
6 |
ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ
ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს. |
6 |
და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს
ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი. |
7 |
მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო
იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. |
7 |
და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და
ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა. |
8 |
ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა
იგი ღმერთის წინაშე, |
8 |
და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა
მისისა წინაშე ღმრთისა, |
9 |
მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა
საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. |
9 |
მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა
უფლისასა. |
10 |
ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. |
10 |
და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა. |
11 |
მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. |
11 |
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის
საკუმეველთაჲსა. |
12 |
მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. |
12 |
და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა. |
13 |
ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი
ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. |
13 |
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ
შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და
უწოდი სახელი მისი იოვანე. |
14 |
გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ
მისი შობით. |
14 |
და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა
მისსა განიხარონ. |
15 |
ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას
არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. |
15 |
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა
სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. |
16 |
და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ.
|
16 |
და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა. |
17 |
უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს
მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ,
და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. |
17 |
და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და
ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა
მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული. |
18 |
უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას?
რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. |
18 |
და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ
მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა? |
19 |
მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის
წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. |
19 |
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე
მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას. |
20 |
აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა
ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის
დროს. |
20 |
და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე
დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი
აღესრულნენ ჟამსა თჳსსა. |
21 |
ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება
ტაძარში. |
21 |
და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ
იგი მისი ტაძარსა მას შინა. |
22 |
და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის.
მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. |
22 |
და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს,
რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და
დაადგრა უტყუად. |
23 |
ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში
დაბრუნდა. |
23 |
და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი,
წარვიდა სახიდ თჳსა. |
24 |
იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა;
ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: |
24 |
და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და
იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა, |
25 |
ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა
ჩემი სირცხვილი ხალხში. |
25 |
ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა
მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის. |
26 |
ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი
ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, |
26 |
და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა
მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, |
27 |
ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი
- იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი. |
27 |
ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ,
სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. |
28 |
შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით
მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. |
28 |
და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ,
მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. |
29 |
ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას
უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? |
29 |
ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა
და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? |
30 |
ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე
მადლი ღმრთის წინაშე. |
30 |
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ
ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. |
31 |
აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.
|
31 |
და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი
მისი იესუ. |
32 |
დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს
ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. |
32 |
ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან
ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. |
33 |
საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული
მისი სუფევისა. |
33 |
და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და
სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. |
34 |
ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი
რომ არ ვიცი? |
34 |
ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა,
რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? |
35 |
მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე,
და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა
შობილი. |
35 |
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს
შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა
ეწოდოს და ძე მაღლის. |
36 |
აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე
სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, |
36 |
და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა
სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. |
37 |
რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. |
37 |
რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. |
38 |
ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი
სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი. |
38 |
ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე
სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი. |
39 |
ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს,
იუდას ქალაქს. |
39 |
და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო
მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. |
40 |
შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. |
40 |
და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. |
41 |
როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა
შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. |
41 |
და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი,
ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. |
42 |
ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის
და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! |
42 |
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა
შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! |
43 |
ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის
დედა? |
43 |
და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ
ჩემდა? |
44 |
ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის
ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. |
44 |
რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ
ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. |
45 |
ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი,
რაც ეუწყა უფლის მიერ. |
45 |
და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ
თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. |
46 |
და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
|
46 |
და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, |
47 |
გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. |
47 |
და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა
ჩემისა, |
48 |
ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა,
ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; |
48 |
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა;
რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; |
49 |
რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი
სახელი. |
49 |
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს
სახელი მისი, |
50 |
წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა
მიმართ. |
50 |
და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა
ზედა; |
51 |
მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა
გულის ზრახვანი. |
51 |
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი
გონებითა გულთა მათთაჲთა; |
52 |
დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. |
52 |
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; |
53 |
სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი. |
53 |
მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; |
54 |
შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა. |
54 |
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. |
55 |
როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ
უკუნისამდე. |
55 |
ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა
მისსა საუკუნოდ. |
56 |
სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის
სახლში. |
56 |
და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა
სახიდ თჳსა. |
57 |
ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე. |
57 |
ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა
ძე. |
58 |
გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა
თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად. |
58 |
და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან
წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს. |
59 |
მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ
მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია. |
59 |
და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის
და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია. |
60 |
მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას. |
60 |
და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს
მაგას იოვანე. |
61 |
უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას.
|
61 |
და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა,
რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე. |
62 |
და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია
მისთვის. |
62 |
და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად
მისა. |
63 |
ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი.
და უკვირდა ყველას. |
63 |
და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი
მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა. |
64 |
მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს. |
64 |
და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და
აკურთხევდა ღმერთსა. |
65 |
შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს
მოედო ეს ამბავი. |
65 |
და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და
ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე
სიტყუანი. |
66 |
ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა
ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან. |
66 |
და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს:
რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყოს მის ზედა. |
67 |
ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით,
წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: |
67 |
და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა,
წინაწარმეტყუელებდა და თქუა: |
68 |
კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და
იხსნა თავისი ხალხი. |
68 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა
თჳსისაჲ;
|
69 |
აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში. |
69 |
და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას
დავითის, მონისა თჳსისა; |
70 |
როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
რომელნიც უკუნისიდან იყვნენ: |
70 |
ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან
წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა, |
71 |
რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
|
71 |
ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა
მოძულეთა ჩუენთაჲსა; |
72 |
რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და
გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას; |
72 |
ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად
აღთქუმისა წმიდისა მისისა; |
73 |
თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას
აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ, |
73 |
ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად
ჩუენდა |
74 |
მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, -
მის მიმართ უშიშრად |
74 |
უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა, |
75 |
და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას
მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე. |
75 |
მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა
ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა. |
76 |
ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები,
რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა. |
76 |
და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ
წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა, |
77 |
და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის
შემეცნება. |
77 |
მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებად
ცოდვათა მათთაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით |
78 |
ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც
გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით. |
78 |
|
79 |
რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში
მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი. |
79 |
გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და
აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა. |
80 |
ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო
უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს. |
80 |
ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა.
და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ. |