1 |
ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა
სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს. |
1 |
მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს,
რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. |
2 |
მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს
გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? |
2 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ
გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ
ესევითარი ევნო მათ? |
3 |
არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი
მათსავით დაიღუპებით. |
3 |
გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე
სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. |
4 |
ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა
სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე
იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? |
4 |
ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და
მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს
ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? |
5 |
არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი
მათსავით დაიღუპებით. |
5 |
გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე
ეგერეთ წარსწყმდეთ. |
6 |
და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის
ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. |
6 |
და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი
სავენაჴესა თჳსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა. |
7 |
და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და
ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ
ტყუილად იკავებს ადგილს. |
7 |
და ჰრქუა ვენაჴის მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს,
ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ.
მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად? |
8 |
ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს
შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; |
8 |
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა,
ვიდრემდე მოუთოჴნო მას გარემო და სკორე დაუდვა, |
9 |
იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი. |
9 |
ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი. |
10 |
შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი. |
10 |
და ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა. |
11 |
იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ
შეეძლო წელში გამართვა. |
11 |
და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათრვამეტ წლითგან;
და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ. |
12 |
იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.
|
12 |
იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან
შენისა. |
13 |
როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს. |
13 |
და დაასხნა მას ზედა ჴელნი, და მეყსეულად აღემართა და
ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა. |
14 |
მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ
შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის
კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს. |
14 |
მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა
განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა
ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. |
15 |
მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი
თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს
დასარწყულებლად? |
15 |
მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან
თქუენმან არა აღჰჴსნისა შაბათსა შინა ჴარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და
წარიბის და ასჳს მას წყალი? |
16 |
ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ
უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? |
16 |
ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი
არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა? |
17 |
ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა;
მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად
იქმოდა იგი. |
17 |
და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა
წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა
დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ. |
18 |
ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას
ვამსგავსებ მას? |
18 |
და იტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ, და ვისა
მსგავს არს იგი? |
19 |
მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და
დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა
დაიბუდეს. |
19 |
მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან
და დასთესა იგი მტილსა თჳსსა; და აღორძინდა და იქმნა იგი ხე დიდ, და
მფრინველთა ცისათა და დაიმკჳდრეს რტოთა მისთა. |
20 |
და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს? |
20 |
მერმე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? |
21 |
მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა
იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა. |
21 |
ვამსგავსო იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო
იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუნვოს ყოველი. |
22 |
დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან
იერუსალიმისაკენ აეღო გეზი. |
22 |
და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და
წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ. |
23 |
ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: |
23 |
და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან
ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: |
24 |
იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით:
მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. |
24 |
იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ
თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ. |
25 |
ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი,
დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ
ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი. |
25 |
ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და
გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე
ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ. |
26 |
მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით,
და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. |
26 |
მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით,
და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ. |
27 |
მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და
სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი. |
27 |
და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან
ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი. |
28 |
და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ
აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში,
ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ. |
28 |
მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ
აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა
ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე. |
29 |
მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და
სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში. |
29 |
და მოვიდოდიან მზისა-აღმოსავალით და მზისა-დასავალით,
ჩრდილოჲთ და სამხრით, და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა. |
30 |
და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან
პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი. |
30 |
და აჰა ესერა არიან უკუანაჲსკნელნი, რომელნი იყვნენ
პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკანაჲსკნელ. |
31 |
იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი
და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას. |
31 |
მას დღესა შინა მო-ვინმე-ვიდეს იესუჲსა ფარისეველნი და
ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად. |
32 |
და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და
ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს
საქმეს. |
32 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ
მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და
ხვალე, და ზეგე აღვესრულები. |
33 |
თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც,
ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს. |
33 |
რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად,
რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმსა წარწყმედად. |
34 |
იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით
ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს
ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. |
34 |
იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ
წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა
შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა
ქუეშე, და არა ინებეთ! |
35 |
და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად
გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით:
კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! |
35 |
აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ
თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს
მომავალი სახელითა უფლისაჲთა. |