1 |
მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.
|
1 |
და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. |
2 |
ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და
ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო. |
2 |
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს,
ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. |
3 |
და უთხრა მათ ეს იგავი: |
3 |
და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: |
4 |
ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი
თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის
საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას? |
4 |
ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს
მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა
ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი? |
5 |
და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე; |
5 |
და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით; |
6 |
შინ მოსული დაუძახებს მებობრებს და მეზობლებს და ეტყვის
მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე. |
6 |
და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და
მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი
წარწყმედული. |
7 |
გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე
ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ
სინანული. |
7 |
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს
ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ
მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული. |
8 |
ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს,
რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და
გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის? |
8 |
გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და
წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ
გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი? |
9 |
ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და
ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე. |
9 |
და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ,
რამეთუ ვპოვე დრაქმაჲ იგი, რომელი წარვწყმიდე. |
10 |
გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო. |
10 |
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა,
რომელმან შეინანოს. |
11 |
მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა; |
11 |
მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. |
12 |
უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან.
და გაუყო მათ თავისი ქონება. |
12 |
და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი
სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. |
13 |
ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და
იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა. |
13 |
და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი
უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი
იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. |
14 |
როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ
ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა. |
14 |
და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი
მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. |
15 |
წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში
გაგზავნა ღორების მწყემსად. |
15 |
და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა,
ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. |
16 |
ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ
აღირსებდა. |
16 |
და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ
სცის მას. |
17 |
გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს
თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. |
17 |
და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა
სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა
წარვწყმდები. |
18 |
ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის
მიმართ და შენს წინაშე. |
18 |
აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო,
ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, |
19 |
და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ
მოჯამაგირედ მაინც დამიყენე. |
19 |
და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე
ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. |
20 |
ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ
მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა
დაუწყო. |
20 |
და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა
იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა
ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. |
21 |
შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და
აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. |
21 |
და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და
წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. |
22 |
ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი
და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით. |
22 |
ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი
პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა
მისთა. |
23 |
მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. |
23 |
და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და
ვიხარებდეთ, |
24 |
რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული
იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება. |
24 |
რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა,
წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. |
25 |
ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი
მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა. |
25 |
და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა
მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. |
26 |
მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? |
26 |
და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ:
რაჲ არს ესე? |
27 |
მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო
დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო. |
27 |
ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და
მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. |
28 |
ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი
და სთხოვა, შემოდიო. |
28 |
ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ
მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. |
29 |
მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია
გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ
მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. |
29 |
და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი
წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც
ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. |
30 |
სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი
ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი. |
30 |
და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი
შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. |
31 |
ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ
და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. |
31 |
ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და
ჩემი ყოველი შენი არს. |
32 |
ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან
ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა. |
32 |
ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ
ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. |