ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლუკას სახარება

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.

1 და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.
2 ზოგიერომა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 2 ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?
3 ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 3 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,
4 როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 4 ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო?
5 და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. 5 და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
6 ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. 6 და იყო სხუასაცა შაბათსა, და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენე განჴმელ ედგა.
7 უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის. 7 უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.
8 მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა. 8 ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.
9 და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? 9 და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ მოკლვაჲ?
10 გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე. 10 და მიხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი, ვითარცა სხუაჲ იგი.
11 ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვუყოთ იესოსო. 11 ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲ იესუს.
12 მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა. 12 და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
13 ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა: 13 და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:
14 სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, 14 სიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე.
15 მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული, 15 მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე,
16

იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.

16 და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ.
17 ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,
18 რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
19 მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.
20 ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;
21 ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
22 ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.
23 იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
24 მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში. 24 ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი.
25 ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით; 25 ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.
26 ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები. 26 ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
27 ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ; 27 არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა.
28 აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის. 28 და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
29 ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც. 29 რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.
30 ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ. 30 ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.
31

როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.

31 და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.
32 თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ. 32 და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
33 და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან. 33 და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
34 თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც. 34 და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.
35 ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. 35 ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა.
36 მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი. 36 იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.
37 ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ; 37 ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ.
38 გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. 38 მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.
39 უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან? 39 ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ჴელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳენ?
40 არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი. 40 არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი.
41 რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? 41

რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი?

42

ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.

42 ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დჳრესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
43 ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი. 43 რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.
44 რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს. 44 რამეთუ თითოეული ხჱ თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი.
45 კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე. 45 კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირნი მისი.
46 რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? 46 რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?
47 ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს: 47 ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყვათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს.
48 ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 48 მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
49 ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის. 49 ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.