1 |
ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის
სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი. |
1 |
და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად,
ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. |
2 |
და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და
სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც
გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, |
2 |
და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან
არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან
შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. |
3 |
იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა
მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას. |
3 |
იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და
სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა. |
4 |
ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების
მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით: |
4 |
ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და
ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით: |
5 |
გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი
მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი. |
5 |
გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას
მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა
შეჭამეს იგი. |
6 |
ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა,
ვინაიდან სინესტე აკლდა. |
6 |
და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა,
რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. |
7 |
ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და
ერთიანად მოაშთო ყველა. |
7 |
და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი
და შეაშთვეს იგი. |
8 |
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც
გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! |
8 |
და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო
ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. |
9 |
მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი? |
9 |
ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე? |
10 |
ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ
იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა. |
10 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა
ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ
გულისჴმა-ყონ. |
11 |
აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა; |
11 |
ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. |
12 |
გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და
იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ; |
12 |
ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის
სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ. |
13 |
კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე
სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო
განსაცდელის ჟამს განდგებიან; |
13 |
ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს
ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ,
რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან. |
14 |
ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც
ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური
განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან. |
14 |
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა
ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის
სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან. |
15 |
პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც
ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც
გამოაქვთ მოთმინებით. |
15 |
ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან,
რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და
ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა. |
16 |
არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ
სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს, |
16 |
არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან,
არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ. |
17 |
ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც
რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. |
17 |
რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა
საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს. |
18 |
მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას
მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა. |
18 |
იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს
მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს,
მო-ვე-ეღოს მას. |
19 |
მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ
ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა. |
19 |
მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო
შემთხუევად მისა ერისა მისგან. |
20 |
და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და
შენი ნახვა სურთ. |
20 |
უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე
დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს. |
21 |
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები
ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას. |
21 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე
არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი. |
22 |
მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა
ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს. |
22 |
და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და
მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და
აღვიდეს. |
23 |
ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და
ჩაძირვას უქადდა მათ. |
23 |
და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა
არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს. |
24 |
მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო,
ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და
სიმყუდროვემ დაისადგურა. |
24 |
და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ,
წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა
წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი. |
25 |
და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი,
დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი,
ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას? |
25 |
და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ
შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა
უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას? |
26 |
და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა. |
26 |
და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს
წიაღკერძო გალილეასა. |
27 |
ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი,
რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ
ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში. |
27 |
და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა
კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა
შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. |
28 |
იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და
შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები,
ნუ მტანჯავ მე. |
28 |
და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა
მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა
მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. |
29 |
რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ
კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და
ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი,
უდაბნოში გარბოდა. |
29 |
რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა
მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და
საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა
მისგან უდაბნოთა. |
30 |
ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო:
ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. |
30 |
ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა:
ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა. |
31 |
ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო. |
31 |
და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა
შთასლვაჲ. |
32 |
იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ:
ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ. |
32 |
და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და
ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან
უბრძანა მათ. |
33 |
გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ
მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო. |
33 |
და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა
მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს. |
34 |
ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. |
34 |
ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და
შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. |
35 |
გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა
იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე,
ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ. |
35 |
და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს
იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ
იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა. |
36 |
ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული. |
36 |
რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა
ეშმაკეული. |
37 |
გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ,
ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე
გამობრუნდა. |
37 |
და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო
სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა
დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე. |
38 |
ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან
წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა: |
38 |
ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ
იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: |
39 |
დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა.
ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ. |
39 |
მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ
ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო
მისთჳს იესუ. |
40 |
მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა,
ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას. |
40 |
და იყო მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან
მან, რამეთუ ყოველნივე მოელოდეს მას. |
41 |
და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის
წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო. |
41 |
და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე
მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და
ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა. |
42 |
რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და
ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს. |
42 |
რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის
წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა. |
43 |
ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით
იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ
ვერავის განეკურნა, |
43 |
და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით
წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის
განეკურნა. |
44 |
უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე
შეუწყდა სისხლის დენა. |
44 |
და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა
მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ. |
45 |
და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა
თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ
შემეხოო? |
45 |
და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს
ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და
შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? |
46 |
მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი,
რომ ძალა გავიდა ჩემგან. |
46 |
ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი,
განსრული ჩემგან. |
47 |
რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა,
ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ
განიკურნა. |
47 |
და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა
ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე
ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. |
48 |
ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ
გიხსნა: წადი მშვიდობით. |
48 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან
შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით! |
49 |
ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის
წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს. |
49 |
და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა
შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ
დააშრობ მოძღუარსა. |
50 |
მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ
მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. |
50 |
ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა
გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი. |
51 |
ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად
შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა. |
51 |
და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად
მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ. |
52 |
ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ
ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. |
52 |
სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ:
ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. |
53 |
ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა. |
53 |
ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ
იყო. |
54 |
ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა:
პატარავ, აღდეგ; |
54 |
და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის
და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ! |
55 |
მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა,
საჭმელი მიეცათ მისთვის. |
55 |
და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა,
რაჲთა სცენ მას ჭამადი. |
56 |
მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ,
არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა. |
56 |
და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო
მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი. |