1 |
და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს
ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
|
1 |
და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და
სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. |
2 |
კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას
მივიდნენ სამარხთან. |
2 |
და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა
მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა. |
3 |
და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? |
3 |
და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი
კარისა მისგან საფლავისა? |
4 |
მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან
დიდი იყო. |
4 |
და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი
იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. |
5 |
შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი,
თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. |
5 |
და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე
მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. |
6 |
ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო
ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. |
6 |
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ
ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს
იგი. |
7 |
მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ
წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. |
7 |
არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს,
ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა
გრქუა თქუენ. |
8 |
გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და
ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ. |
8 |
და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ
საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს,
რამეთუ ეშინოდა. |
9 |
ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო
პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. |
9 |
ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს
მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. |
10 |
ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. |
10 |
იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. |
11 |
მათ კი, თუმცა გაიგეს, რთმ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. |
11 |
და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. |
12 |
ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ
მიდიოდნენ. |
12 |
ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა,
მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა. |
13 |
ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. |
13 |
და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი
ჰრწმენა. |
14 |
დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო
მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი
იხილა იგი. |
14 |
უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და
აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს
აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. |
15 |
და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ
სახარება ყველა ქმნილებას. |
15 |
და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ
სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. |
16 |
ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. |
16 |
რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. |
17 |
ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი:
ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. |
17 |
ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა
ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, |
18 |
აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ
ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. |
18 |
გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან,
არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან. |
19 |
ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და
დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. |
19 |
ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა
ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. |
20 |
ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის
შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით,
ამინ. |
20 |
ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა
უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი
შეუდგეს მას სასწაულნი. |