1 |
ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს
თავთავების კრეფა და ჭამა.
|
1 |
მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა
შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. |
2 |
ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი
მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს. |
2 |
ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა
მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. |
3 |
ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა
დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც? |
3 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო
დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? |
4 |
როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური,
რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და
რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ? |
4 |
ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი
შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა
მათ, გარნა მღდელთა ხოლო? |
5 |
არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები
ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან? |
5 |
ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა
მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? |
6 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც
უმეტესია. |
6 |
ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა. |
7 |
რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა
მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ. |
7 |
უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა
მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. |
8 |
რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. |
8 |
უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. |
9 |
წამოვიდა იქიდან იესო და შევიდა მათ სინაგოგაში. |
9 |
და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. |
10 |
და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ
მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს? |
10 |
და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ რაჲთამცა შეასმინეს იგი. |
11 |
ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და
შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას?
|
11 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და
შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? |
12 |
ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება
შაბათ დღეს სიკეთის ქმნა. |
12 |
რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს
შაბათსა შინა კეთლისა საქმე. |
13 |
და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა
და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე. |
13 |
მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან
განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი. |
14 |
ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის
წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. |
14 |
ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს,
რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. |
15 |
მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან
მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა. |
15 |
და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. |
16 |
და უბრძანა მათ, არ გამთქვათო. |
16 |
და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი. |
17 |
რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ,
რომელიც ამბობს: |
17 |
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ,
რომელსა იტყჳს: |
18 |
აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი,
რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს
ხალხებს. |
18 |
აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი
ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი
წარმართთა მიუთხრას. |
19 |
არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს
ქუჩებში მის ხმას. |
19 |
არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა
ზედა ჴმაჲ მისი. |
20 |
მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ
დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს. |
20 |
ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე
არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. |
21 |
და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
|
21 |
და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ. |
22 |
მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და
განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა. |
22 |
მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და
განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. |
23 |
უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო? |
23 |
და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე
დავითისი? |
24 |
ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს
აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო. |
24 |
ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა
განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. |
25 |
მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა
მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და
ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. |
25 |
იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ:
ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი
ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. |
26 |
თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს
განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო? |
26 |
და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა
განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? |
27 |
და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი
შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი
მსაჯულნი. |
27 |
და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი
თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ. |
28 |
ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც
თქვენამდე ღმრთის სასუფეველს. |
28 |
უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა,
მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. |
29 |
ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და
გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ
თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას. |
29 |
ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და
ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და
მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს. |
30 |
ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა
კრებს, - ფანტავს. |
30 |
რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი
არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. |
31 |
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის
გმობა არ მიეტევება მათ.
|
31 |
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს
კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. |
32 |
ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება
მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება
მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. |
32 |
და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას;
ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას
სოფელსა, არცა მერმესა მას. |
33 |
ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან
სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა
ხე. |
33 |
ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ
ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ
არს. |
34 |
იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ,
კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. |
34 |
ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა
სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი
იტყჳნ. |
35 |
კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ
კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. |
35 |
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი,
და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. |
36 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის,
რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. |
36 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი
რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. |
37 |
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე
სიტყვებით განიკითხები. |
37 |
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა
შენთაგან დაისაჯო. |
38 |
მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას:
მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან. |
38 |
მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და
ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. |
39 |
ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა
სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა
წინასწარმეტყველის სასწაულისა. |
39 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და
მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი
იონა წინაწარმეტყუელისაჲ. |
40 |
ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და
სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს. |
40 |
რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე
და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ
ღამე. |
41 |
ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას,
ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.
|
41 |
კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის
თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა
ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა. |
42 |
სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან
ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის
სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. |
42 |
დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა
ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის
თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა
სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. |
43 |
როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო
ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას. |
43 |
ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან,
მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. |
44 |
და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც
გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს. |
44 |
მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და
მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. |
45 |
მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე
უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე
უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც. |
45 |
მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი
სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის
უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა
უკუეთურსა. |
46 |
და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები
გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას. |
46 |
და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ
მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. |
47 |
მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები
გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ. |
47 |
მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი
დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. |
48 |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ
არიან ჩემი ძმები? |
48 |
ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ
ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? |
49 |
გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა,
დედაჩემი და ჩემი ძმები. |
49 |
და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა
დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! |
50 |
რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია
ძმაც, დაც და დედაც ჩემი. |
50 |
რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი
არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი. |