1 |
იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა.
|
1 |
მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა. |
2 |
და შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში
შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალნი ნაპირზე იდგა. |
2 |
და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად
და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა. |
3 |
ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა,
გამოვიდა მთესავი თესვად. |
3 |
და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა
მთესვარი თესვად. |
4 |
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და
მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. |
4 |
და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და
მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. |
5 |
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა,
და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. |
5 |
და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ
ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, |
6 |
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ
ჰქონდა, გახმა. |
6 |
მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს,
განჴმა. |
7 |
ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და
ერთიანად მოაშთო ყველა. |
7 |
და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს
ეკალნი და შეაშთვეს იგი. |
8 |
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო:
ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი. |
8 |
და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა
ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა. |
9 |
ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს! |
9 |
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
10 |
მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით? |
10 |
და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? |
11 |
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის
საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ
არ მისცემია. |
11 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ,
ხოლო მათდა არა მიცემულ არს. |
12 |
რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც
არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. |
12 |
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა
არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. |
13 |
იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას
ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა. |
13 |
ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ,
ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. |
14 |
და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი,
რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ
დაინახავთ. |
14 |
და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი
ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა
იხილოთ. |
15 |
რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ
თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ
მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი. |
15 |
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურთა მძიმედ
ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა
ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი. |
16 |
ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ
ისმენენ. |
16 |
ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. |
17 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და
მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის,
რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს. |
17 |
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და
მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და
სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. |
18 |
მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი: |
18 |
ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. |
19 |
ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის
იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის
პირას რომ დაითესა. |
19 |
ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა
გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან
მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. |
20 |
ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს
სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას. |
20 |
ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს:
რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი. |
21 |
მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და
როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება. |
21 |
ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და
რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი. |
22 |
ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს
სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და
უნაყოფოს ხდიან მას. |
22 |
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან
სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან
სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. |
23 |
პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და
კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი
სამოცად თუ ერთი ოცდაათად. |
23 |
ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს:
რომელმან სიტყუაჲ იგი ისმისა და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და
ყო რომელმანმე ასე, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოც და ათი. |
24 |
სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი
მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში. |
24 |
სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი
ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. |
25 |
ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.
|
25 |
და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და
დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. |
26 |
როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც
მაშინ იჩინა თავი. |
26 |
და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ
გამოჩნდა ღუარძლი იგი. |
27 |
მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ
ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი? |
27 |
მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და
ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ
აღმოსცენდა ღუარძლი? |
28 |
ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს:
თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას. |
28 |
ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ
ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? |
29 |
მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც
არ მიაყოლოთ. |
29 |
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა
აღმოჰფხურათ იფქლიცა. |
30 |
აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ
მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი
წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში. |
30 |
აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე
მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი
იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ
საუნჯესა ჩემსა. |
31 |
სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი
მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში; |
31 |
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს
სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა
თჳსსა მტილსა, |
32 |
ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა,
ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის
ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ. |
32 |
რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს
აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ,
ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა. |
33 |
მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია
საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე
მთელი ცომი არ აფუვდა. |
33 |
მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს
სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა
სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად. |
34 |
ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა
იგავისა არაფერს ეტყოდა მათ. |
34 |
ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ. |
35 |
რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც
ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია
ქვეყნის დასაბამიდან. |
35 |
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ
თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან
სოფლისაჲთ. |
36 |
მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა.
მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის
იგავი. |
36 |
მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს
მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ
და აგარაკისაჲ. |
37 |
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
|
37 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა
კეთილსა, ძე კაცისაჲ არს; |
38 |
ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან,
ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. |
38 |
ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი
კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი
უკეთურისანი. |
39 |
ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის
დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. |
39 |
ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და
მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. |
40 |
როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე
იქნება ქვეყნის დასასრულს. |
40 |
ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ
იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. |
41 |
რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და
შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ. |
41 |
რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და
შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი |
42 |
და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და
კბილთა ღრჭიალი. |
42 |
და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს
ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. |
43 |
მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის
სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს! |
43 |
მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა
მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
44 |
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული
განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა
ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა. |
44 |
კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა
კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა
აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. |
45 |
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა,
რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. |
45 |
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი
ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა. |
46 |
და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის
ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას. |
46 |
და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა
და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი. |
47 |
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც
ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს; |
47 |
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა,
რომელი დსვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის. |
48 |
ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და
ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან. |
48 |
და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დაასხიან
და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან. |
49 |
ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ
უკეთურთ; |
49 |
ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ
ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა |
50 |
და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და
კბილთა ღრჭიალი. |
50 |
და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ
იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. |
51 |
ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ
მიუგეს: დიახ, უფალო. |
51 |
ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი?
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. |
52 |
ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც
ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი
საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. |
52 |
და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული
სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან
გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი. |
53 |
და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა. |
53 |
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. |
54 |
მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე
რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? |
54 |
და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა
შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა
სიბრძნე ესე და ძალი? |
55 |
განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა
ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? |
55 |
ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა
ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? |
56 |
და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა
ყოველივე ეს? |
56 |
და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე
არს ამისა ესე ყოველი? |
57 |
და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის
წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში. |
57 |
და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს
წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა. |
58 |
და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების
გამო. |
58 |
და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს. |