1 |
მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს:
|
1 |
მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: |
2 |
რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას?
ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას. |
2 |
რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა
ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. |
3 |
ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა
არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? |
3 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა
გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? |
4 |
ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და
დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. |
4 |
რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა
შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით
მოკუედინ. |
5 |
ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან
დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, - |
5 |
ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა
დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, |
6 |
პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად,
თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას. |
6 |
და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა
დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა. |
7 |
თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის
ესაიამ, რომელმაც თქვა: |
7 |
ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და
თქუა: |
8 |
ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა
ჩემგან. |
8 |
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა
მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან; |
9 |
ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ
მოძღვრებებსა და მცნებებს. |
9 |
ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და
მცნებასა კაცთასა. |
10 |
მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ: |
10 |
და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: |
11 |
პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს
კაცს.
|
11 |
არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. |
12 |
მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი,
რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ? |
12 |
მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას:
უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს? |
13 |
ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას,
ძირფესვიანად აღმოიფხვრება. |
13 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი,
რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას. |
14 |
მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი;
ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. |
14 |
უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი
ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან. |
15 |
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი. |
15 |
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე
ესე. |
16 |
ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? |
16 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? |
17 |
ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს
გაივლის და გარეთ გამოვა. |
17 |
და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით,
მუცლად შევალს და განსავალით განვალს? |
18 |
ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის
ბილწავს კაცს. |
18 |
ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი
შეაგინებს კაცსა. |
19 |
ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი,
კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი; |
19 |
რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი,
კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. |
20 |
ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა
არ ბილწავს კაცს. |
20 |
ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა
ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა. |
21 |
წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს.
|
21 |
და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და
სიდონისათა. |
22 |
და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული,
მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული
საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. |
22 |
და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან
გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ
ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. |
23 |
ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და
სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. |
23 |
ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი
იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. |
24 |
ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ
მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. |
24 |
ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა
ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. |
25 |
ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე! |
25 |
ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა:
უფალო, შემიწყალე მე! |
26 |
ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და
ძაღლებს მიუგდო პური. |
26 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად
პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. |
27 |
ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ
პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს. |
27 |
ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ
ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა. |
28 |
მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი
რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე
წამს. |
28 |
მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს
სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული
იგი მისი მიერ ჟამითგან. |
29 |
წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას,
მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. |
29 |
და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას
გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. |
30 |
და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი,
ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და
მანაც განკურნა ისინი; |
30 |
და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა
მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი
თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და
განკურნნა იგინი, |
31 |
ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ
საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
|
31 |
ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი
იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი
ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა. |
32 |
ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს
ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ
მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. |
32 |
ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის
ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს,
რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ
გზასა ზედა. |
33 |
უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი
პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ? |
33 |
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა
ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი? |
34 |
ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ
მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი. |
34 |
ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს
მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. |
35 |
მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. |
35 |
და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. |
36 |
აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და
მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს. |
36 |
და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და
მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. |
37 |
ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი
კალათი. |
37 |
ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი
შჳდი სფჳრიდი სავსე. |
38 |
ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების
გარდა. |
38 |
ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო,
თჳნიერ ყრმებისა და დედებისა. |
39 |
და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა
მაგდალას საზღვარს. |
39 |
და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა
საზღვართა მაგდალოჲსათა. |