1 |
და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა:
|
1 |
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: |
2 |
თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე
კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად. |
2 |
უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე
კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად? |
3 |
მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის
უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე. |
3 |
მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და
მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა |
4 |
და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ
იგი. |
4 |
და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან. |
5 |
მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი
არ ამბოხდესო. |
5 |
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი
იქმნეს ერსა შორის. |
6 |
ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში, |
6 |
ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, |
7 |
მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა
ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს. |
7 |
მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი
ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით
მჯდომარესა. |
8 |
ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს:
რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? |
8 |
ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს:
რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? |
9 |
ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და
გლახაკთათვის მიგვეცა ფული. |
9 |
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად
გლახაკთა. |
10 |
მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე
მიყო: |
10 |
ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას?
რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. |
11 |
ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. |
11 |
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. |
12 |
ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა. |
12 |
რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და
დასაფლველად ჩემდა ყო. |
13 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება,
ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. |
13 |
ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა
სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა. |
14 |
მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად
წოდებული, მღვდელმთავრებთან |
14 |
მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა
იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ |
15 |
და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას
მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი. |
15 |
და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?
ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი. |
16 |
და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.
|
16 |
და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ. |
17 |
ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან
და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? |
17 |
ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი
იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? |
18 |
მან კი თქვა: წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით:
მოძღვარი ამბობს: მოაწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან
ერთად. |
18 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და
არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო
პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით. |
19 |
მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და
მოუმზადეს პასექი. |
19 |
და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და
მოუმზადეს პასქაჲ იგი. |
20 |
და მწუნრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. |
20 |
და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ
თანა. |
21 |
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით:
ერთი თქვენგანი გამცემს მე. |
21 |
და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ:
ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. |
22 |
ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო
კითხვა: მე ხომ არა, უფალო? |
22 |
და იგინი შეწუხნეს ფრიად, და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან
სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? |
23 |
ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს
ჯამში, ის გამცემს მე. |
23 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ
თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე. |
24 |
და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის:
მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ
შობილიყო ის კაცი. |
24 |
ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო
ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა
თუმცა შობილ იყო კაცი იგი. |
25 |
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი. |
25 |
მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე
ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. |
26 |
და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა,
გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. |
26 |
და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა
და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე
არს ჴორცი ჩემი. |
27 |
აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით
ყველამ: |
27 |
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა:
სუთ ამისგან ყოველთა: |
28 |
ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის
დათხეული ცოდვათა მისატევებლად. |
28 |
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს
დათხეული მისატევებელად ცოდვათა. |
29 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ
ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს
მამაჩემის სასუფეველში. |
29 |
ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან
ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა
ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა. |
30 |
იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. |
30 |
და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. |
31 |
მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან
დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.
|
31 |
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ
ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და
განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. |
32 |
ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ. |
32 |
ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ
გალილეას. |
33 |
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო,
მე არასოდეს შევცდები. |
33 |
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდნენ
შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავჰბრკოლდე. |
34 |
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის
ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე. |
34 |
ჰრქუა მას იესუ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა,
ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე. |
35 |
მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა,
არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე. |
35 |
ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ
თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს |
36 |
მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც
ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ. |
36 |
მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან
გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. |
37 |
თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება
და ურვა. |
37 |
და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო
მწუხარებად და ურვად. |
38 |
მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე
სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. |
38 |
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე
სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა. |
39 |
ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და
ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც
მე მნებავს, არამედ - როგორც შენ. |
39 |
და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა
და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან
სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. |
40 |
მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და
უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად? |
40 |
და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და
ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? |
41 |
იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული
მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. |
41 |
იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა;
სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ. |
42 |
მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო!
თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება
შენი. |
42 |
კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო,
უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა
შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი. |
43 |
მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები
დამძიმებოდათ. |
43 |
და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ
იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ. |
44 |
მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე
სიტყვები წარმოთქვა. |
44 |
და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა
და მასვე სიტყუასა იტყოდა. |
45 |
მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად
გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა
მიეცემა ცოდვილთა ხელში. |
45 |
მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან
და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის
ჴელთა ცოდვილთასა. |
46 |
ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.
|
46 |
აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი
ჩემი |
47 |
სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, იუდა, ერთი
თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და
წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან. |
47 |
და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი
ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა
მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. |
48 |
ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც
მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი. |
48 |
ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა:
რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი. |
49 |
მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და
ეამბორა. |
49 |
და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ!
და ამბორს-იყო მას. |
50 |
ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ
მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი. |
50 |
ხოლო იესუ ჰრქუა: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ?
მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი. |
51 |
და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი
იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. |
51 |
და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი
და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. |
52 |
მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც
ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. |
52 |
მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა,
რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. |
53 |
ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას
ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. |
53 |
ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა
ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა
ანგელოზთაჲ? |
54 |
როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? |
54 |
და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს
ყოფად? |
55 |
მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და
წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ
შეგიპყრივართ მე. |
55 |
მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა
გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა
ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე. |
56 |
ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი
წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა. |
56 |
ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი
წინაწარმეტყუელთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს |
57 |
ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა
მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი. |
57 |
ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა
მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ
იყვნეს. |
58 |
პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას:
შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული. |
58 |
ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე
მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად
აღსასრულისა. |
59 |
ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ
მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, |
59 |
ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი
კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, |
60 |
მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული.
ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე, |
60 |
და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს
ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი |
61 |
რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ
ავაშენოო. |
61 |
და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად
ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. |
62 |
მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს
იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ? |
62 |
მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას
მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ? |
63 |
მაგრამ იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ
ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა? |
63 |
ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას:
გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე,
ძე ღმრთისაჲ? |
64 |
უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან
მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის
ღრუბლებით. |
64 |
ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ, ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან
იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა
თანა ცისათა. |
65 |
მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან
ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი? |
65 |
მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და
თქუა, ვითარმედ: გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა
გმობაჲ მაგისი. |
66 |
რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია. |
66 |
რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ
არს სიკუდილისა. |
67 |
მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას
აწნავდნენ |
67 |
მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა
მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს |
68 |
და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ
დაგარტყა შენ? |
68 |
და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს,
რომელმან გცა შენ? |
69 |
პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და
უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი? |
69 |
ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი
მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. |
70 |
ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას
ამბობ. |
70 |
ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი,
რასა იტყჳ. |
71 |
და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და
იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო. |
71 |
და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან
და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. |
72 |
ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო. |
72 |
და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა
ვიცი კაცი იგი. |
73 |
ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს:
ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს. |
73 |
და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი
პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა
შენი გამოგაჩინებს შენ. |
74 |
მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს,
და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა. |
74 |
მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი
იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. |
75 |
გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე
სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. |
75 |
და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა
მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა
გარე და ტიროდა მწარედ. |