1 |
ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად.
|
1 |
მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას
ჰურიასტანისასა |
2 |
და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა
სასუფეველი. |
2 |
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი
ცათაჲ. |
3 |
რადგან ეს არის, ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის
მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი
ბილიკნი. |
3 |
რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია
წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა:
განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. |
4 |
ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა
ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. |
4 |
ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან
აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი
და თაფლი ველური. |
5 |
მაშინ გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი
შემოგარენი იორდანესი. |
5 |
მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და
გარემო სოფლები იორდანისაჲ. |
6 |
ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ
ცოდვებს. |
6 |
და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს
ცოდვათა მათთა. |
7 |
როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი
და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო
მომავალ რისხვას? |
7 |
და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი,
მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ
გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? |
8 |
მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა. |
8 |
ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, |
9 |
ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად
გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ
ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. |
9 |
და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ
აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად
ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. |
10 |
ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ
ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
|
10 |
რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა
გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. |
11 |
მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია,
ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით. |
11 |
მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს,
უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან
ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. |
12 |
მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს,
და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს. |
12 |
რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და
შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა. |
13 |
მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან,
რათა მონათლულიყო მისგან. |
13 |
მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა
ნათლის-ღებად მისგან. |
14 |
იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან
მონათვლა და შენ მოდინარ ჩემთან? |
14 |
ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ
ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა? |
15 |
ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან
ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი. |
15 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის
ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას. |
16 |
და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და
იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. |
16 |
და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას
ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა
მას ზედა. |
17 |
და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი
საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. |
17 |
და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი,
რომელი მე სათნო-ვიყავ. |