1 |
ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი.
|
1 |
და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას
მოწაფენი მისნი. |
2 |
განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: |
2 |
და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა: |
3 |
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა
სასუფეველი. |
3 |
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს
სასუფეველი ცათაჲ. |
4 |
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი
იქნებიან. |
4 |
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი
ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. |
5 |
ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ
მიწას. |
5 |
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. |
6 |
ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან
ისინი გაძღებიან. |
6 |
ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის
სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ. |
7 |
ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი
იქნებიან. |
7 |
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. |
8 |
ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს
იხილავენ. |
8 |
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. |
9 |
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის
ძეებად იწოდებიან. |
9 |
ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ
ღმრთისად იწოდნენ. |
10 |
ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. |
10 |
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. |
11 |
ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ
ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
|
11 |
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ
ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. |
12 |
გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური
ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე
უწინარეს იყვნენ. |
12 |
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი
ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს
თქუენსა. |
13 |
თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა,
რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით
სათელად. |
13 |
თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი
განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ
განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. |
14 |
თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის
მწვერვალზე გაშენებული. |
14 |
თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა
დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. |
15 |
როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ,
არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. |
15 |
არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ
სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. |
16 |
დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს
კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. |
16 |
ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი
კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. |
17 |
ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა
წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ
აღსასრულებლად. |
17 |
ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა
წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. |
18 |
რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა
და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე
ყოველივე არ აღსრულდება. |
18 |
ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ,
იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა,
ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. |
19 |
ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს
მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში;
ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში. |
19 |
უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ
და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო
რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა. |
20 |
რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ
აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა
სასუფეველში. |
20 |
ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი
უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. |
21 |
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს
სამართალში უნდა მიეცეს.
|
21 |
გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა;
ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა. |
22 |
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის
ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა,
სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის
გეენაში ჩავარდეს. |
22 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა
თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა
რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა
თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. |
23 |
ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ
გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, |
23 |
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ
მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, |
24 |
დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ
შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი. |
24 |
დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და
მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი
შენი. |
25 |
დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ
გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და
ჩავარდე საპყრობილეში. |
25 |
იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე,
ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან
შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. |
26 |
ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ
გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს. |
26 |
ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე
უკუანაჲსკნელი კოდრატი. |
27 |
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. |
27 |
გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. |
28 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა
ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში. |
28 |
28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს
დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. |
29 |
თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და
გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი
სხეული ჩავარდეს გეენას. |
29 |
უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი
და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა
შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. |
30 |
ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და
გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი
სხეული ჩავარდეს გეენას. |
30 |
და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე
იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი
ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. |
31 |
ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
|
31 |
თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ
მას განსატევებელი. |
32 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს
სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს,
მრუშობს. |
32 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს
ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან
განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. |
33 |
კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ
ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი. |
33 |
კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა
ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი. |
34 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას,
ვინაიდან ღმერთის ტახტია; |
34 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა,
რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; |
35 |
ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც
იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია. |
35 |
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ;
ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. |
36 |
ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი
ღერი თმის გათეთრება ან გაშავება. |
36 |
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა
თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. |
37 |
არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა;
ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია. |
37 |
არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო
უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს. |
38 |
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი
კბილისა წილ. |
38 |
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი
კბილისა წილ. |
39 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს:
არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას. |
39 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ
რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. |
40 |
და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი,
მიეცი მას მოსასხამიც. |
40 |
და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი,
მიუტევე მას სამოსელიცა შენი. |
41 |
ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
|
41 |
და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა
ორიცა. |
42 |
მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ. |
42 |
და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად
შენგან, ნუ გარე-მიიქცევი. |
43 |
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და
გძულდეს მტერი შენი. |
43 |
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და
მოიძულო მტერი შენი. |
44 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი;
დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ
თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. |
44 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და
აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და
ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. |
45 |
რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი
მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და
უსამართლოთაც. |
45 |
რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა,
რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა
და ცრუთა. |
46 |
რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება
თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? |
46 |
უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი
გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. |
47 |
ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას
სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? |
47 |
და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა
უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა? |
48 |
მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი
ზეციერი მამა. |
48 |
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ
არს. |