1 |
ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ
საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან. |
1 |
ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა;
უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. |
2 |
და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე
ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში,
რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს
თავიანთი საზღაური. |
2 |
ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე
შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა,
რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. |
3 |
ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს
მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, |
3 |
ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ
მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი. |
4 |
რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა,
რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად. |
4 |
რაჲთა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად; და მამამან
შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. |
5 |
ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ,
რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი
მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი
საზღაური. |
5 |
და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი,
რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა
უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. |
6 |
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე
კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს
დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. |
6 |
ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და
დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი
რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. |
7 |
ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად,
რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. |
7 |
და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი
წარმართთაგანი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა
ისმინოს მათი. |
8 |
ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე
სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ. |
8 |
ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან
თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან. |
9 |
ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა
შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. |
9 |
ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ
ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, |
10 |
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. |
10 |
მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა
ზედა. |
11 |
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. |
11 |
პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს |
12 |
და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს
მოვალეთა. |
12 |
და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ
მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, |
13 |
და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ
ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ. |
13 |
და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ
ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა
მიმართ. ამენ. |
14 |
თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც
მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. |
14 |
რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი,
მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. |
15 |
ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც
თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. |
15 |
ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა
მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. |
16 |
და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ
ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე
მიიღეს თავიანთი საზღაური. |
16 |
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ
განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ:
მიუღებიეს სასყიდელი მათი. |
17 |
ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი
შენი. |
17 |
ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე
პირი შენი, |
18 |
რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში
მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ
ცხადად. |
18 |
რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა
დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. |
19 |
ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც
მპარავნი თხრიან და იპარავენ.
|
19 |
ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან
და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. |
20 |
არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი
და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ
იპარავენ. |
20 |
ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა
მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და
განიპარიან. |
21 |
ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული
თქვენი. |
21 |
რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული
თქუენი. |
22 |
სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა,
ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. |
22 |
სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი
განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. |
23 |
ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი
სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი? |
23 |
უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ
იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე? |
24 |
არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს
შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს
შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. |
24 |
ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი
მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი
შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. |
25 |
ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი
სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით
შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული -
უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი? |
25 |
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს,
რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა
სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა? |
26 |
შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც
ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა
სჯობიხართ ფრინველთ? |
26 |
მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა
მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ.
არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? |
27 |
ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? |
27 |
ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად
ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ? |
28 |
ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ
იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ. |
28 |
და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი
ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. |
29 |
მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი
დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. |
29 |
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას
დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. |
30 |
ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს
შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ
მორწმუნენო? |
30 |
უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე
თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა,
მცირედ-მორწმუნენო? |
31 |
ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით
შევიმოსოთო? |
31 |
ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ
რაჲ შევიმოსოთ? |
32 |
ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან
მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. |
32 |
რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის
მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. |
33 |
მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე
მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. |
33 |
ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და
სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. |
34 |
ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ
იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი. |
34 |
ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა
თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი. |