ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის. |
1 | ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად. |
2 | ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად. | 2 | ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით. |
3 | ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. | 3 | რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს, |
4 | რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. | 4 | რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. |
5 | მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“. | 5 | რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა. |
6 | ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. | 6 | ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესრეთ იტყჳს: ნუ იტყჳ გულსა შენსა: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს, ქრისტესი გარდამოყვანებაჲ. |
7 | ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. | 7 | ანუ: ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს, ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ. |
8 | მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ. | 8 | არამედ რასა იტყჳს: მახლობელ შენდა არს სიტყუაჲ ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ, |
9 | რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები. | 9 | ვითარმედ აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე. |
10 | ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის. | 10 | რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად. |
11 | რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“. | 11 | რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს. |
12 |
ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი. |
12 | რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას. |
13 | რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. | 13 | რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს. |
14 | მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად? | 14 | ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა? |
15 | და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ | 15 | ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობია! |
16 | მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“ | 16 | არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? |
17 | ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან. | 17 | აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა. |
18 | მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ. | 18 | არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი. |
19 | კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“. | 19 | არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა ცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ. |
20 | ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“. | 20 | ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს. |
21 | ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“. | 21 | ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა. |