ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე? |
1 | რაჲ-მე უკუე ვთქუათ? იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად? |
2 | თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე. | 2 | უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ. |
3 | ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“. | 3 | რასა უკუე იტყჳს წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ. |
4 | ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით. | 4 | ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანა-ნადებით. |
5 | იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება. | 5 | ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. |
6 | ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს. | 6 | ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა: |
7 | ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი. | 7 | ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი; |
8 | ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას. | 8 | ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ. |
9 | მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა. | 9 | აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთილებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. |
10 | როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს. | 10 | ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაუცუეთილებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთილებასა. |
11 | და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ; | 11 | და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა, რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ. |
12 | ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა. | 12 | და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა. |
13 | ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით. | 13 | რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა. |
14 |
რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა. |
14 | რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი. |
15 | ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა. | 15 | რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ. |
16 | მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა. | 16 | ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ, არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, |
17 | როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს. | 17 | ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა. |
18 | უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“. | 18 | რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრე იყოს ნათესავი შენი. |
19 | არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი; | 19 | და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თჳსი, - რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, - და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი. |
20 | არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს. | 20 | ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა |
21 | რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც. | 21 | და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა. |
22 | ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ. | 22 | ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ. |
23 | თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო, | 23 | ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ, |
24 | არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო, | 24 | არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით, |
25 | რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად. | 25 | რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს. |