ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, |
1 | აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, |
2 | ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით; | 2 | რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა. |
3 | და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, | 3 | არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, |
4 | მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სასოებას, | 4 | ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა. |
5 | სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. | 5 | ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა. |
6 | ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის. | 6 | რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა. |
7 | მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი. | 7 | რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი. |
8 | მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. | 8 | ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა. |
9 | მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას. | 9 | რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! |
10 | რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით. | 10 | უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა! |
11 |
და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება. |
11 | არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ. |
12 | ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა. | 12 | ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს. |
13 | რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. | 13 | რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა. |
14 | თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი. | 14 | არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ. |
15 | მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით. | 15 | არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა! |
16 | და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად. | 16 | და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად. |
17 | რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ. | 17 | რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა. |
18 | ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი. | 18 | ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა. |
19 | რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი. | ||
19 | რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი, | 20 | რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი, |
20 | რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. | 21 | რაჲთა, ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. |