1 |
ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე
იესოში. |
1 |
არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ
ვლენან, არამედ სულისაებრ? |
2 |
რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა
და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. |
2 |
რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ
განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა. |
3 |
რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო,
ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო,
რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის. |
3 |
რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო
ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა
და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა. |
4 |
და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში,
რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად. |
4 |
რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის,
რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად. |
5 |
რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი -
სულისას. |
5 |
რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ,
ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა. |
6 |
ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი -
სიცოცხლე და მშვიდობა. |
6 |
რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ
იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა. |
7 |
იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ
ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. |
7 |
რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ
შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც. |
8 |
ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს. |
8 |
რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა
სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც. |
9 |
ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ -
სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს
სული არა აქვს, იგი არც არის მისი. |
9 |
ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ
არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი. |
10 |
ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია
სიმართლისათვის. |
10 |
უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული -
ცხოველ სიმართლისათჳს. |
11 |
და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს
მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც
მკვიდრობს თქვენში. |
11 |
უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის,
რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი
თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა. |
12 |
ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. |
12 |
აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით. |
13 |
რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის
საქმეს, ცოცხალნი იქნებით. |
13 |
რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა
საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ. |
14 |
ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს. |
14 |
რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი. |
15 |
რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის
სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო! |
15 |
რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ
მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო! |
16 |
სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. |
16 |
იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი. |
17 |
ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს
თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ. |
17 |
ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის
თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. |
18 |
რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც
გამოვლინდება ჩვენს მიმართ. |
18 |
რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი
მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ. |
19 |
ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, |
19 |
რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის, |
20 |
იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც
ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, |
20 |
რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი
დაამორჩილა, სასოებით. |
21 |
რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო
ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში. |
21 |
რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა
აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა. |
22 |
რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე. |
22 |
უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე. |
23 |
და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ
შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში. |
23 |
არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს,
თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას
ჴორცთა ჩუენთასა, |
24 |
რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა
სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? |
24 |
რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ
რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ? |
25 |
ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. |
25 |
ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით. |
26 |
ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ
ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. |
26 |
ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი
ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს
სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა. |
27 |
ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი
ღვთის ნებით. |
27 |
ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ,
რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს. |
28 |
ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი,
ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. |
28 |
ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი
ბრძანებით ჩინებულ არიან. |
29 |
რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად,
რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. |
29 |
რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის
ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა; |
30 |
ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი
გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. |
30 |
ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა
განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა. |
31 |
მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? |
31 |
რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ
ჩუენდა? |
32 |
ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა
არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? |
32 |
რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ
უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? |
33 |
ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. |
33 |
ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. |
34 |
ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის
მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. |
34 |
და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს
მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს. |
35 |
რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე
თუ საფრთხე, ანდა მახვილი? |
35 |
ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან
ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: |
36 |
(როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად
განწირულებად“). |
36 |
რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი
კლვადნი. |
37 |
ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. |
37 |
არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, |
38 |
რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც
მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, |
38 |
რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა,
არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, |
39 |
ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის
სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. |
39 |
არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ
განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. |