1 |
კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის
ასისთავი, |
1 |
კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა
ჰრქჳან იტალიკე, |
2 |
კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ,
ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი. |
2 |
კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით
თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა
ღმერთსა მარადის. |
3 |
მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ
შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს! |
3 |
იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ
ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას:
კორნილიე! |
4 |
ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა
გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის
წინაშე მოსახსენებლად. |
4 |
და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა და ჰრქუა მას: ლოცვანი
შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა. |
5 |
მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც
ჰქვია პეტრე. |
5 |
და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს,
რომელსა ჰრქჳან პეტრე. |
6 |
იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის
პირას დგას. |
6 |
ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა
ტაძარი ახს ზღუასა. |
7 |
როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა,
კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს, |
7 |
და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას,
მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე
მდგომელსა მისსა, |
8 |
ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი. |
8 |
და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ. |
9 |
მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს
მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი. |
9 |
და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე
ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, |
10 |
მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი. |
10 |
რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა
განკჳრვებაჲ, |
11 |
და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება
ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას. |
11 |
და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა
დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, |
12 |
მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. |
12 |
რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და
მფრინველნი ცისანი. |
13 |
და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე. |
13 |
და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. |
14 |
ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია
რაიმე ბილწი და უწმინდური. |
14 |
მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა
შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. |
15 |
კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. |
15 |
და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა
ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. |
16 |
ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად. |
16 |
ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად. |
17 |
ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემს მიერ ხილული
ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და
ჭიშკართან შედგნენ. |
17 |
და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე,
რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ
იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა. |
18 |
დაიძახეს და იკითხეს: აქ ხომ არ არის სიმონი, რომელსაც ჰქვია პეტრე? |
18 |
და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი არს აქა? |
19 |
ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: აი, სამი კაცი დაგეძებს. |
19 |
ხოლო პეტრე, ვიდრეღა იგი გულის ზრახვად დგა ჩუენებისა მისთჳს, ჰრქუა მას სულმან
წმიდამან: აჰა-ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ; |
20 |
ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ: ნუღარ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი. |
20 |
არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე
მომივლინებიან იგინი. |
21 |
პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ? |
21 |
გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა:
აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ
ხართ? |
22 |
ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც
ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და
მოისმინოს შენი სიტყვები. |
22 |
ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან,
რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო
ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა. |
23 |
მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ
და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა. |
23 |
ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა
პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა. |
24 |
მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო
მეგობრები შემოეკრიბა. |
24 |
და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი
მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი. |
25 |
როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
|
25 |
და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და
თაყუანის-სცა მას. |
26 |
პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ. |
26 |
ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ. |
27 |
მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული. |
27 |
და იტყოდეს თანად, და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი. |
28 |
და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და
დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად
და უწმინდურად. |
28 |
და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა
მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა
არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად. |
29 |
ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ? |
29 |
ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა
სიტყჳსათჳს მომხადეთ მე. |
30 |
კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ
შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, |
30 |
ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და
მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე
ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა |
31 |
რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი
მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. |
31 |
და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველის საქმენი შენნი მოიჴსენნეს
წინაშე ღმრთისა. |
32 |
მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა
სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას. |
32 |
აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც
სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის
შენ. |
33 |
მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის
წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის. |
33 |
და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა
ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა
მიერ. |
34 |
პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა
მიკერძოება. |
34 |
აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება
ღმრთისა თანა, |
35 |
არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. |
35 |
არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა
არს. |
36 |
მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის
არის ყველას უფალი. |
36 |
სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს
მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ. |
37 |
თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებუღი, იმ ნათლისცემის შემდეგ,
რასაც ქადაგებდა იოანე. |
37 |
თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი
იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე: |
38 |
ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა,
ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან
იყო ღმერთი. |
38 |
იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა,
რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა
ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა. |
39 |
ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და
იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. |
39 |
და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და
იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. |
40 |
მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა, გამოცხადებოდა |
40 |
ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, |
41 |
მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, - ჩვენ, რომელნიც
მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. |
41 |
არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ,
ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა. |
42 |
მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ
განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. |
42 |
და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული
ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. |
43 |
მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა
მიტევებას მისი სახელით. |
43 |
ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა
მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ. |
44 |
პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს
სიტყვა. |
44 |
და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა
ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი, |
45 |
წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც
მიეფინათ სული წმიდის ნიჭი. |
45 |
და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს
თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს, |
46 |
რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ
ღმერთს. |
46 |
რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე
და ჰრქუა: |
47 |
მაშინ პეტრემ თქვა: ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს
სული წმიდა? |
47 |
წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ
მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ? |
48 |
და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე
დარჩენილიყო მათთან. |
48 |
და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა
დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენმე. |