1 |
იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.
|
1 |
მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა |
2 |
და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. |
2 |
და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა. |
3 |
რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს
შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). |
3 |
და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ,
შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. |
4 |
როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ
ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე
გამოეყვანა. |
4 |
და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი
ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად
ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას. |
5 |
ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი
გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. |
5 |
და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ
გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს. |
6 |
იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს
ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები
კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. |
6 |
რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად
ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა
ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. |
7 |
და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა
მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და
ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. |
7 |
და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი
გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი
და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. |
8 |
ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი
ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. |
8 |
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი
შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ
მე. |
9 |
გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი
იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. |
9 |
და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო
ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. |
10 |
პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს
მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს,
მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. |
10 |
და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ
რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა
განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. |
11 |
გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა
თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც
მოელოდნენ იუდეველნი. |
11 |
და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა
ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან
მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა. |
12 |
ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ
და ლოცულობდნენ. |
12 |
გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა
მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს. |
13 |
როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად
როდე. |
13 |
და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი
ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი. |
14 |
პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა
და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.
|
14 |
და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ
შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას. |
15 |
მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი
იქნებაო. |
15 |
ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი
იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს. |
16 |
პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. |
16 |
და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და
განჰკრთეს. |
17 |
ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა
საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და
სხვაგან წავიდა. |
17 |
მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან
გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა
და წარვიდა სხუასა ადგილსა. |
18 |
განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო? |
18 |
და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაჲ იყო ერის კაცთაჲ მათ, ვითარმე: რაიმე
იქმნა პეტრე? |
19 |
ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა
ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა. |
19 |
და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა
მოკლვაჲ მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა. |
20 |
ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად
მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი
ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს. |
20 |
ხოლო იყო ჰეროდე გულ-მწყრალ ტჳრელთა და სიდონელთათჳს. და იგინი მოსრულ იყვნეს
ერბამად მისა და ქველის მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა
მეფისასა, და ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა
სამეუფოჲსაგან მისისა. |
21 |
დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ. |
21 |
და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა საყდარსა
ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. |
22 |
ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო. |
22 |
და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ჴმაჲ არს და არა კაცისაჲ. |
23 |
მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს,
და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა. |
23 |
და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან ამისთჳს, რამეთუ არა მისცა დიდებაჲ
ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს. |
24 |
ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა. |
24 |
რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა. |
25 |
თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ
ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ. |
25 |
ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ
მათი; თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ. |