1 |
ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და
სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე
მანაენი და სავლე. |
1 |
იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი:
ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ,
რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე. |
2 |
უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა
წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე
მათ. |
2 |
და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა
მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა
მე უწოდი მათ. |
3 |
მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ
და გაუშვეს. |
3 |
მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი
მათნი და განუტევნეს. |
4 |
ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში
ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს. |
4 |
ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა,
შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ. |
5 |
სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა
სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას. |
5 |
და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას
ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა
მსახურად. |
6 |
როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ
მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს, |
6 |
და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე,
პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი
ბარიისუ, |
7 |
რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა.
მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა. |
7 |
რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა
პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა
მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა. |
8 |
მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე
ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული. |
8 |
ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ
გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა
სარწმუნოებისაგან. |
9 |
ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა
მას |
9 |
ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას |
10 |
და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და
ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი? |
10 |
და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და
მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა? |
11 |
აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე
თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. |
11 |
და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე
ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა
მძღუარსა. |
12 |
როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. |
12 |
მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა
მოძღურებასა მას ზედა უფლისასა. |
13 |
პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი
ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. |
13 |
წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს
პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე
იერუსალჱმდ. |
14 |
ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ
დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ. |
14 |
და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად
პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს. |
15 |
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის
პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის
სათქმელი, თქვით. |
15 |
და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის
მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ
ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ. |
16 |
წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ! |
16 |
აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და
რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ! |
17 |
ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის
მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
|
17 |
ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას
მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი
მიერ. |
18 |
ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. |
18 |
და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა, |
19 |
ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. |
19 |
და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ
იგი მათი. |
20 |
შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს
წინასწარმეტყველ სამუელამდე. |
20 |
და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე
სამოელ წინაწარმეტყუელისა. |
21 |
მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და
მეფობდა იგი ორმოც წელიწადს. |
21 |
მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი
ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ. |
22 |
ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა
სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად
აღასრულებს ჩემს ნებას“. |
22 |
და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა,
და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ
ჩემი. |
23 |
სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო, |
23 |
მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი
იესუ, |
24 |
ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას. |
24 |
რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა
ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა. |
25 |
ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ;
არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი
შევუხსნა ფეხზე. |
25 |
ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა
იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად
ჴამლთა ფერჴთა მისთასა. |
26 |
კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა,
მოგევლინათ ხსნის სიტყვა. |
26 |
კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის
ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა. |
27 |
ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად,
აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს. |
27 |
რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ
იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა
აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს. |
28 |
და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა
იგი. |
28 |
და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი. |
29 |
ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში
დაასვენეს. |
29 |
და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი
ძელისაგან და დადვეს საფლავსა. |
30 |
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. |
30 |
ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, |
31 |
მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად
ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. |
31 |
რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს
გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ. |
32 |
და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს
და აღგვიდგინა იესო. |
32 |
და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან
აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ. |
33 |
როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“. |
33 |
ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს
მიშობიე შენ. |
34 |
ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე
ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“. |
34 |
ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად,
ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ. |
35 |
ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“. |
35 |
რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი. |
36 |
დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო
თავის მამებს და იხილა ხრწნილება. |
36 |
რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და
შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი. |
37 |
ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება. |
37 |
ხოლო რომელი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი. |
38 |
მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება. |
38 |
უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ
ცოდვათაჲ გეხარების; |
39 |
ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ
გამართლდება ყველა მორწმუნე. |
39 |
და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის
მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების. |
40 |
ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული: |
40 |
იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: |
41 |
„უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ
თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“. |
41 |
იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ
მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ. |
42 |
იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ
შაბათს. |
42 |
და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ
წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ. |
43 |
საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა
პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ,
დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში. |
43 |
და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და
მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და
არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა. |
44 |
მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა. |
44 |
და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას
უფლისასა. |
45 |
ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას,
რასაც ამბობდა პავლე. |
45 |
ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს
სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ. |
46 |
ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის
სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი,
მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ. |
46 |
განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ
ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი
ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ. |
47 |
რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად
ქვეყნის კიდემდე“. |
47 |
რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა,
რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა. |
48 |
ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა
ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის. |
48 |
ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და
ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა. |
49 |
და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში. |
49 |
და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა. |
50 |
მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის
თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს
ისინი. |
50 |
ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის
ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი
საზღვრით მათით. |
51 |
ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს. |
51 |
ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად. |
52 |
მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით. |
52 |
და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა. |