ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფესტუსი მოვიდა სამთავროში და სამი დღის შემდეგ კესარიიდან ავიდა იერუსალიმს. |
1 | ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თჳსსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა იერუსალჱმდ კესარიაჲთ. |
2 | მაშინ მღვდელმთავრები და იუდეველი დიდებულები პავლესადმი წარდგენილი სარჩელის გამო ეახლნენ. | 2 | აუწყეს მას მღდელთ მოძღუარმან და მთავართა ჰურიათამან პავლესთჳს და ევედრებოდეს მას |
3 | შეევედრნენ და სთხოვეს, იერუსალიმში გამოეძახებინა პავლე, რათა გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. | 3 | და ითხოვდეს მადლსა მისთჳს, რაჲთა მოუწოდოს მას იერუსალჱმდ, და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად. |
4 | მაგრამ ფესტუსმა პასუხად თქვა, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და მალე თვითონაც იქ აპირებდა ჩასვლას. | 4 | ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ადრე ჰნებავს მას განსლვაჲ იერუსალჱმით. |
5 | ვისაც შეუძლია, დასძინა მან, წამომყვეს და თუ ამ კაცს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ბრალი დასდოსო. | 5 | აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას. |
6 | რვა თუ ათი დღე დაჰყო მათთან და კესარიაში დაბრუნდა. მეორე დღეს კი სამსჯავრო ტახტზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა. | 6 | იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი. |
7 | როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ. | 7 | და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად. |
8 | ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს. | 8 | რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა სჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე. |
9 | ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო? | 9 | ფესტოს უკუე უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და მუნ ამისთჳს განკითხვაჲ ჩემ წინაშე? |
10 | პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. | 10 | ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაჲ, ჰურიათა არაჲ შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი. |
11 | თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ. | 11 | უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაჲ მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა; უკუეთუ არარაჲ არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ჴელ-ეწიფების მიმადლებაჲ ჩემი მათა, კეისარსა უღაღადებ. |
12 | მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხთვ და კეისართანვე წახვალ. | 12 | მაშინ ფესტოს ზრახვა-ყო თანამზრახველისა თჳსისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხჳდე. |
13 | რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხავად. | 13 | და ვითარცა დღენი რაოდენნიმე წარჴდეს, აღრიპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკითხვად ფესტოჲსა. |
14 | და რაკი კარგა ხანს დარჩნენ იქ, ფესტუსმა პავლეს საქმე გააცნო მეფეს და უთხრა: არის ერთი კაცი, ფელიქსის მიერ პატიმრად დატოვებული, | 14 | და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, |
15 |
რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს. |
15 | რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალჱმს, მითხრეს მე მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს სასჯელსა. |
16 | მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. | 16 | რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ, პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალისა მისთჳს. |
17 | ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე, | 17 | და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაჲ დროჲ ვყავ, ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაჲ კაცისაჲ მის. |
18 | ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი. | 18 | რომლისათჳს წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაჲ ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა; |
19 | სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. | 19 | ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად. |
20 | რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი? | 20 | და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალჱმდ და მუნ განკითხვაჲ ამისთჳს. |
21 | მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი. | 21 | ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე დამარხვაჲ მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა. |
22 | მაშინ აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მეც მინდა ამ კაცს მოვუსმინო. მან კი მიუგო: ხვალვე მოუსმენ მას. | 22 | მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი. |
23 | მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. | 23 | და ხვლისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საუცრებითა. და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე. |
24 | და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო. | 24 | და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე ჰურიათაჲ შემემთხჳა მე იერუსალჱმს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან. |
25 | მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა. | 25 | ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას; და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი. |
26 | თუმცა მის გამო დაბეჯითებით ვერაფერს მივწერ იმპერატორს: ამიტომაც მოვიყვანე თქვენთან, უწინარეს ყოვლისა კი შენს წინაშე, მეფეო აგრიპავ, რათა განკითხვის შემდეგ ის მაინც ვიცოდე, რა მივწერო. | 26 | რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა; ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო. |
27 | რადგანაც უაზრობად მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და ის კი არ ვაუწყო, რას სდებენ ბრალად. | 27 | რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად. |