1 |
პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს. |
1 |
პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. |
2 |
იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე
მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა
მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის. |
2 |
და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით,
რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა,
რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად, |
3 |
როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ
აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ. |
3 |
რომელმან იხილა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად,
და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან. |
4 |
პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა,
შემოგვხედე. |
4 |
მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა
ჩუენდა. |
5 |
მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო. |
5 |
ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან. |
6 |
მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო
რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე. |
6 |
ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო
რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და
ვიდოდე! |
7 |
მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ
გაუმაგრდა ფეხები და სახსრები. |
7 |
და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად
განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი. |
8 |
წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა
ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს. |
8 |
და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა
მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა. |
9 |
მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის
მაქებარს. |
9 |
და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა; |
10 |
იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად;
ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა. |
10 |
იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა
ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა. |
11 |
რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ
„სოლომონის ბჭესთან“. |
11 |
და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა
ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს. |
12 |
ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ
გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი? |
12 |
ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა?
ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა
სლვაჲ მაგისი? |
13 |
აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი
მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა
გაეთავისუფლებინა იგი. |
13 |
ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან,
ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და
უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. |
14 |
მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა
თქვენთვის. |
14 |
ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ
კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა. |
15 |
ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი
მოწმენიც ჩვენ ვართ. |
15 |
ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით,
რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. |
16 |
რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა
სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე. |
16 |
და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა
სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე
თქუენ ყოველთა. |
17 |
თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე,
როგორც თქვენმა მთავრებმა. |
17 |
და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით,
ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა. |
18 |
ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი
წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა. |
18 |
ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა
ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ. |
19 |
მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი
ცოდვები, |
19 |
შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი
თქუენნი, |
20 |
მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და
მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე, |
20 |
რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან
უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ, |
21 |
რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს,
რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით. |
21 |
რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე
კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა
წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა. |
22 |
რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ
წინასწარმეტყველს ადგიღგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც
ის გეტყვით. |
22 |
რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ:
წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა,
ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ. |
23 |
და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს,
ამოიძირკვება ხალხიდან“. |
23 |
და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის
წინასწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან. |
24 |
ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე
გვაუწყებდა ამ დღეებს. |
24 |
და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და
შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ. |
25 |
თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა
რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება
დედამიწის ყოველი ტომი“. |
25 |
რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და
აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა
აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი
ქუეყანისანი. |
26 |
თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ
მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული
თქვენგანი. |
26 |
თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ,
რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი
უკეთურებისაგან თქუენისა. |