1 |
მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?
|
1 |
ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა? |
2 |
ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი
დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში
მის დასახლებამდე, |
2 |
ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი!
ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა
მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: |
3 |
და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი
სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. |
3 |
გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და
მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ. |
4 |
მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა,
ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც
ახლა თქვენ სახლობთ. |
4 |
მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა
ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი
ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ. |
5 |
ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ
აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც,
თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი. |
5 |
და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის
წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა
შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი. |
6 |
და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო
ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს. |
6 |
ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი
შენი ქუეყანასა უცხოსა, და დაიმონებდენ მათ და ძჳრსა უყოფდენ ოთხას წელ. |
7 |
„მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს,
თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება
მე“. |
7 |
და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა
უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას. |
8 |
და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და
წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ
მამამთავარს. |
8 |
და მოსცა მას სჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი და
წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობსა და იაკობმან –
ათორმეტსა მათ მამათმთავართა. |
9 |
მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტემი გაყიდეს იგი;
მაგრამ ღმერთი იყო მასთან. |
9 |
და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო ღმერთი
მის თანა |
10 |
განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა
მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი. |
10 |
და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე
ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა
ზედა სახლსა მისსა. |
11 |
ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ
შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები. |
11 |
იყო სიყმილი ეგჳპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა
ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი. |
12 |
ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პარველად ჩვენი მამები. |
12 |
ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგჳპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი
პირველად. |
13 |
მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი. |
13 |
და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა. და
განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი. |
14 |
გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და
მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული. |
14 |
და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და
ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა. |
15 |
ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც. |
15 |
და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი. |
16 |
გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა
აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.
|
16 |
და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ
სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს. |
17 |
როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა
და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში |
17 |
და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს,
აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა, |
18 |
იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს. |
18 |
ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები. |
19 |
ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა
გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ. |
19 |
ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და
გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხოვნდენ, |
20 |
ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში. |
20 |
რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე
სახლსა შინა მამისა თჳსისასა. |
21 |
ხოლო როდესაც გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა და შვილივით გაზარდა იგი. |
21 |
და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან და განზარდა იგი
თავისა თჳსისა შვილად. |
22 |
განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით. |
22 |
და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაჲთა და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და
საქმითა მისითა. |
23 |
ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია
გულმა. |
23 |
და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად
ძმათა თჳსთა ძეთა ისრაჱლისათა, |
24 |
დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური
იძია. |
24 |
და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა
მეგჳპტელი იგი. |
25 |
ეგონა გაუგებდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ გაუგეს. |
25 |
ჰგონებდა, ვითარმედ გულისჴმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ჴელითა მისითა მოსცეს მათ
ღმერთმან ცხორებაჲ, ხოლო მათ არა გულისჴმა-ყვეს. |
26 |
მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერომანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და
უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს? |
26 |
კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა:
კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას? |
27 |
მაგრამ მოყვასის შეურაცხმყოფელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს
მთავრად და მსაჯულად? |
27 |
ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად
და მსაჯულად ჩუენ ზედა? |
28 |
იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი? |
28 |
ანუ ჩემიცა მოკლვაჲ გნებავს, ვითარცა მოჰკალ გუშინ მეგჳპტელი იგი? |
29 |
ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც
შეეძინა ორი ვაჟი. |
29 |
და ივლტოდა მოსე სიტყჳთა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მადიამისასა, სადა-იგი
ესხნეს ორ ძე. |
30 |
ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის
ალში. |
30 |
და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი
უფლისაჲ ალითია ცეცხლისაჲთა მაყულოვანით. |
31 |
გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა
შემოესმა:
|
31 |
ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა
მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ: |
32 |
„მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“.
შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა. |
32 |
მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი
იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. |
33 |
უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა
მიწაა. |
33 |
ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე,
რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს, |
34 |
ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ
მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“. |
34 |
ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი
შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა, და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ. |
35 |
ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და
მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით,
მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას. |
35 |
ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ
ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი
ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა. |
36 |
მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში,
მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე. |
36 |
ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და
ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ. |
37 |
ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან
აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ. |
37 |
ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა, ვითარმედ: წინასაწმეტყუელი
აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა ვითარცა ესე მე, მისი
ისმინეთ. |
38 |
ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და
ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის; |
38 |
ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა, რომელი
ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი
ცხორებისანი მოცემად ჩუენდა. |
39 |
ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ
მიიქცნენ თავიანთი გულით. |
39 |
რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს
გულითა მათითა ეგჳპტედ. |
40 |
და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ
ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან. |
40 |
ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე
ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, თუ რაჲ შეემთხჳა
მას. |
41 |
შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს. |
41 |
და ქმნეს ჴბოჲ მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს
ქმნულსა ჴელთა მათთასა. |
42 |
მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი,
როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის
მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს? |
42 |
მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს
წიგნსა წინასწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა
უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაჱლისაო? |
43 |
თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი,
რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს
მიღმა“. |
43 |
და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი
იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა. |
44 |
მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან
მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად. |
44 |
კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა,
რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს
საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა, |
45 |
ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში,
რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე. |
45 |
რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩეუნთა შემდგომითი-შემდგომად იესუჲს თანა დამკჳდრებასა
მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთასა ვიდრე
დღეთადმდე დავითისთა, |
46 |
მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე. |
46 |
რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი. |
47 |
სახლი კი სოლომონმა აუგო მას. |
47 |
ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი. |
48 |
მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს
წინასწარმეტყველი: |
48 |
არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა
წინასწარმეტყუელი იტყჳს: |
49 |
„ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს
ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად? |
49 |
ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი
მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ? |
50 |
განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“ |
50 |
ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი? |
51 |
ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა
სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც. |
51 |
ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა
წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. |
52 |
რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს
წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ
გახდით. |
52 |
რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს,
რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ
შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით, |
53 |
თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი. |
53 |
რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ. |
54 |
ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე. |
54 |
ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა
კბილთა მათთა. |
55 |
ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის
მარჯვნივ მდგომი იესო. |
55 |
ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ,
მდგომარე მარჯუენით ღმრთისა. |
56 |
მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს. |
56 |
და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა
მდგომარესა. |
57 |
ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას. |
57 |
ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად
მის ზედა; |
58 |
ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით
დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე. |
58 |
და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს
სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე. |
59 |
ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული. |
59 |
და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე,
შეივედრე სული ჩემი. |
60 |
მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული
განუტევა. |
60 |
დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და
ესე ვითარცა თქუა, დაიძინა. |