1 |
ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა
და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს
მიმოიფანტნენ. |
1 |
ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა. იყო მას დღესა შინა
დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. და ყოველნივე
განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა. |
2 |
ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ
დაიტირეს იგი. |
2 |
და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ
დიდი მის ზედა. |
3 |
სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით
გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ. |
3 |
ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ,
სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ. |
4 |
ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას. |
4 |
და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს
სიტყუასა მას ცხოვრებისასა. |
5 |
ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ
ქრისტეს. |
5 |
ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა
მათ ქრისტესა. |
6 |
ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე,
უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. |
6 |
და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად
მათდა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა. |
7 |
ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო
ყვირილით. გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა. |
7 |
რამეთუ მრავალთა რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები,
ღაღადებედ ჴმითა მაღლითა და განვიდიან. და მრავალნი განრღვეულნი და
მკელობელნი განიკურნებოდეს. |
8 |
და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში. |
8 |
და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა. |
9 |
იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი,
გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ
მოჰქონდა თავი. |
9 |
კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაჲთვე იყო ქალაქსა მას შინა,
ჰგრძნებდა და განაკჳრვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა. |
10 |
ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ
იწოდებაო. |
10 |
რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იტყოდეს, ვითარმედ: ესე
არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. |
11 |
სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით. |
11 |
ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი. |
12 |
მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის
მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც. |
12 |
და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი, სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს
იესუ ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი. |
13 |
თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ
ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა. |
13 |
და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე ნათელს-იღო, და იყო დადგრომილ
ფილიპეს თანა. და ჰხედჳდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი-იგი
იქმნებოდეს, და დაუკჳრდებოდა. |
14 |
იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ
მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, |
14 |
ესმა რაჲ უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას
სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე, |
15 |
რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა. |
15 |
რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთჳს, რაჲთა მიიღონ სული წმიდაჲ. |
16 |
ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ
უფალ იესოს სახელით. |
16 |
რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა
ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. |
17 |
მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა. |
17 |
მაშინ დაასხმიდეს ჴელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაჲ. |
18 |
როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა
მათ |
18 |
ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ,
მიუპყრა მათ ფასი |
19 |
და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა. |
19 |
და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი,
მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე: |
20 |
ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან
განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი. |
20 |
ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას
ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. |
21 |
არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია
ღმრთის წინაშე. |
21 |
არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა
არს წრფელ წინაშე ღმრთისა. |
22 |
მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი
გულისთქმა. |
22 |
შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ
უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ, |
23 |
რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს. |
23 |
რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ. |
24 |
მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა
მოიწიოს რა ჩემზე. |
24 |
მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ
ზედა, რომელი-იგი თქუენ სთქუთ. |
25 |
ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ
და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ. |
25 |
ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა,
და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს. |
26 |
უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას,
იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ. |
26 |
ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო,
გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ. |
27 |
ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის,
კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო
იერუსალიმს, |
27 |
და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი
დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი
მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ, |
28 |
უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. |
28 |
და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია
წინასწარმეტყუელისასა. |
29 |
მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს. |
29 |
ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ. |
30 |
ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა:
თუ გესმის, რასაც კითხულობ? |
30 |
და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა;
და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ? |
31 |
მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს,
ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. |
31 |
ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა?
და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა. |
32 |
ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს
დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ
დაუძრავს კრინტი. |
32 |
ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად
მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა
თჳსსა. |
33 |
მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს?
რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“. |
33 |
სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს,
რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი. |
34 |
მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს
წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე? |
34 |
მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს
წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე? |
35 |
ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს. |
35 |
აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს. |
36 |
ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის
ხელს, რომ მოვინათლო? |
36 |
და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან
მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? |
37 |
ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო
ქრისტე ღვთის ძეა. |
37 |
ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას:
მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე. |
38 |
და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და
მონათლა იგი. |
38 |
და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი
იგი, და ნათელ-სცა მას. |
39 |
წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ
იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას. |
39 |
და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან
უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა
გზასა თჳსსა სიხარულით. |
40 |
ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა
კესარიაში. |
40 |
და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე
მოსლვადმდე მისა კესარიად. |