1 |
1. გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც
გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და
გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე.
|
|
|
2 |
გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და
გაწყვიტა ქვეყნის მეფენი. |
|
|
3 |
მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი
ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა. |
|
|
4 |
შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და
ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად. |
|
|
5 |
ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ
კვდებოდა. |
|
|
6 |
მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან
გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში. |
|
|
7 |
იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა. |
|
|
8 |
შემდეგ განაგებდნენ მისი მორჩილნი - თითოეული თავის
სამფლობელოში. |
|
|
9 |
მისი სიკვდილის მერე თითოეულმა დაიდგა თავზე გვირგვინი,
მათ შემდგომ კი ასევე იქცეოდნვნ მათი ვაჟები მრავალი წლის განმავლობაში, და
განამრავლეს ბოროტება ქვეყანაზე. |
|
|
10 |
მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი - ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, რომელიც
იყო მძევლად რომში, და გამეფდა ელინთა მეფობის ასოცდამეჩვიდმეტე წელს. |
|
|
11 |
იმ დღეებში ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულონი და
აცთუნებდნენ მრავალს, ამბობდნენ: წავიდეთ და შევეკრათ ჩვენს გარემოსახლე
ხალხს, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი ბოროტება მოიწიაო
ჩვენზე. |
|
|
12 |
მოეწონათ მათ ეს სიტყვა. |
|
|
13 |
ზოგიერთმა ხალხიდან მოიწადინა და გაეშურნენ მეფისაკენ, და მან დართო მათ ნება,
დაეცვათ წარმართთა წეს-ჩვეულებანი. |
|
|
14 |
ააშენეს იერუსალიმში სასწავლებელი წარმართთა წესისამებრ, |
|
|
15 |
დაიწესეს თავიანთთვის წინდაუცვეთლობა და განდგნენ წმიდა
რჯულისგან, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი. |
|
|
16 |
როცა განმტკიცდა ქვეყანა ანტიოქოსის წინაშე, გადაწყვიტა მან ეგვიპტეზე
გამეფებულიყო, რათა ორ სახელმწიფოზე ემეფა.
|
|
|
17 |
შევიდა ეგვიპტეში ურაცხვი ლაშქრით, ეტლებითა და
სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით. |
|
|
18 |
და შეებრძოლა ეგვიპტის მეფე პტოლემეოსს. დაფრთხა
პტოლემეოსი მის წინაშე და გაიქცა, და მრავალი დაჭრილი დაეცა. |
|
|
19 |
დაეუფლნენ ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქებს და აიღო
ნადავლი ეგვიპტის ქვეყნიდან. |
|
|
20 |
გაბრუნდა ანტიოქოსი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ
ასორმოცდამესამე წელს და გაილაშქრა ისრაელზე და მიადგა იერუსალიმს დიდძალი
ჯარით. |
|
|
21 |
ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო,
სასანთლე და ყოველი მისი ჭურჭელი. |
|
|
22 |
შესაწირავი ტაბლა, საღვრელი ფიალები, ოქროს ბარძიმი,
ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა ოქროს მორთულობა. |
|
|
23 |
მიითვალა ვერცხლი და ოქრო, ძვირფასი ჭურჭელი და მიიტაცა
დამალული განძი, რაც კი იპოვა. |
|
|
24 |
მოხვეტა ყოველივე და გაბრუნდა თავის ქვეყანაში; სჩადიოდა
მკვლელობას და ამპარტავნულად ლაპარაკობდა. |
|
|
25 |
შეიქნა დიდი გლოვა ისრაელის ყოველ მხარეში. |
|
|
26 |
კვნესოდნენ მთავრები და უხუცესები, ქალიშვილები და
ჭაბუკები დაუძლურდნენ, გაცუდდა ქალების სიტურფე. |
|
|
27 |
გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა.
|
|
|
28 |
მიწაც კი შეიძრა მასზე მცხოვრებთათვის და მთელი სახლი
იაკობისა სირცხვილმა დაფარა. |
|
|
29 |
ორი წლის შემდეგ გაგზავნა მეფემ გადასახადის უფროსი იუდას
ქალაქებისკენ და შევიდა იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით. |
|
|
30 |
მიუთხრთ მათ სამშვიდობო სიტყვები ეშმაკობით და ერწმუნენ
მას. მაგრამ უეცრად შეიჭრა ქალაქში და სასტიკად მოაოხრა. |
|
|
31 |
მოკრიფა ალაფი ქალაქიდან და ცეცხლით გადაბუგა, დააქცია
მისი სახლები და გარეშემო კედლები. |
|
|
32 |
დაატყვევეს ქალები და ბავშვები და დაეუფლნენ საქონელს. |
|
|
33 |
შემოზღუდეს დავითის ქალაქი დიდი და მტკიცე კედლით, მტკიცე
კოშკებით და იქცა მათ ციხე-სიმაგრედ. |
|
|
34 |
დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულო კაცები დაეფუძნენ
იქ. |
|
|
35 |
მოიმარაგეს იარაღი და საზრდო, მოხვეტეს იერუსალიმიდან
ხარკი. განლაგდნენ იქ და შექმნეს დიდი მახე. |
|
|
36 |
ჩაუსაფრდნენ საკურთხეველს და ექმნენ ბოროტ მტრად ისრაელს
ყოველმხრივ. |
|
|
37 |
დაღვარეს უცოდველი სისხლი საწმიდარის ირგვლივ წაბილწეს
საწმიდარი. |
|
|
38 |
მათ გამო გაიქცნენ იერუსალიმის მკვიდრნი; უცხოთა
საცხოვრებელი გახდა იგი და უცხოდ ექცა მათ ჩამომავლებს, და მიატოვეს იგი
მათმა შვილებმა. |
|
|
39 |
გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი
დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი -
სირცხვილად. |
|
|
40 |
მისი დიდების წილ გამრავლდა მისი უპატიობა და მისი ზეობა
გლოვად შეიცვალა. |
|
|
41 |
მისწერა მეფემ მთელს თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო და |
|
|
42 |
ყველას დაეგდო თავისი წეს-ჩვეულება. ყველა ხალხი დაჰყვა
მეფის სიტყვას. |
|
|
43 |
ისრაელიდან ბევრმა მოიწონა მისი სამსახური და მსხვერპლს
სწირავდნენ კერპებს და ბილწავდნენ შაბათს. |
|
|
44 |
გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა
ქალაქებში, რომ ქვეყნისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ. |
|
|
45 |
აეკრძალათ აღსავლენი, მსხვერპლშეწირვა და საღვრელი
სამსხვერპლოზე, და წაებილწათ შაბათი და დღესასწაულები. |
|
|
46 |
შეესვარათ საწმიდარი და წმიდა საგნები, |
|
|
47 |
აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, შეეწირათ
ღორები და უსურმაგები, |
|
|
48 |
დაეტოვებინათ თავიანთი ვაჟები წინდაუცვეთლად, შეებღალათ თავი ყოველი უწმინდურობითა
და სიბილწით. |
|
|
49 |
რათა დავიწყებოდათ რჯული და ყოველი მცნება. |
|
|
50 |
და თუკი ვინმე არ მოიქცეოდა მეფის სიტყვისამებრ, უნდა
მომკვდარიყო. |
|
|
51 |
ამ სიტყვების თანახმად მისწერა მთელ თავის სამეფოს და
დაუდგინა ზედამხედველნი მთელ ხალხს და აიძულა იუდას ქალაქებს ზორვა. |
|
|
52 |
ხალხიდან ბევრმა, ვინც დააგდო მცნება და შეუერთდა მათ,
ყველამ დაიწყო ბოროტების ჩადენა ქვეყანაში. |
|
|
53 |
აიძულეს ისრაელი, დამალულიყო ყოველ მის თავშესაფარში. |
|
|
54 |
ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს,
დაამკვიდრეს გატიალების სისაძაგლე სამსხვერპლოზე და ბომონები წამოჭიმეს
იუდას გარშემო ქალაქებში, |
|
|
55 |
და აკმევდნენ სახლების კარის წინ და ქუჩებში. |
|
|
56 |
რჯულის წიგნს თუ იპოვნიდნენ, ფლეთდნენ და ცეცხლში
წვავდნენ. |
|
|
57 |
სადაც კი ვინმეს აღთქმის წიგნს აღმოუჩენდნენ, ან თუკი
ვინმე რჯულს აღიარებდა, მეფის სამართლით კლავდნენ. |
|
|
58 |
მძლავრობდნენ ისრაელზე, ყველაზე, ვინც კი თვიდან თვემდე
ქალაქში აღმოჩნდებოდა. |
|
|
59 |
თვის ოცდახუთს უზორავდნენ კერპს, რომელიც სამსხვერპლოს
წინაშე იდგა. |
|
|
60 |
ცოლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს წინდაცვეთდნენ,
ბრძანებისამებრ აშთობდნენ; |
|
|
61 |
ჩვილებს კისრებით ჰკიდებდნენ, მათ სახლებს არბევდნენ,
წინდამცვეთლებს კი ხოცავდნენ. |
|
|
62 |
მაგრამ მრავალნი გამხნევდნენ ისრაელში და მტკიცედ
დადგნენ, რომ არ ეჭამათ უწმიდურება. |
|
|
63 |
მიიღეს სიკვდილი, რათა არ წაბილწულიყვნენ საჭმელით და არ
შეერყვნათ წმიდა აღთქმა. ასე დაიხოცნენ. |
|
|
64 |
დიდზე დიდი რისხვა იყო ისრაელის თავზე. |
|
|