1 |
დიდად განრისხდნენ წარმართები, როცა გაიგეს, რომ უწინდელივით აღიმართა სამსხვერპლო
და განახლდა საწმიდარი. |
|
|
2 |
გადაწყვიტეს, აღმოეფხვრათ იაკობის მოდგმა, რომელიც მათ
შორის იყო, და დაიწყეს ხოცვა და მუსრვა ხალხში. |
|
|
3 |
ხოლო იუდა შეებრძოლა ესავიანებს ედომში, აკრაბატენესთან,
რადგან მათ ალყაში ჰყავდათ ისრაელი; სასტიკად დაამარცხა ისინი, დაიმორჩილა
და აიღო ნადავლი. |
|
|
4 |
მერე გაიხსენა ბოროტებანი ბეანიანთა, რომლებიც მახედ და
ხაფანგად იყვნენ ხალხისთვის და გზებზე უსაფრთებოდნენ მათ. |
|
|
5 |
მათ ციხე-სიმაგრეებს შეაფარეს თავი, ხოლო იუდა
გარსშემოადგა მათ და დაარისხა ისინი, ცეცხლში გახვია მათი ციხე-სიმაგრეები
ყველა მასში მყოფითურთ. |
|
|
6 |
მერე მიადგა ყამონიანებს და შეხვდა იქ მაგარ ხელს და
ურიცხვ სიმრავლეს ტიმოთეოსის წინამძღოლობით. |
|
|
7 |
ბევრი ბრძოლა გადაიხადა მათ წინააღმდეგ და შეიმუსრნენ
ისინი მის წინაშე. ასე დაამარცხა ისინი. |
|
|
8 |
მერე სწრაფადვე აიღო იაყზერი მისი სოფლებითურთ და
იუდასკვნ შემოიქცა. |
|
|
9 |
მაშინ გალაადის წარმართები სამტროდ შემოეწყვნენ მათ
მიწა-წყალზე მცხოვრებ ისრაელს, რომ მოესრათ ისინი, მაგრამ გაექცნენ დათემას
ციხეში, |
|
|
10 |
და წერილები გაუგზავნეს იუდასა და მის ძმებს, შეუთვალეს: შეიკრიბნენ ჩვენს
წინააღმდეგ ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, რომ გაგვანადგურონ; |
|
|
11 |
ამზადებენ შეტევას და აპირებენ სიმაგრის აღებას, რომელსაც
შეფარებულნი ვართ. ტიმოთეოსი მოუძღვის მათ ჯარს. |
|
|
12 |
მაშ, ახლა მოდი და გვიხსენი მათი ხელიდან, რადგან დაცემულია ბევრი ჩვენგანი, |
|
|
13 |
ჩვენი მოძმენიც, ყველა ვინც კი ტობში იგო, დახოცილნი
არიან; მათი ცოლ-შვილი მონებად წაასხეს, ქონება დაიტაცეს, და ათასამდე კაცი
გაწყვიტეს იქ. |
|
|
14 |
ჯერ კიდევ წერილებს კითხულობდნენ, რომ აჰა, სხვა
შიკრიკები მოვიდნენ გალილეადან, სამოსელშემოგლეჯილნი და ეს ამბავი აუწყეს. |
|
|
15 |
თქვეს, შეიკრიბნენ პტოლემაისიდან, გვიროსიდან, ციდონიდან
და წარმართთა გალილეადან ჩვენს გასანადგურებლადო. |
|
|
16 |
როდესაც გაიგეს ეს ამბები იუდამ და ხალხმა, შეიყარა დიდი კრებული იმის
გადასაწყვეტად, თუ რა ეღონათ გასაჭირში მყოფი და მათგან მიმძლავრებული მოძმეებისთვის. |
|
|
17 |
მიმართა იუდამ სიმონს, თავის ძმას: ამოირჩიე კაცები, წადი
და იხსენი შენი ძმები გალილეაში. ხოლო მე და ჩემი ძმა იონათანი გალაადისკენ
გავემართებითო. |
|
|
18 |
ხალხის წინამძღოლებად კი ზაქარიას იოსები და ყაზარია
დატოვა ლაშქრის დარჩენილ ნაწილთან ერთად იუდაში, მის დასაცავად; |
|
|
19 |
და უბრძანა მათ: განაგეთ ხალხი და ჩვენს მობრუნებამდე
წარმართებს ნუ შეებრძოლებით. |
|
|
20 |
სიმონს ჩააბარეს სამიათასი კაცი გალილეაში სალაშქროდ,
ხოლო იუდას რვაათასი კაცი გაალადისთვის. |
|
|
21 |
გაემართა სიმონი გალილეასკენ, მრავალი ბრძოლა გადაიხადა
წარმართებთან და შეიმუსრნენ წარმართები მის წინაშე. |
|
|
22 |
მისდია მათ პტოლემაისის კარიბჭემდე და დაეცა წარმართთაგან
სამიათასამდე კაცი და წამოიღო მან ნადავლი. |
|
|
23 |
წამოასხა გალილეასა და არბატეში მყოფი იუდაელნი
დედა-წულიანად და იუდაში მიიყვანა დიდი სიხარულით. |
|
|
24 |
ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა ძმამ იონათანმა გადალახეს
იორდანე და სამი დღის სავალი გზა გაიარეს უდაბნოში. |
|
|
25 |
გადაეყარნენ ნაბატელებს, მშვიდობიანად შეეგებნენ მათ და
ყველაფერი უამბეს, რაც შეემთხვათ მათ ძმებს გალაადში; |
|
|
26 |
რომ მრავალი მათგანი ჩაკეტილები არიან ბოცრასა და
ბოსორში, ალემოში, ხასფოში, მაკედსა და კარნაინში, რომ ყველა ეს ქალაქი
დიდია და გამაგრებული, |
|
|
27 |
რომ სხვები გალაადის დანარჩენ ქალაქებში არიან ჩაკეტილნი,
რომ მტერი ხვალისთვის აპირებს თავდასხმას სიმაგრეებზე, მათ აღებას და
დარბევას ერთ დღეში. |
|
|
28 |
სწრაფად შებრუნდა იუდა და მისი ლაშქარი უდაბნოში ბოცრას
გზაზე; აიღო ქალაქი და გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, მოხვეტა
ურიცხვი ნადავლი და ცეცხლში დაწვა. |
|
|
29 |
აქედან ღამით გაემართა და დათემას ციხე-სიმაგრემდე იარეს. |
|
|
30 |
დილით კი, როცა გათენდა, გაიხედეს და, აჰა, უამრავი
ხალხი, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა, მოათრევს კიბეებს და მანქანებს
ციხე-სიმაგრის ასაღებად და მათთან საბრძოლველად. |
|
|
31 |
დაინახა იუდამ, რომ დაიწყო ომი და ქალაქის ხმაურმა ცას უწია საყვირებითა და დიდი
ყვირილით, |
|
|
32 |
და შეუძახა ლაშქარს: იომებ დღეს თქვენი ძმებისთვის! |
|
|
33 |
სამი რაზმით ზურგიდან შემოუარეს მტერს, საყვირებს
ჩაჰბერეს და ხმამაღალი ლოცვა დაიწყეს. |
|
|
34 |
მიხვდა ტიმოთეოსის ლაშქარი, რომ ეს მაკაბელი იყო და
უკუიქცნენ მისგან, და მან მუსრი გაავლო მათ. იმ დღეს დაეცა მათგან
რვაათასამდე კაცი. |
|
|
35 |
გადაინაცვლა ალემასკენ და შეებრძოლა, აიღო იგი და ამოხოცა
მთელი მისი მამროვანი. მოხვეტა ნადავლი და ცეცხლში დაწვა. |
|
|
36 |
იქედან გაემართა და დაიპყრო ხასფო, მაკედი და ბოსორი და
გალაადის დარჩენილი ქალაქები. |
|
|
37 |
ამ ამბების შემდეგ ტიმოთეოსმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და
დააყენა რაფონის წინ, ხევის მხრიდან. |
|
|
38 |
გაგზავნა იუდამ ხალხი ბანაკის დასაზვერავად. და მოახსენეს
მას: მასთან არიან შემოკრებილნი ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, დიდძალი
ჯარია. |
|
|
39 |
მოქირავნე არაბებიც მოუყვანიათ საშველად, ხევის მხარეს
განლაგებულან და მზად არიან ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, გაეშურა იუდა
მათ დასახვედრად. |
|
|
40 |
ტიმოთეოსმა ასე უთხრა თავისი ჯარების მეთაურებს, როცა
იუდა და მისი ლაშქარი ხევს მიუახლოვდა: თუ პირველმა გადმოლახა ხევი, ვერ
შევაკავებთ, უეჭველად დაგვამარცხებს. |
|
|
41 |
ხოლო თუ შეშინდა და მდინარის გაღმა დაბანაკდა, თავს
დავესხათ და დავამარცხებთ მას. |
|
|
42 |
როცა იუდა ხევს მიუახლოვდა, ხევთან დააყენა ხალხის
მწიგნობარნი და უბრძანა მათ: არავინ გააჩეროთ აქ. ყველანი საბრძოლველად
გაიყვანეთ. |
|
|
43 |
და მან პირველმა გადალახა ხევი მტრისკენ და მთელი ხალხი
უკან მიჰყვა; მათ წინაშე დაეცნენ წარმართები, დაყარეს საჭურველი და თავი
შეაფარეს წმიდა ნაკრძალს კარნაიმში. |
|
|
44 |
ქალაქი აიღეს, ხოლო წმიდა ნაკრძალი ცეცხლით დაწვეს ყველა
შიგმყოფითურთ. ასე იძლია ვარნაიმი; წინააღმდეგობა ვეღარ გაუწივს იუდას. |
|
|
45 |
შეკრიბა იუდამ მთელ გალაადში მოსახლე ისრაელობა
დიდიან-პატარიანად, მათი დედა-წულითა და საბადებლითურთ, უამრავი ხალხი,
იუდას ქვეყნისკენ გასამგზავრებლად. |
|
|
46 |
მიადგნენ ეფრონს. ეს დიდი ქალაქია გზაზე, ძალზე ძლიერი; ვერ გაუხვევდნენ ვერც
მარჯვნივ, ვერც მარცხნივ, მხოლოდ მის შუაგულში უნდა გაევლოთ. |
|
|
47 |
მაგრამ ჩაკეცეს ის ქალაქელებმა და ქვებით ჩახერგეს
კარიბჭე. |
|
|
48 |
შეუთვალა მათ იუდამ სამშვიდობო სიტყვა: გაგვატარე შენს
ქვეყანაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მივიდეთ; ცუდს არაფერს შეგამთხვევთ, მხოლოდ
ფეხს დავადგამთო. არ მოისურვეს მათი შეშვება. |
|
|
49 |
ბრძანა იუდამ, გამოეცხადებინათ ლაშქარში, რომ ყველა თავის
ადგილას დამდგარიყო. |
|
|
50 |
დაიბანაკეს მეომრებმა, და ებრძოდა ქალაქს მთელ იმ დღეს და
მთელ ღამეს, და ჩაბარდა ქალაქი მის ხელს. |
|
|
51 |
გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, დააქცია
ქალაქი, ნადავლი აიღო და ქალაქში დახოცილთა გვამებზე გადაატარა ჯარი. |
|
|
52 |
გადალახეს იორდანე დიდი ვაკისკენ, ბეთ-შანის პირდაპირ. |
|
|
53 |
გზადაგზა იუდა კრებდა ჩამორჩენილთ და მთელ გზაზე
ამხნევებდა ხალხს, ვიდრე იუდას ქვეყანას მიადგებოდნენ. |
|
|
54 |
შემდეგ შვებითა და სიხარულით ავიდნენ სიონის მთაზე და
შესწირეს აღსავლენი, რადგან ერთი მათგანიც არ დაცემულა სამშვიდობოში
მობრუნებამდე. |
|
|
55 |
იმ დროს, როცა იუდა და იონათანი გალაადის მიწაზე იყვნენ,
ხოლო სიმონი, მისი ძმა, გალილეაში პტოლემაისის პირდაპირ იდგა, |
|
|
56 |
ზაქარიას იოსებს და ყაზარიას - ჯარების სარდლებს ესმათ
მათი გმირობისა და გადახდილი ომის ამბავი. |
|
|
57 |
თქვეს: ჩვენც მოვიხვეჭოთ სახელი, ჩვენც გავემართოთ და
შევებრძოლოთ წარმართებს ჩვენს ირგვლივ. |
|
|
58 |
მოუწოდეს ჯარებს, რომლებიც თან ჰყავდათ, და იამნიასკენ
გაემართნენ. |
|
|
59 |
გორგია და მისი მეომრები ქალაქიდან გამოვიდნენ, რომ
ბრძოლით შეგებებოდნენ მათ. |
|
|
60 |
უკუიქცნენ იოსები და ყაზარია და იდევნებოდნენ იუდას
მისადგომებამდე. ორიათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ისრაელიდან. |
|
|
61 |
შეიქნა ხალხში დიდი ლტოლვილება, რადგან არ ესმოდათ იუდასი და მისი ძმებისა,
გმირობის გამოჩენა კი სურდათ. |
|
|
62 |
მაგრამ ესენი არ იყვნენ იმ გვარისანი, ვისი ხელითაც უნდა
მოვლენოდა ხსნა ისრაელს. |
|
|
63 |
კაცი იუდა და მისი ძმები კი ფრიად განითქვნენ მთელი
ისრაელისა და ყველა ხალხის წინაშე, სადაც გაგონილი ჰქონდათ მათი სახელი. |
|
|
64 |
და შემოკრბენ მის ირგვლივ მისი მაქებარნი. |
|
|
65 |
გაემართნენ იუდა და მისი ძმები სამხრეთისკენ და
შეებრძოლენ ესავიანებს. დაამარცხა მან ხებრონი და მისი სოფლები, დალეწა
მისი ციხე-სიმაგრენი და გადაწვა გოდლები მის გარშემო. |
|
|
66 |
მერე დაიძრა ფილისტიმელთა ქვეყნისკენ წასასვლელად და
გადაიარა მარეშაზე. |
|
|
67 |
იმ დღეს დაეცნენ ბრძოლის ველზე მღვდლები, გმირობის
ჩადენის მსურველნი, რადგან უგუნურად ჩაებნენ ბრძოლაში. |
|
|
68 |
ხოლო იუდამ გაუხვია აშდოდისკენ ფილისტიმელთა ქვეყანაში და
დალეწა მათი ბომონები, ცეცხლს მისცა მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოხვეტა
ნადავლი ქალაქებიდან. მერე იუდა ქვეყნისკენ გაბრუნდა. |
|
|