1 |
როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი ჯარი ომში დაეცა, გადაწყვიტა
ბაკხიდესა და ალკიმოსის მეორედ გაშვება იუდას ქვეყნისკენ მარჯვენა ფრთასთან ერთად. |
|
|
2 |
გაემართნენ გალგალის გზაზე და დაიბანაკეს მესალოთთან,
არბელაში; აიღეს ის და ბევრი ხალხი გაწყვიტეს. |
|
|
3 |
ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეს იერუსალიმთან
დაიბანაკეს. |
|
|
4 |
მაგრამ აიყარნენ და გაემგზავრნენ ბერეასკენ ოციათასი
ქვეითით და ორი ათასი ცხენოსნით. |
|
|
5 |
ხოლო იუდა ელასში იდგა სამიათასი რჩეული კაცითურთ. |
|
|
6 |
იხილეს ჯარების სიმრავლე, რომ ურიცხვნი იყვნენ, და
თავზარი დაეცათ. ბევრი გამოიპარა ბანაკიდან, რვაას კაცზე მეტი არ დარჩენილა
მათგან. |
|
|
7 |
როცა დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ბანაკი და
შეაჭირვა ომმა, გული შეუდრკა, რადგან დრო აღარ რჩებოდა მათი
შემოკრებისთვის. |
|
|
8 |
დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილებს: დავიძრათ და შევუტიოთ
ჩვენს მტერს, იქნებ შევძლოთ მათთან ბრძოლა. |
|
|
9 |
ისინი შეეცადნენ, გადაეთქმევინებინათ, უთხრეს: ვერ
შევძლებთო, მაგრამ ახლა იქნებ გადავირჩინოთ თავი; მერე დავბრუნდეთ ჩვენი
ძმებითურთ და შევებრძოლოთ მათ; ახლა ცოტანი ვართო. |
|
|
10 |
უთხრა იუდამ: ნუმც მოხდება ისე, რომ გავექცეთ მათ. თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ბარემ
ვაჟკაცურად დავიხოცოთ ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნუ მივცემთ ჩვენს სახელს. |
|
|
11 |
დაიძრა ჯარი ბანაკიდან და დაეწყო მათ პირისპირ. მხედრობა
ორ ნაწილად გაიყო, ხოლო მეშურდულენი და მშვილდოსნები წინ წაუძღვნენ ჯარს,
ასევე საუკეთესო მებრძოლნი. ბაკხიდე კი მარჯვენა ფრთაზე იყო. |
|
|
12 |
ორივე მხრიდან ახლოვდებოდნენ რაზმები საყვირების ხმაზე; იუდას ხალხიც ახმიანებდა
თავის საყვირებს. |
|
|
13 |
შეზანზარდა მიწა ჯარების ხმაურისგან და მძვინვარებდა
ბრძოლა დილიდან შეღამებამდე. |
|
|
14 |
როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკხიდე და მისი ბანაკის მთავარი
საყრდენი მარჯვნივ იყო, შემოიკრიბა თავის გარშემო ყველა გულადი მეომარი. |
|
|
15 |
და მათ გაანადგურეს მარჯვენა ფრთა, მერე უკან მისდიეს
აშდოდის მთამდე. |
|
|
16 |
როცა მარცხენა ფრთაზე მყოფებმა დაინახეს, რომ დამარცხდა მარჯვენა ფრთა, მოტრიალდნენ
და ფეხდაფეხ მისდიეს ზურგში იუდას და მის ხალხს. |
|
|
17 |
შენივთდა ბრძოლა, მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან. |
|
|
18 |
დაეცა იუდაც, დანარჩენები კი გაიქცნენ. |
|
|
19 |
აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და
დამარხეს მისი მამა-პაპის სამარხში, მოდეინში. |
|
|
20 |
დაიტირეს და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა,
მოთქვამდნენ მრავალ დღეს, ამბობდნენ: |
|
|
21 |
როგორ დაეცა ძლიერი, მხსნელი ისრაელისა! |
|
|
22 |
იუდას საქმენი - დანარჩენი მისი ომები და გმირობანი, რაც
ჩაიდინა, და მისი სიდიადე, არ აღწერილა, რადგან ძალზე ბევრი იყო. |
|
|
23 |
იუდას სიკვდილის შემდეგ იყო, რომ გამოჩნდნენ ურჯულოები
ისრაელის ყოველ მხარეში, თავი ამოყო ყველამ, უსამართლობის მოქმედმა. |
|
|
24 |
იმ დღეებში ჩამოვარდა ძალზე დიდი შიმშილობა და ქვეყანა
მიემხრო მათ. |
|
|
25 |
ბაკხიდემ ამოირჩია უღვთო კაცები და დაადგინა ისინი
მხარეთა განმგებლებად. |
|
|
26 |
ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და მიჰყავდათ
ისინი ბაკხიდესთან, და ის სჯიდა მათ და აბუჩად იგდებდა. |
|
|
27 |
ჩამოვარდა დიდი გაჭირვება ისრაელში, როგორიც აღარ ყოფილა
იმ დღიდან, რაც არ გამოცხადებიათ მათ წინასწარმეტყველი. |
|
|
28 |
შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და მიმართეს იონათანს: |
|
|
29 |
რაც შენი ძმა იუდა მოკვდა, არ გამოჩენილა მისი მსგავსი
კაცი, რომ გამოვიდეს და გაილაშქროს მტერზე და ბაკხიდეზე, ჩვენი ხალხის
მიაძულეზე. |
|
|
30 |
ახლა, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რომ გვყავდე
მთავრად და წინამძღოლად ჩვენს ბრძოლებში. |
|
|
31 |
ჩაიბარა იონათანმა იმ დროს წინამძღოლობა და დადგა იუდას, თავისი ძმის, ნაცვლად.
|
|
|
32 |
შეიტყო ეს ბაკხიდემ და ცდილობდა მის მოკვლას. |
|
|
33 |
შეიტყვეს იონათანმა, მისმა ძმამ სიმონმა და ყველამ,
მასთან მყოფმა, და გაიქცნენ თეკოაყის უდაბნოსკენ, და დადგნენ ასფარის ტბის
წყალთან. |
|
|
34 |
შეიტყო ბაკხიდემ შაბათ დღეს და გადავიდა მთელი ლაშქრითურთ
იორდანეს გადაღმა. |
|
|
35 |
გაგზავნა იონათანმა თავისი ძმა, რაზმის წინამძღოლი, და
სთხოვა ნაბატელებს, თავიანთ მეგობრებს, ნებართვა თავიანთი დიდძალი
ავლადიდების მათთან შენახვისა. |
|
|
36 |
მაგრამ გამოვიდნენ იამბრიანები, რომლებიც მედაბადან
არიან, და შეიპყრეს იოანე ყველაფრითურთ, რაც კი ებადა, და წავიდნენ
დატვირთულები. |
|
|
37 |
ამ ამბების მერე გაიგეს იონათანმა და სიმონმა, მისმა
ძმამ, რომ იამბრიანები დიდ ქორწილს იხდიდნენ და ნადაბათიდან მოჰყავდათ
პატარძალი, ერთი ქანაანელი წარჩინებული დიდებულის ასული დიდი მაყრიონით. |
|
|
38 |
გაიხსენეს სისხლი მათი ძმის, იოანესი, გამოვიდნენ და
დაიმალნენ მთის საფარში. |
|
|
39 |
გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ყიჟინი და დიდი მზითევი.
სიძეც გამოვიდა თავის მეგობრებთან და ძმებთან ერთად მის შესახვედრად
დოლებით, მუსიკითა და უამრავი საჭურვლით. |
|
|
40 |
ამოვიდნენ საფარიდან, თავს დაესხნენ მათ და დახოცეს.
ბევრი დაჭრილი დაეცა, დანარჩენები მთისკენ გაიქცნენ. მოხვეტეს მთელი
ნადავლი. |
|
|
41 |
გადააქციეს ქორწილი მწუხარებად და მათი სიმღერის ხმა -
გლოვად. |
|
|
42 |
აიღეს თავიანთი ძმის სისხლი და იორდანეს ჭაობებისკენ
გაბრუნდნენ. |
|
|
43 |
გაიგო ეს ბაკხიდემ და შაბათ დღეს მიადგა იორდანეს ნაპირს
ურიცხვი ჯარით. |
|
|
44 |
მიმართა იონათანმა თანამდგომთ: მაშ, აღვდგეთ და შევებათ
ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან დღეს სხვა დროა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო. |
|
|
45 |
აჰა, ბრძოლა გველის წინიდან და ზურგიდან. აქეთიქით კი
იორდანეს წყალია, ჭაობი და ჭალა; მოსაბრუნებელი ადგილიც არაა. |
|
|
46 |
ახლა ცას შეჰღაღადეთ, ვინძლო მტრის ხელიდან გვიხსნას. |
|
|
47 |
დაიწყო ბრძოლა და შემართა იონათანმა ხელი ბაკხიდეს
მოსაკლავად, მაგრამ დაუძვრა იგი და უკანა რიგებისკენ დაიხია. |
|
|
48 |
შეტოპეს იონათანმა და მისმა თანამდგომებმა იორდანეში და
გადაცურეს მეორე ნაპირზე, მაგრამ მტერმაც გადალახა იორდანე მათ
დასადევნელად. |
|
|
49 |
ბაკხიდეს მხრიდან დაეცა იმ დღეს ათასამდე კაცი. |
|
|
50 |
დაბრუნდა იერუსალიმში ბაკხიდე და ააშენა ციხე-ქალაქები
იუდაში, ციხე-სიმაგრე იერიხონსა და ემაუსში, ბეთ-ხორონში, ბეთელში,
თიმნაში, ფარათონსა და ტეფონში, მაღალი კედლებით და კარიბჭეებითა და
ურდულებით, |
|
|
51 |
და ჩააყენა მათში დაცვა ისრაელის სამტროდ. |
|
|
52 |
გაამაგრა ქალაქები - ბეთ-ცური და გაზერა და ციხე. დატოვა
მათში ჯარები და სურსათის მარაგი. |
|
|
53 |
წაიყვანა ქეეყნის მთავართა ვაჟები მძევლებად და
იერუსალიმის ციხეში დაცვის ქვეშ დატოვა ისინი. |
|
|
54 |
ასორმოცდამეცამეტე წლის მეორე თვეს ალკიმოსმა ბრძანა,
დაენგრიათ სამსხვერპლოს შიდა ეზოს კედელი და დაენგრიათ წინასწარმეტყველთა
ნაშენები. როცა დაიწყო ნგრევა, |
|
|
55 |
დაეცა ალკიმოსი და დაბრკოლდა მისი საქმე. ენა წაერთვა და
დადამბლავდა, აღარ შეეძლო სიტყვის წარმოთქმა და ბრძანების გაცემა თავისი
სახლის თაობაზე. |
|
|
56 |
იმ დროს მოკვდა ალკიმოსი დიდი ტანჯვით. |
|
|
57 |
დაინახა ბაკხიდემ, რომ მოკვდა ალკიმაოსი და გაბრუნდა
მეფისკენ. ორი წლით მოისვენა იუდას ქვეყანამ. |
|
|
58 |
მოითათბირა ყველა ურჯულომ, თქვეს: აჰა, იონათანი ამისი
თანამდგომნი მყუდროებაში ცხოვრობენ უშფოთველად. ახლა მოვიყვანოთ ბაკხიდე და
ერთ ღამეში შეიპყრობს ყველას. |
|
|
59 |
წავიდნენ და მოეთათბირენ მას. |
|
|
60 |
დაიძრა წასასვლელად ურიცხვი ჯარით და ფარულად დაუგზავნა
წერილები ყველა თავის მოკავშირეს. თან იუდაში, რათა დაეჭირათ იონათანი და
მისი თანამდგომნი; მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან გამჟღავნდა მათი განზრახვა. |
|
|
61 |
შეიპყრო იონათანის ხალხმა ქვეყნის კაცთაგან მოღალატენი, ორმოცდაათამდე კაცი, და
დახოცეს. |
|
|
62 |
ხოლო იონათანი, სიმონი და მათი თანამდგომნი გადაიხვეწნენ
ბეთბასისკენ უდაბნოში, ააშენეს დანგრეული და გაამაგრეს იგი. |
|
|
63 |
შეიტყო ეს ბაკხიდემ, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და
შეუთვალა იუდაელებსაც. |
|
|
64 |
მივიდა, შემოადგა ბეთბასის და ებრძოდნენ დიდხანს,
მიაყენეს საბრძოლო მანქანებიც. |
|
|
65 |
იონათანმა ქალაქში დატოვა სიმონი, თავისი ძმა; თვითონ კი
გაემართა ქვეყნისკენ და შევიდა მცირეოდენი ხალხით. |
|
|
66 |
დაამარცხა ოდომერა მისი ძმებითურთ და ფასირონიანები
მათსავე კარვებში. დაიწყო მუსრვა და შეჭრა მოწინააღმდეგის ლაშქარში. |
|
|
67 |
ხოლო სიმონი და მისი თანამდგომნი გამოვიდნენ ქალაქიდან და
ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. |
|
|
68 |
შეებრძოლენ ბაკხიდეს და იძლია იგი მათგან; შეაჭირვეს,
რადგან მისი განზრახვა და ლაშქრობა ფუჭი გამოდგა. |
|
|
69 |
ძლიერ განრისხდა ურჯულოებზე, რომელთაც ურჩიეს მას ამ
ქვეყანაზე გამოლაშქრება; ბევრი დახოცა მათგან და გადაწყვიტა, თავის
ქვეყანაში წასულიყო. |
|
|
70 |
შეიტყო ეს იონათანმა და გაგზავნა მათთან უხუცესები ზავის
დასადებად და მათგან ტყვეების დასაბრუნებლად. |
|
|
71 |
დაეთანხმა და მისი სიტყვისამებრ მოიქცა. კიდეც შეჰფიცა,
რომ აღარ შეეცდებოდა მისთვის ავს თავის სიცოცხლეში. |
|
|
72 |
დაუბრუნა ტყვეები, რომლებიც წაყვანილი ჰყავდა წინათ იუდას
ქვეყნიდან; გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში. მეტად აღარ მოსურვებია
გალაშქრება მათ მიწა-წყალზე. |
|
|
73 |
და დაცხრა მახვილი ისრაელში. დასახლდა იონათანი მიხმაშში
და დაიწყო ხალხის განსჯა და გადააშენა უღმერთოები ისრაელიდან. |
|
|