1 |
ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
|
1 |
და ზრახვა-ყო დავით ათასისთავთა თანა და ასისთავთა თანა და ყოვლისა თანა,
რომელსა სათნო-უჩნდა.
|
2 |
უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის,
ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს,
მღვდლებს, ლევიანებს მათ შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ. |
2 |
და არქუა დავით ყოველსა მას კრებულსა ისრაჱლისასა: უკუეთუ
ესე თქუენდა სათნო არს, და უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიერ წარემართოს,
მივავლინოთ ძმათაცა ჩუენთა ნეშტთა ყოველთა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მათ
თანა მღდელნი იგი და ლევიტელნი ქალაქთაგან სამკჳდრებელთა მათთა შემოკრბედ
ჩუენდა |
3 |
და ჩვენთან გადმოვაბრძანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან
საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს. |
3 |
და მოვიღოთ კიდობანი იგი ღმრთისა ჩუენისა ჩუენდა, რამეთუ
არა ეძია იგი დღითგან საულისით. |
4 |
მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე
მოსაწონია ხალხის თვალში. |
4 |
და თქუა ყოველმან მან კრებულმან ყოფად ეგრეთ, რამეთუ
სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე თუალთა ყოვლისა ამის ერისათა. |
5 |
შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან
ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის
გადმოსაბრძანებლად. |
5 |
და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი საზღუარითგან ეგჳპტისთა
ვიდრე შესლვადმდე ემათისა, შემოღებად კიდობნისა მის ღმრთისა ქალაქით
იარიმით. |
6 |
ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში,
კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ
კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით
იწოდება. |
6 |
და აღმოიღო იგი დავით. და ყოველი ისრაჱლი აღმოვიდოდა
ქალაქად დავითისა, რომელი იყო იუდასი, აღმოღებად მიერ კიდობანი იგი
ღმრთისაჲ, მჯდომარე ქერობინსა ზედა, სადა-იგი წოდებულ იყო სახელი მისი. |
7 |
დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს
აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ. |
7 |
და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ურემსა ზედა ახალსა,
სახლისაგან ამინადაბისა. და ოზიას და ძმათა მისთა მოჰყვანდა ურემი იგი. |
8 |
დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის
წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს,
დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს. |
8 |
და დავით და ყოველი ისრაჱლი იმღერდა წინაშე ღმრთისა
ყოვლითა ძალითა, გალობითა, და ქნარითა, ებნითა, ბობღნითა, და წინწილითა და
ნესტჳთა. |
9 |
როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ
გადმოაგდეს ხარებმა. |
9 |
და მოვიდეს ვიდრე კალოდმდე ქელონისა და განყო ოზია ჴელი
თჳსი დაპყრობად კიდობნისა, რამეთუ გარეშეაქცია იგი ზუარაკმან. |
10 |
აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა
კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე. |
10 |
და გულისწყრომით განრისხნა უფალი ოზიას ზედა და მოკლა იგი მუნ განყოფისა მისთჳს
ჴელისა მისისა კიდობანსა ზედა. და მოკუდა იგი მუნ წინაშე ღმრთისა. |
11 |
შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა
(ყუზას დაღუპვა). |
11 |
და შეწუხნა დავით, რამეთუ განკუეთა უფალმან, განკუეთა იგი ოზიას ზედა და ჰრქჳან
ადგილსა მას ,,განკუეთა ოზიასი`` ვიდრე აქა დღედმდე. |
12 |
ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი? |
12 |
და შეიშინა დავით მას დღესა შინა ღმრთისა და თქუა: ვითარ
შევიღო კიდობანი ესე ღმრთისაჲ ჩემდა. |
13 |
არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისთან მიტანა
დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გადაახვევინა. |
13 |
და არა შეიღო დავით კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქალაქად
დავითისა. და მისცა იგი სახიდ აბედასა ქეტელისა. |
14 |
სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის
კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი
საბადებელი. |
14 |
და იყო კიდობანი იგი ღმრთისაჲ სახლსა აბედადარისასა სამ
თვე. და აკურთხა ღმერთმან აბედადარისი და ყოველივე მისი. |