1 |
მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა
დავითს გაშლილი. მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.
|
1 |
და შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და დადგეს იგი შორს კარავსა მას, რომელი-იგი
აღმართა დავით. და შეწირეს ყოვლად დასაწველები ცხორებისა წინაშე ღმრთისა.
|
2 |
მოამთავრა დავითმა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით
დალოცა ერი. |
2 |
და დაასრულა დავით შეწირვად ყოვლად დასაწველები იგი
ცხორებისა და აკურთხა ერი იგი სახელითა უფლისაჲთა. |
3 |
ჩამოურიგა მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და
ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. |
3 |
და განუყო ყოველსა კაცსა ისრაჱლისასა მამაკაცითგან ვიდრე
დედაკაცადმდე კაცსა პური ერთი პურისმოქმედთაგან ლელანგო. |
4 |
დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის
გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი
ისრაელისა. |
4 |
და დაუწესნა წინაშე კიდობნისა შჯულისა უფლისა
ლევიტელთაგანნი მსახურად გალობად, და აღსარებად და ქებად უფლისა ღმრთისა
ისრაჱლისა. |
5 |
ასაფი მათი მეთაური იყო, ზაქარია - მისი მომდევნო,
იეყიელი, შემირამოთი, იეჰიელი, მათითია, ელიაბი, ბენიაჰუ, ყობედ-ედომ და
იეყიელი ბობღნებსა და ქნარებზე იყვნენ. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელი
იყო. |
5 |
ასაფ, წინამძღუარი, შემდგომი მისა ზაქარია, და იეიელ, და
სემარიმოთ, და აიელ, მატათია, და ელიაბ, და ბანეა, და აბდედომ და იესიელ
ქნარითა, ებნითა და სტჳრითა, და ასაფ წინწილითა ჴმითა, |
6 |
მღვდლები: ბენიაჰუ და იახაზიელი საყვირებით მუდამ უფლის
აღთქმის კიდობნის წინ იდგნენ. |
6 |
და ბანეა და ოზიელ, მღდელნი ნესტჳთა დავითის წინაშე
კიდობნისა მის სჯულისა ღმრთისა მის. |
7 |
იმ დღეს მაშინ შეასხა დავითმა პირველად ხოტბა უფალს,
ასაფისა და მისი ძმების ხელით: |
7 |
დღესა შინა მაშინ პირველად განაწესა დავით ქებად უფლისა
ჴელითა ასაფისთა ძმათა მისთა თანა. |
8 |
ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს
საქმენი მისნი. |
8 |
გალობაჲ ესე: აუარებდით უფალსა და ხადოდეთ მას, სახელითა
მისითა აუწყეთ ერთა შორის სლვანი მისნი. |
9 |
უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. |
9 |
აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა ერთა
შორის საკჳრველებათა მისთა, რომელი ქმნა უფალმან. |
10 |
დაიკვეხნეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის
მაძიებელთა. |
10 |
აქებდით სახელითა მისითა წმიდითა, იხარებდეს გული, რომელი ეძიებს სათნოებასა მისსა. |
11 |
ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. |
11 |
ეძიებდით უფალსა და განძლიერდით. და ეძიებდით პირსა მისსა მარადის, |
12 |
გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი.
|
12 |
მოიჴსენენით საკჳრველებანი მისნი, რომელ ქმნა, ნიშები და მსჯავრნი პირისა
მისისანი, |
13 |
შთამომავალნო აბრაამისა, მისი რჩეულისა, ძენო იაკობისა,
რჩეულნო მისნო. |
13 |
და ნათესავნი ისრაჱლისანი, მონანი მისნი, ძენი იაკობისნი,
რჩეულნი მისნი. |
14 |
ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა
სამართალნი მისნი. |
14 |
ესე არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოველსა ქუეყანასა ზედა
არიან სამართალნი მისნი. |
15 |
გახსოვდეთ საუკუნოდ აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა
ათასი თაობის მიმართ, |
15 |
მოიჴსენებს საუკუნოდ აღთქმათა მისთა სიტყუაჲ მისი, რომელი
ამცნო ათასამდე ნათესავად, |
16 |
რომელიც დაუდო აბრაამს, და მისი ფიცი ისაკთან, |
16 |
რომელი აღუთქუა აბრაჰამს, და ფიცი მისი ისაკს. |
17 |
და რაც დაუდგინა იაკობს წესად და ისრაელს - საუკუნო
აღთქმად. |
17 |
და აღუდგინა იგი იაკობს ბრძანებად ისრაჱლისა აღთქმად
საუკუნოდ |
18 |
უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი
მემკვიდრეობისა. |
18 |
და ჰრქუა: თქუენ მიგცე ქუეყანა ქანანისა ნაწილად
მკჳდრებისა თქუენისა, |
19 |
როცა ცოტანი იყავით, მცირერიცხოვანნი და იქ შეხიზნულნი, |
19 |
რამეთუ იყუნნეს იგინი რიცხჳთ მცირე, ვიდრე შემცირდეს და
მწირ იქმნნეს მას ზედა. |
20 |
იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა
ერთან, |
20 |
და წარვიდეს ნათესავითი ნათესავად და სამეუფოთ სხუად
ერად. |
21 |
არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და აფრთხილებდა მათ გამო
მეფეებს: |
21 |
არა უტევა კაცსა მძლავრობად მათა. და ამხილა მათთჳს
მეფეთა. |
22 |
არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეგყველებს არ
უბოროტოთ. |
22 |
და ამცნო: ნუ შეეხებით ცხებულთა ჩემთა და
წინაწარმეტყუელთა ჩემთა ნუ ბოროტსა უყოფთ. |
23 |
უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ახარებდეთ დღითიდღე მისმიერ ხსნას.
|
23 |
უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა; მიუთხრობდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.
|
24 |
მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი
სასწაულები. |
24 |
მიუთხრენით წარმართთა დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა
საკჳრველებაჲ მისი. |
25 |
რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე
საშიშია ის. |
25 |
რამეთუ დიდ არს უფალი ქებულ ფრიად. და საშინელ არს
ყოველთა ზედა ღმერთთა. |
26 |
რადგან ხალხთა ყველა ღმერთი - კერპებია, ხოლო უფალმა ცანი
შეჰქმნა. |
26 |
რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან. და
ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნნა. |
27 |
მშვენიერება და ბრწყინვალება მის წინაშე, სიძლიერე და
მომხიბლაობა - მის ტაძარში. |
27 |
დიდებაჲ და ქებაჲ წინაშე პირსა მისსა, ძალი და სიქადული
ადგილსა მისსა |
28 |
შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და
დიდება. |
28 |
მიეცით უფალსა ტომთა წარმართთა, მიეცით უფალსა დიდებაჲ და
ძალი, |
29 |
შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და
მიდით მის ეზოებში. |
29 |
მიეცით უფალსა დიდებაჲ სახელსა მისსა. მოიღეთ ძღუენი და
შეიღეთ წინაშე პირსა მისსა და თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა. |
30 |
ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა
სამყარო, არ შეირყევა. |
30 |
ეშინოდენ პირისა მისისაგან ყოველსა ქუეყანასა, განემართენ
ქუეყანა და ნუ შეიძრვინ. |
31 |
გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით
ხალხებს: უფალი მეფობს! |
31 |
იხარებდინ ცაჲ და მხიარულ იყავნ ქუეყანა. და თქუედ
წარმართთა შორის, რამეთუ უფალი მეუფებს. |
32 |
იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და
ყოველი, რაც მასზეა. |
32 |
ოხრიდეს ზღუაჲ სავსებითურთ და ხე ველისა და ყოველი,
რომელი არს მას შინა. |
33 |
მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა
ქვეყნიერების განსასჯელად. |
33 |
მაშინ იხარებდეს ხე მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ
მოვიდა განკითხვად ქუეყანისა. |
34 |
აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.
|
34 |
აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი
|
35 |
და თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და
დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნოთ შენი
ქება-დიდებით. |
35 |
და თქუთ: გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო ცხორებისა ჩუენისაო, და
განმარინენ ჩუენ წარმართთაგან ქებად სახელსა წმიდასა შენსა და სიქადულად
ქებათა შენთა. |
36 |
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი
უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს! |
36 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა საუკუნეთა მიმართ
ვიდრე საუკუნოდმდე. და თქუას ყოველმან ერმან ამინ და აქებდეს უფალსა. |
37 |
დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და
მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად, |
37 |
დაუტევეს მუნ წინაშე კიდობნისა უფლისასა ასაფ და ძმანი
მისნი მსახურებად წინაშე კიდობნისა მის ყოველსა ჟამსა დღითი დღე. |
38 |
და ყობედ-ედომი და მისი ძმები - სამოცდარვა. ყობედ-ედომ
იედუთუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად, |
38 |
და აბდედომ და ძმანი მისნი სამეოცდარვანი, და აბდედომ, ძე
იდითუმისი, და ოსე მეკარედ. |
39 |
მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის
სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა, |
39 |
და სადუკ მღდელი და ძმანი მისნი მღდელნი წინაშე კარვისა
უფლისა ბამას, რომელ არს გაბაონს. |
40 |
რომ მუდამ, დილა-საღამოობით, აღსავლენი აღევლინათ
უფლისათვის აღსავლენის სამსხვერპლოზე და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც
უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს. |
40 |
შეწირვად მრგულიად დასაწველთა უფლისათა საკურთხეველსა
ზედა ყოვლად დასაწველთასა მარადის განთიად და მწუხრი ყოვლისა მისებრ
წერილისა სჯულსა უფლისასა, რაოდენი ამცნო უფალმან ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა
მოსესითა, მსახურისა უფლისათა. |
41 |
მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი,
რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
41 |
და მის თანა ემან და იდითუმ და სხუანი, რომელნი გამორჩეულ
იყუნეს სახელით ქებად უფლისა, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი. |
42 |
მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა
და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი
კარიბჭესთან. |
42 |
და მათ თანა საყჳრები და წინწილები ჴმობდა გალობასა და
სტჳრები გალობათა ღმრთისათა და ძენი იდითუმისნი ბჭეთა ზედა. |
43 |
ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დავითიც
თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა. |
43 |
და წარვიდა კაცად-კაცადი ყოველი ერი სახლად თჳსა. და
მოიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსსა. |