1 |
ხოლო მაკაბელმა და მისმა თანამზრახველებმა, როცა უფალმა კვლავ იბრუნა მათკენ პირი,
ტაძარიცა და ქალაქიც დაიბრუნეს, |
|
|
2 |
მოედანზე კი უცხო ტომთა ნაგები სამსხვერპლოები და
საკერპოები გაანადგურეს. |
|
|
3 |
ტაძარი რომ განწმიდეს, ახალი სამსხვერძლო ააგეს; მერე
კაჟებიდან დააკვესეს ცეცხლი და ორწლიანი შუალედის შემდეგ მსხვერპლი
შესწირეს, აკმიეს საკმეველი, აანთეს სასანთლეები და მიიტანეს დასადებელი
პურები. |
|
|
4 |
აღასრულებდნენ ამ წესს და ევედრებოდნენ ღმერთს
ქვედამხობილნი, აღარ დასტეხოდათ თავს ამგვარი უბედურებები; ხოლო თუ
შესცოდავდნენ, დიდსულოვნებით დარიგებულიყვნენ მისგან და არ ჩაცვენილიყვნენ
ღვთისმგმობელთა და ბარბაროსთა ხელში. |
|
|
5 |
ერთსადაიმავე დღეს მოუწია ტაძარს უცხო ტომთაგან
შეგინებამაც და განწმედამაც. ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს. |
|
|
6 |
რვა დღეს ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს,
იხსენებდნენ, ცოტა ხნის წინ კარვობის დღესასწაულზე მთებსა და მღვიმეებში
ველის მხეცებივით რომ დაეხეტებოდნენ. |
|
|
7 |
ეპყრათ კვერთხები და მთის მცენარეთა ტოტები, აგრეთვე
პალმის რტოები და მადლს სწირავდნენ მას, ვინც თავისი წმიდა ადგილი
გააწმედინა მათ. |
|
|
8 |
დააწესეს საერთო დადგენილებითა და კენჭისყრით, რომ
იუდაელთა მთელ მოდგმას ყოველწლიურად აღენიშნა ეს დღეები. |
|
|
9 |
ასეთი იყო აღსასრული ეპიფანედ წოდებული ანტიოქოსისა. |
|
|
10 |
ახლა კი ანტიოქოს ევპატორის, უღვთო კაცის შვილის დროს მომხდარ ამბებს მოგახსენებთ
და მხოლოდ ომების დროს მომხდარ ბოროტებათა აღწერით შემოვიფარგლებით. |
|
|
11 |
როცა ანტიოქოსმა სამეფო მიიღო, საქმეები ჩააბარა ვინმე
ლისიას, კოილეს სირიისა და ფინიკიის მთავარსარდალს. |
|
|
12 |
რაკი პტოლემეოსი, მაკრონად წოდებული, სამართლიანობას იჩენდა იუდაელთა მიმართ მათ
წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობათა სანაცვლოდ და ცდილობდა მათთან მშვიდობიანი
ურთიერთობის დამყარებას, |
|
|
13 |
ამიტომ მეფის მეგობრებმა მას ევპატორთან ცილი დასწამეს; ყველამ მოღალატედ აღიარა
იგი, რადგან მან დატოვა კვიპროსი, რომელიც ფილომეტორმა ჩააბარა მას და ანტიოქოს
ეპიფანესთან გადავიდა. ლისიამაც, ღირსეულად რომ ვერ წარმართა მისდამი რწმუნებული
განმგებლობა, მოიწამლა თავი და ასე დაასრულა სიცოცხლე. |
|
|
14 |
ხოლო გორგია, რომელიც ამ ადგილების სტრატეგოსი გახდა,
ინახავდა უცხოელთა დაქირავებულ ჯარს და იუდაელებთან ომისთვის მუდამ მზად
იყო. |
|
|
15 |
ამასთან ერთად, ედომელნიც, რომელთაც მთავარი ციხე-სიმაგრეები ეჭირათ, უსაფრდებოდნვნ
იუდაელებს; ისინი იერუსალიმელ ლტოლვილებს თავშესაფარს სთავაზობდნენ და მზად იყვნენ
საომრად. |
|
|
16 |
მაკაბელის მეომრებმა, მას შემდეგ რაც ილოცეს და შეევედრნენ ღმერთს, რომ მათი
თანამებრძოლი გამხდარიყო, ედომის ციხე-სიმაგრეებს შეუტიეს. |
|
|
17 |
იერიშით საბოლოოდ იგდეს ხელთ ყველა ადგილი და გალავანზე მებრძოლი ყველა შემუსრეს;
კლავდნენ, ვინც კი გზად შეხვდებოდათ, გაწყვიტეს არანაკლებ ოციათასი კაცისა. |
|
|
18 |
როცა ცხრაათასამდე კაცმა თავი შეაფარა ორ გოდოლს,
რომლებიც საკმაოდ იყო გამაგრებული, რომ ალყისთვის გაეძლოთ, |
|
|
19 |
მაკაბელმა დატოვა სიმონი და იოსები, აგრეთვე ზაკქეოსი და
მისი ხალხი, საკმარისნი იმისათვის რომ გოდლები ალყაში მოექციათ, თავად კი
წავიდა. |
|
|
20 |
მაგრამ სიმონის ხალხი, ვერცხლის სიყვარულით აღგზნებული,
ზოგიერთებმა მეციხოვნეთაგან ვერცხლით მოისყიდეს და მათაც სამოცდაათიათასი
დრაქმის საფასურად გააპარეს ზოგი მათგანი. |
|
|
21 |
როცა მაკაბელს ეს ამბავი აუწყეს, მან შეკრიბა ხალხის
წინამბრძოლები და ბრალი დასდო ამ კაცებს, რომელთაც ფულზე გაყიდეს მოძმენი
და მტრებს ხელი გაუხსნეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. |
|
|
22 |
მან სიკვდილით დასაჯა დამნაშავენი, როგორც მოღალატეები,
და მაშინვე ორ გოდოლზე წარმატებით მიიტანა იერიში. |
|
|
23 |
აიღო გოდლები გამარჯვების მომხვეჭელი იარაღით, გაანადგურა
მათში მსხდომი ოციათასზე მეტი კაცი. |
|
|
24 |
ახლა ტიმოთემ, რომელიც ადრე იუდაელებმა დაამარცხეს,
შეკრიბა დიდძალი დაქირავებული ჯარი და აზიიდანაც არამცირედი რაოდენობის
ცხენოსნები შეაგროვა, და დაიძრა იუდას დასალაშქრავად. |
|
|
25 |
როცა მოახლოვდნენ ისინი, მაკაბელის ხალხმა თავზე მიწის
მტვერი დაიყარა, ჯვალო შემოირტყა წელზე და ლოცვა-ვედრება აღავლინა
ღვთისადმი. |
|
|
26 |
სამსხვერპლოს კვარცხლბეკთან დამხობილნი ევედრებოდნენ
ღმერთს, წყალობის თვალით მიეხედა მათთვის, მათი მტრების მტერი და მათ
წინამდეგთა წინამდეგი გამხდარიყო, როგორც ამას რჯული აცხადებს. |
|
|
27 |
ღვთისმსახურების შემდეგ იარაღი აისხეს და კარგა მანძილზე გაშორდნენ ქალაქს;
მიუახლოვდნენ მათზე წამოსულ მტერს |
|
|
28 |
და განთიადისას ორი ლაშქარი შეება ერთმანეთს: ერთნი, ვინც გამარჯვების იმედს თავის
ძალაზე კი არა, არამედ უფლის შეწევნაზე ამყარებდნენ, და მეორენი, ვინც ბრძოლაში
წინამძღოლად მძვინვარება დაიყენეს. |
|
|
29 |
ბრძოლა რომ შენივთდა, მოწინააღმდეგეს ციდან მოეჩვენა ოქროს მოსართავებით შეკაზმულ
ცხენებზე ამხედრებული ხუთი ღირსეული კაცი, რომლებიც გაუძღვნენ იუდაელებს; |
|
|
30 |
მათ შუაში მოიქციეს მაკაბელების ლაშქარი, თავიანთი იარაღით იცავდნენ მათ და
დაჭრისგან იფარავდნენ. მტრის ლაშქარს კი სტორცნიდნენ ისრებსა და მეხს, და
თავგზააბნეულნი და დაბრმავებულნი აქეთ-იქით იფანტებოდნენ. |
|
|
31 |
გაწყდა ორიათას ხუთასი კაცი, მხედარი კი ექვსასი. |
|
|
32 |
თავად ტიმოთემ კი მიაშურა გაზარად წოდებულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც ქერეას ჰქონდა
ჩაბარებული და კარგად იყო მომარაგებული. |
|
|
33 |
ხოლო მაკაბელის ხალხი, გამარჯვებით გახალისებული, ოთხი დღე ალყით ადგა ციხეს. |
|
|
34 |
ციხეში მყოფნი, მიუვალი ადგილით დაიმედებულნი, ღმერთს გმობდნენ და უკადრის სიტყვებს
გაჰყვიროდნენ. |
|
|
35 |
მეხუთე დღე რომ გათენდა, ოცი ახალგაზრდა მაკაბელის რიგებიდან ღვთისმგმობელობის გამო
შურით ანთებული, ვაჟკაცურად მიეჭრა გალავანს და რისხვით გამძვინვარებული მუსრავდა
ყველა დამხვდურს. |
|
|
36 |
სხვებმაც მათ მსგავსად ციხეზე იერიში მიიტანეს; წაუკიდეს ცეცხლი გოდლებს და ცოცხლად
წვავდნენ ღვთის მგმობელთ ცეცხლში. სხვებმა კარიბჭე შელეწეს და დანარჩენი რაზმებიც
ციხეში შეუშვეს. ასე აიღეს ქალაქი. |
|
|
37 |
მოკლეს ტიმოთე, რომელიც ჭაში იყო დამალული, ასევე მისი ძმა ქერეა, და აპოლოფანეც. |
|
|
38 |
ამის შემდეგ საგალობლებითა და სამადლობლებით დალოცეს უფალი, რომელმაც დიდი სიკეთე
მომადლა ისრაელს და გაამარჯვებინა. |
|
|