1 |
სულ მცირე ხნის შემდეგ ლისიამ, მეფის მცველმა და ნათესავმა, მომხდარი ამბებით ძლიერ
შეწუხებულმა, |
|
|
2 |
შეაგროვა ოთხმოციათასამდე ქვეითი ჯარი და მთელი მხედრობა
და იუდაელებზე გამოილაშქრა, რაკი იმედოვნებდა, რომ მათ ქალაქს ელინთა
სამკვიდრებლად გადააქცევდა. |
|
|
3 |
ტაძარს გადასახადით დაბეგრავდა წარმართთა სხვა
საკერპოების მსგავსად, მღვდელმთავრობას კი ყოველწლიურად გასაყიდად აქცევდა. |
|
|
4 |
არაფრად ჩააგდო ღვთის ძალა თავისი ათიათასი ქვეითის,
ათასი ცხენოსნის და ოთხმოცი სპილოს იმედით. |
|
|
5 |
შემოვიდა იუდაში, მიუახლოვდა ბეთ-ცურს, გამაგრებულ
ადგილს, რომელიც იერუსალიმიდან ხუთი სტადიონით იყო დაშორებული, და ძლიერ
შეავიწროვა იგი. |
|
|
6 |
როცა მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა გაიგეს, რომ
ლისიამ იერიში მიიტანა სიმაგრეზე, ხალხთან ერთად გოდებითა და ცრემლებით
შესთხოვეს უფალს, რომ კეთილი ანგელოზი მოევლინებინა ისრაელის დასახსნელად. |
|
|
7 |
პირველად მაკაბელმა აისხა იარაღი და სხვებს არწმუნებდა,
საფრთხეს არ დარიდებოდნენ მასავით და ძმებს დახმარებოდნენ. და ყველანი
ერთად დაიძრნენ. |
|
|
8 |
იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ, უცებ წინამძღოლად
გამოეცხადათ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მხედარი, რომელიც ოქროს იარაღს
არხევდა. |
|
|
9 |
მაშინ ყველამ ერთიანად შესწირა მადლი მოწყალე ღმერთს და
სული გაიმაგრეს, მზად იყვნენ, არა მარტო ადამიანები, არამედ სასტიკი
მხეცები ან თვით რკინის კედლებიც კი შეემუსრათ. |
|
|
10 |
წამოვიდნენ საბრძოლო წყობით ცით მოვლენილი თანამებრძოლის მფარველობით, რადგან
უფალმა მოიღო მათზე წყალობა. |
|
|
11 |
ლომებივით დაეძგერნენ მტერს და გაანადგურეს იგი -
თერთმეტი ათასი ქვეითი და ათასექვსასი ცხენოსანი, დანარჩენი ყველა
უკუაქციეს. |
|
|
12 |
ბევრი მათგანი შიშველი და დაჭრილი გაიქცა, თავად ლისიამაც სამარცხვინო უკუქცევით
უშველა თავს. |
|
|
13 |
რაკი უგუნური კაცი არ იყო და თავისით ასწონ-დასწონა მის თავს მოწეული მარცხი,
მიხვდა, რომ უძლეველნი არიან ებრაელები, რადგან ძლიერი ღმერთი იბრძვის მათ მხარეზე. |
|
|
14 |
ამიტომ მოციქულები გაუგზავნა მათ და არწმუნებდა, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნაზე
დაყაბულდებოდა და მეფესაც დაარწმუნებდა, იუდაელებთან მეგობრობა დაემყარებინა. |
|
|
15 |
რაკი მაკაბელს საერათო სიკეთე სურდა, დათანხმდა ყველაფერზე რასაც ლისია სთავაზობდა.
მეფემაც დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რაც მაკაბელმა წარუდგინა წერილობით ლისიას
იუდაელებთან დაკავშირებით. |
|
|
16 |
იუდაელებისადმი გამოგზაგნილ ლისიას წერილში კი ეს იყო ნათქვამი: ლისია ყველა
იუდაელს სალამს უთვლის. |
|
|
17 |
იოანემ და აბესალომმა, თქვენმა მოციქულებმა, გადმოგვცეს
თქვენი ხელმოწერილი სიგელი და იზრუნეს გაეცნოთ, რაც წერილშია წარმოდგენილი. |
|
|
18 |
მე მოვახსენე მეფეს ყველაფერი, რაც კი საჭიროა მისთვის
წარსადგენად, და რაზეც შეიძლებოდა დათანხმება, მეფე დათანხმდა. |
|
|
19 |
თუ კეთილგანწყობილებას შეინარჩუნებთ ხელისუფლების მიმართ,
მომავალშიც ვეცდები შეგეწიოთ სასიკეთოდ. |
|
|
20 |
რაც კერძო საკითხებს შეეხება, მე დავავალე თქვენს
მოციქულებს და ჩემს რწმუნებულთ, მოილაპარაკონ თქვენთან ერთად. |
|
|
21 |
დღეგრძელი იყავით. ასორმოცდარვა წელი, დიოს კორინთიოსის
ოცდაოთხი. |
|
|
22 |
მეფის წერილში კი ეს ეწერა: მეფე ანტიოქოსი ძმას, ლისიას
სალამს უთვლის. |
|
|
23 |
მას შემდეგ, რაც მამაჩვენი ღმერთებთან გადავიდა, ჩვენ
მოვისურვეთ, სამეფოს ქვეშევრდომთ უშფოთველად წარემართათ თავიანთი საქმეები. |
|
|
24 |
როცა გავიგეთ, რომ იუდაელები არ ეთანხმებიან მამაჩვენის
ახლადშემოღებულ ელინურ წეს-ჩვეულებებს, საკუთარ წეს-ჩვეულებებს ანიჭებენ
უპირატესობას და მოითხოვენ, ნება მიეცეთ საკუთარი რჯულის დაცვისა, |
|
|
25 |
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა უდრტვინველად უნდა
იცხოვროს, და დავადგინეთ: აღდგენილ იქნას მათი ტაძარი და იცხოვრონ თავიანთი
მამაპაპეული რჯულის თანახმად. |
|
|
26 |
შენ კი კარგს იზამ, თუ მოციქულებს გაუგზავნი და
დაუზავდები მათ, რათა ჩვენს კეთილმოსურნეობაში დარწმუნებულებმა, სიხარულით
და ხალისით აკეთონ თავიანთი საქმეები. |
|
|
27 |
ხოლო იუდაელი ხალხისადმი მეფის წერილი ამას გვაუწყებდა: მეფე ანტიოქოსი იუდაელთა
უხუცესთა საბჭოს და ყველა იუდაელს სალამს უთვლის. |
|
|
28 |
ჯანმრთელად თუ ხართ, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენც კარგად ვართ. |
|
|
29 |
მენელაოსმა გვაუწყა, რომ შინ დაბრუნებას აპირებთ თქვენი საქმეების მისახედად. |
|
|
30 |
და ვინც ქსანთიკოსის ოცდამეათე დღემდე ჩამოვა, ყველა უზრუნველყოფილი იქნება
მეგობრობითა და სრული ნებართვით |
|
|
31 |
იუდაელთათვის, რომ წინანდებურად ჭამონ თავიანთი საჭმელები და დაიცვან თავიანთი
რჯული, რომ არავის არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებენ, რაც არ უნდა ჩაიდინონ
თავიანთი უმეცრებით. |
|
|
32 |
ვაგზავნი თქვენთან მოსალაპარაკებლად მენელაოსს. |
|
|
33 |
ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი. |
|
|
34 |
რომაელებმაც გაუგზაგნეს იუდაელებს წერილი, რომელშიც ეწერა, კვინტუს მემიუსი, ტიტუს
მანიუსი, რომაელთა უხუცესნი სალამს უთვლიან იუდაელ ხალხს. |
|
|
35 |
რაც ლისიამ, მეფის ნათესავმა, თქვენ დაგითმოთ, ამას ჩვენც ვადასტურებთ. |
|
|
36 |
რასაც იგი გადაწყვეტს მოახსენოს მეფეს, მყისვე აწონ-დაწონეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ,
რომ შეგეწიოთ თქვენთვის საჭირო საქმეში, რადგან ანტიოქიაში მოვდივართ. |
|
|
37 |
ამიტომ იჩქარეთ, გვაუწყეთ ამბავი, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რა აზრს დაადექით. |
|
|
38 |
ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი. |
|
|