1 |
როცა მშვიდობა სუფევდა წმიდა ქალაქში და რჯულსაც ონია მღვდელთმთავრის
ღვთისმოსავობისა და ბოროტმოძულეობის წყალობით პატიოსნად იცავდა ხალხი, |
|
|
2 |
თავად მეფეებიც კი პატივს მიაგებდნენ ამ ადგილს და
საკურთხეველსაც საგანგებო ძღვენს სწირავდნენ. |
|
|
3 |
ასე, რომ, თვით აზიის მეფეს, სელევკოსსაც კი გაუღია
საკუთარი ხაზინიდან სახსრები ყოველგვარი მსხვერბლშეწირვისა და
ღვთისმსახურებისათვის. |
|
|
4 |
მაგრამ ერთი კაცი, სახელად სიმონი ბენიამინის ტომიდან,
ტაძრის მეურვედ რომ დაადგინეს, ქალაქის კანონმდებლობის თაობაზე შემოედავა
მღვდელმთავარს. |
|
|
5 |
რომ ვერ აჯობა ონიას, წავიდა აპოლონიოს თრასეას ძესთან,
კოილეს სირიისა და ფინიკიის იმდროინდელ სარდალთან. |
|
|
6 |
და მოახსენა, რომ იერუსალიმის საგანძურები სავსე იყო
ფულით და რომ იქ უთვალავი სხვა ნივთიც იპოვებოდა, და რომ ისინი არ
ეკუთვნოდა შესაწირავებს და რომ შეიძლებოდა მეფეს ხელთ ეგდო ეს ყველაფერი. |
|
|
7 |
აპოლონიოსიც შეხვდა თავად მეფეს, მოახსენა ფულის თაობაზე,
რაზეც იყო ლაპარაკი, და მეფემაც გადაწყვიტა, ამ საქმეზე ჰელიოდოროსი
გაეგზავნა ხსენებული ფულის წამოსაღებად. |
|
|
8 |
ჰელიოდოროსმა მაშინვე დაიწყო სამზადისი; კოილეს სირიისა
და ფინიკიის ქალაქთა დათვალიერებას იმიზეზებდა, სინამდვილეში კი მეფის
დანაბარები უნდა შეესრულებინა. |
|
|
9 |
მოყვრულად მიიღო იერუსალიმში ჩასული ჰელიოდოროსი ქალაქის
მღვდელმთავარმა და მანაც აუწყა მას მეფის მოთხოვნა და განუცხადა, რის გამოც
იყო აქ მოვლენილი; თან ეკითხებოდა მღვდელმთავარს, სიმართლე იყო თუ არა
საგანძურის ამბავი. |
|
|
10 |
მღვდელმთავარმა განუმარტა, ეს ქონება ქვრივებისა და ობლების მობარებულიაო, |
|
|
11 |
ნაწილი კი ერთი დიდად გავლენიანი კაცის, ჰირკანოს ტობიას
ძის არისო. ჩვენთან სულ ოთხასი ტალანტი ვერცხლი და ორასი ტალანტი ოქრო
ინახება, უკეთურმა სიმონმა კი ცილი დაგვწამაო. |
|
|
12 |
ხოლო იმათი დაჩაგვრა, ვინც დაენდო ამ კვრივ ადგილს და მთელს სამყაროში პატივდებული
ტაძრის სიწმიდესა და შეუვალობას, ყოვლად დაუშვებელიაო. |
|
|
13 |
მაგრამ ჰელიოდოროსი დაჟინებით ითხოვდა მეფის განკარგულების აღსრულებას; ამბობდა, ეს
ქონება მეფის საგანძურში უნდა შევიდესო. |
|
|
14 |
დადგენილ დღეს იგი შეუდგა განზრახულის განხორციელებას, რასაც ქალაქში დიდი
მღელვარება მოჰყვა. |
|
|
15 |
მღვდლები, წოდების შესაბამისად შემოსილნი, სამსხვერპლოს
წინ დაემხენ და უხმობდნენ ცაში იმას, ვინც ტაძრისთვის მიბარებულის რჯული
დააწესა, დაეცვა მიმბარებელთა ქონება. |
|
|
16 |
გული ეკუმშებოდა მღვდელმთავრის სახის შემყურეს - სულიერ ტკივილს მისი სახის
გამომეტყველება და კანის ფერიც კი შეეცვალა. |
|
|
17 |
შიშით იყო შეძრული მისი სხეული და ცხადად ხედავდა
მაყურებელი მის გულში ჩაბუდებულ ტკივილს. |
|
|
18 |
სახლებიდანაც გამორბოდა ხალხი საყოველთაო ლოცვაზე, რაკი
წმიდა ადგილს შეგინება მოელოდა. |
|
|
19 |
ჯვალოთი წელშემოსარტლული ქალები ქუჩებში გროვდებოდნენ,
სახლებში გამოკეტილ ქალწულთაგან კი ზოგი კარიბჭისკენ გარბოდა, ზოგი
გალავანზე გადიოდა, ზოგიც სარკმლიდან იყურებოდა. |
|
|
20 |
ყველა იწვდიდა ცისკენ ხელებს და ლოცვა-ვედრებას
აღავლენდა. |
|
|
21 |
საცოდავი საყურებელი იყო პირქვე დამხობილი ხალხი და
მოლოდინით გათანგული მღვდელმთავარი. |
|
|
22 |
ევედრებოდნენ ყოვლისშემძლე უფალს, რათა დაეცვა მორწმუნეთა
მიბარებული განძი. |
|
|
23 |
ჰელიოდოროსი კი შეუდგა განზრახულის აღსრულებას. |
|
|
24 |
და როცა იგი შუბოსნებთან ერთად უკვე მიადგა საგანძურს,
სულთა და ყოველთა ძალთა მპყრობელმა დიადი ხილვა მოუვლინა ჰელიოდოროსსა და
მთელს მის ამალას; ყველას, ვინც კი გაბედა ჰელიოდოროსის თანხლება, ზარი
დასცა ღვთის ძალამ და შიშისგან ცნობა წაერთვათ. |
|
|
25 |
ეჩვენათ დიდებულად აღკაზმული ცხენი საშინელი მხედრით;
ფიცხლად მიეჭრა იგი ჰელიოდოროსს და წინა ფლოქვები აძგერა მას. მხედარი,
როგორც ჩანდა, მთლიანად ოქროთი იყო შემოსილი და აღჭურვილი. |
|
|
26 |
მხედართან ერთად გამოჩნდა ორი სხვა ჭაბუკი, ძალით
გამორჩეულნი, სახით მშვენიერნი და ბრწყინვალედ შემოსილნი; ორივე მხრიდან
მოსდგნენ ჰელიოდოროსს და გაშოლტვა დაუწყეს, ჭრილობებით დაუფარეს ტანი. |
|
|
27 |
მყისვე დაეცა მიწაზე ჰელიოდოროსი და ღრმა წყვდიადმა მოიცვა იგი. აიღეს და საკაცეზე
დადეს. |
|
|
28 |
და ის, ვინც წეღან დიდი ამალითა და მრავალი შუბოსნის
თანხლებით შედიოდა საგანძურში, ახლა უმწეო გამოჰქონდათ უკან; ცხადი
გამხდარიყო მისთვის ღვთის ძლევამოსილება. |
|
|
29 |
და ეგდო უხმოდ, ღვთაებრივი ძალით დასჯილი, ყოველგვარ
იმედსა და ხსნას მოკლებული. |
|
|
30 |
აუდაელები კი განადიდებდნენ უფალს, სასწაული რომ მოუვლინა
თავის სამკვიდრებელს და სულ ცოტა ხნის წინ შიშითა და დაბნეულობით აღვსილი
ტაძარი ახლა, ყოვლისშემძლის გამოცხადებით, სიხარულითა და მადლით აღივსო. |
|
|
31 |
მაშინ ჰელიოდოროსის რამდენიმე ნათესავთაგანი ეახლა ონიას
და სთხოვა, უზენაესს შევედრებოდა, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა
სულთმობრძავისათვის. |
|
|
32 |
მღვდელმთავარიც შეშინდა, მეფეს არ ეფიქრა, თითქოს
იუდაელებს ჰელიოდოროსისადმი რაიმე ავი განზრახვა ჰქონოდეთ, და
მსხვერპლშეწირვა აღასრულა კაცის გადასარჩენად. |
|
|
33 |
ამ გამოსასყიდი ღვთისმსახურების დროს კვლავ გამოეცხადნენ
ჰელიოდოროსს ჭაბუკები, იმავე სამოსელში გამოწყობილნი, წინ დაუდგნენ და
უთხრეს: დიდი მადლი უნდა მიაგო ონია მღვდელმთავარს, რადგან მისი წყალობით
გაჩუქა სიცოცხლე უფალმა. |
|
|
34 |
შენ კი, ღვთის მიერ დასჯილო, ყველას აუწყე მისი
ძლევამოსილება. ეს თქვეს და გაუჩინარდნენ. |
|
|
35 |
ხოლო ჰელიოდოროსმა მსხვერპლი შესწირა უფალს, მრავალი
აღთქმა აღუთქვა სიცოცხლის ხსნისათვის, მადლი მიაგო ონიას და თავისი
მხედრობითურთ მეფესთან გაბრუნდა. |
|
|
36 |
ადასტურებდა ყველას წინაშე. რომ იხილა უზენაესი ღმერთის
მოქმედება. |
|
|
37 |
ხოლო მეფის შეკითხვაზე, ვის მიიჩნევდა შესაფერისად,
ერთხელ კიდევ რომ გაეგზავნათ იერუსალიმში, ჰელიოდოროსი პასუხობდა: |
|
|
38 |
თუ გყავს ვინმე მტერი, ან ვინმე ისეთი, ვისაც შენს
საქმეებზე ბოროტად უჭირავს თვალი, ის გაგზავნე და უკან მიიღეს მას
გაშოლტილს, თუ ცოცხალი გადარჩა, რადგან ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალაა
დასადგურებული ამ ადგილზე. |
|
|
39 |
თავად ის, ვინც ცაშია დამკვიდრებული, ადევნებს თვალყურს
ამ ადგილს და იცავს მას, ამხობს და ანადგურებს შეურაცხმყოფელს. |
|
|
40 |
აი, ეს შეემთხვა ჰელიოდოროსს და ასე გადარჩა საგანძური. |
|
|