ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მაკაბელთა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო ზემოთხსენებული სიმონი, საგანძურისა და სამშობლოს გამყიდველი, ცილს სწამებდა ონიას, თითქოს მას შთაეგონებინოს ჰელიოდოროსი და ბოროტ საქმეთა მოთავე ყოფილიყოს.

   
2 იმის თქმასაც კი ბედავდა, თითქოს ქალაქის კეთილმოამაგე, თვისტომებზე მზრუნველი და კანონების თავგამოდებული ქომაგი, მმართველობის წინააღმდეგ შეთქმულიყოს.    
3 მტრობა იქამდე მივიდა, რომ სიმონი, ერთი თვისი სანდო კაცის მეშვეობით, მკვლელირაზე აქეზებდა ხალხს.    
4 როცა ონია მიხვდა, რომ ეს მტრობა სახიფათო იყო და რომ აპოლონიოს მენესთევსის ძე, კოილეს სირიისა და ფინიკიის სტრატეგოსი, აქეზებდა სიმონს ბოროტმოქმედებაზე,    
5 ეახლა მეფეს არა როგორც თანამოქალაქეთა ბრალმდებელი, არამედ როგორც კერძო და საზოგადო კეთილდღეობაზე მზრუნველი.    
6 რადგან ხედავდა, რომ მეფის ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეთა მშვიდობიანი მოგვარება და სიმონიც თავის უგუნურებაზე არ იღებდა ხელს.    
7 როცა სელევკოსი აღესრულა და სამეფო ეპიფანედ წოდებულმა ანტიოქოსმა ჩაიბარა, მღვდელმთავრობის უკანონოდ ხელში ჩაგდება მოიწადინა იასონმა, ონიას ძმამ.    
8 იგი ეახლა მეფეს და აღუთქვა მას სამასსამოცი ტალანტი ვერცხლი და კიდევ ოთხმოცი ტალანტი სხვა შემოსავლიდან.    
9 გარდა ამისა, შეჰპირდა კიდევ ასორმოცდაათის გადახდას, თუკი უფლებას მისცემდნენ, ამ თანხით დაეარსებინათ გიმნასიონი და ეფებეიონი, იერუსალემელები კი ანტიოქიის მოქალაქეებად ჩაეწერათ.    
10 მეფე რომ დაითანხმა და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მაშინვე შეეცადა თვისტომთა შორის ელინური ჩვევების გავრცელებას.    
11 აუქმებდა შეღავათებს, რომლებიც იუდაელებს კაცთმოყვარე მეფისგან ჰქონდათ მიღებული ევპოლემოსის მამის, იოანეს წყალობით, როცა ის ელჩობდა რომაელებთან მეგობრობისა და კაცთმოყვარეობის გასამყარებლად. არღვევდა რჯულიერ ცხოვრებას და ურჯულო წეს-ჩვეულებებს ნერგავდა.    
12 ხალისით ააგო მან გიმნასიონი პირდაპირ ციხესიმაგრის ძირას და აიძულებდა რჩეულ ყმაწვილებს, ელინური ქუდი ეტარებინათ.    
13 ეს იყო ელინურობის უკიდურესი გამოვლინება და უცხოურობის შემოჭრა უღვთო და ცრუმღვდელმთავრის, იასონის მკრეხელური მოქმედების მეოხებით.    
14 აღარ იყვნენ ღვთისმსახურებას მოწადინებული მღვდლები, მოიძულეს მათი ტაძარი, არ სურდათ მსხვერპლშეწირვა და გატყორცნილი დისკოს ხმის გაგონებისთანავე გარბოდნენ მოედანზე ურჯულო ასპარეზობის საყურებლად.    
15 არად აგდებდნენ მამაპაპეულ პატივს და მხოლოდ ელინური დიდება მიიჩნეოდა ღირსებად.    
16

ამის გამო კიდეც დაატყდათ მათ თავს უბედურება; სწორედ ისინი შეიქნენ მათი მტრები და დამსჯელები, რომელთა ცხოვრების წესი მოსწონდათ და ბაძავდნენ.

   
17 რადგან არ არის ადვილი საქმე ღვთიური რჯულის შეურაცხყოფა, როგორც ამას მომავალი გამოაჩენს ხოლმე.    
18 იმ დროს, როცა ტვიროსში მეფის თანდასწრებით ხუთწლიანი ასპარეზობა მიმდინარეობდა,    
19 უწმიდურმა იასონმა იერუსალიმიდან ანტიოქიელები გაგზავნა მაყურებლებად, რათა ჩაეტანათ იქ სამასი დრაქმა ჰერაკლესთვის შესაწირად. მაგრამ მათ, ვისაც ეს ფული ებარა, არ სურდათ მისი შეწირვა, რადგან უკეთურებად მიაჩნდათ, და ფიქრობდნენ, სხვა საჭიროებისთვის დაეხარჯათ იგი.    
20 ამგვარად, ეს ფული, რომელიც მისი გამომგზავნელის ფიქრით ჰერაკლეს სამსხვერპლოდ უნდა გამოყენებულიყო, მის წამომღებთა გადაწყვეტილებით ტრირემების მშენებლობას მოხმარდა.    
21 მას შემდეგ, რაც ფილომეტორის მეფედ გამოცხადების გამო ეგვიპტეში გააგზავნეს აპოლონიოს მენესთევსის ძე, ანტიოქოსმა იგი სამეფოს მტრად მიიჩნია და საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა. ამიტომაც იაფოში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმისკენ გაემართა.    
22 დიდებულად დახვდნენ მას იასონი და მოქალაქენი, ჩირაღდნებითა და ყიჟინით შეიყვანეს ქალაქში. მერე ფინიკიისკენ გაემართა ანტიოქოსი ლაშქრით.    
23 სამი წლის შემდეგ გააგზავნა იასონმა ზემოთხსენებული სიმონის ძმა, მენელაოსი, რათა მეფისთვის ფული გადაეცა და გადაუდებელ საქმეთა თაობაზეც მოეხსენებინა.    
24 ხოლო მენელაოსმა, როცა იგი წარუდგინეს მეფეს, მლიქვნელურად განადიდა სამეფო ხელისუფლება, თავი მღვდელმთავრად გამოაცხადა და იასონის შეპირებული თანხის ზევით სამასი გალანტი აღუთქვა მეფეს.    
25 როცა მენელაოსმა მეფისაგან დავალება მიიღო, დაბრუნდა უკან, მაგრამ მღვდელმთავრობის ღირსი არაფერი წამოუღია თან, მხოლოდ ტირანის სისასტიკე და მძვინვარება ველური მხეცისა.    
26 ამგვარად, იასონი, ვინც საკუთარი ძმა გააბრიყვა და თავადაც სხვისგან იქნა გაბრიყვებული, გაიქცა ლტოლვილი ყამონელთა ქვეყანაში.    
27 მენელაოსმა ძალაუფლება კი ჩაიგდო ხელში, მაგრამ მეფისთვის არ გადაუხდია დაპირებული ფული,    
28 თუმცა მოთხოვნას მოთხოვნაზე უგზავნიდა მას სოსტრატოსი, აკროპოლისის ეპარქოსი, ვისაც ევალა ეს საქმეები. ამის გამო მეფემ თავისთან იხმო ორივე.    
29 მენელაოსმა მღვდელმთავრობა დაუტოვა მოსაყდრეს - ლისიმაქოსს, თავის ძმას, სოსტრატოსმა კი - კრატესს, კვიპროსელთა განმგებელს.    
30 ამ დრთას დაიწყო ტარსოსელთა და მალოტელთა აჯანყება იმის გამო, რომ ისინი საჩუქრად მიუძღვნეს ანტიოქისს, მეფის ხასას.    
31

ამიტომ მეფე სასწრაფოდ გაეშურა საქმეების მოსაგვარებლად და თავის მოსაყდრედ დატოვა ანდრონიკოსი, ერთ-ერთი დიდებულთაგანი.

   
32 მენელაოსმაც იფიქრა, რომ დრო დაუდგა ტაძრის კუთვნილი ნივთებიდან რაღაც ნაწილი ანდრონიკოსისთვის ეჩუქებინა, დანარჩენი კი ტვიროსში და მიმდებარე ქალაქებში გაეყიდა.    
33 დანამდვილებით რომ გაიგო ონიამ ეს ამბავი, ამხილა მენელაოსი და მერე ანტიოქიის მახლობლად დაფნეს შეაფარა თავი.    
34 მენელაოსმა კი, რომელმაც ანდრონიკოსის მხარი დაიჭირა, სთხოვა მას, მოეკლა ონია. ანდრონიკოსი მივიდა ონიასთან და ვერაგული ფიცით და მარჯვენის გაწვდით დაიყოლია, საწმიდარის თავშესაფარიდან გამოსულიყო, მაგრამ კი ყოყმანობდა ონია. გამოსვლისთანავე მოკლა იგი სამართლის უგულებელმყოფელმა.    
35 ამან აღაშფოთა არა მარტო იუდაელები, არამედ სხვა ხალხებიც, ყველანი გულისწყრომით შეხვდნენ კაცის უსამართლო მკვლელობას.    
36 როცა დაბრუნდა მეფე კილიკიის ქვეყნებიდან, ქალაქში მყოფმა იუდაელებმაც და ელინებმაც აღშფოთებით აუწყეს მას, რომ ონია უდანაშაულოდ იყო მოკლული.    
37 დიდად შეწუხდა მაშინ ანტიოქოსი, მოწყალების სულით განიმსჭვლა და ცრემლებით იგონებდა გარდაცვლილის გონიერებასა და დიდ წესიერებას.    
38 რისხვით აგზნებულმა უმალვე შემოაძარცვა ანდრონიკოსს ძოწეული, შემოახია ქიტონი, მთელი ქალაქი შემოატარა და იმ ადგილზე, სადაც უკეთურად მოკლა მან ონია, სიკვდილით დაასჯევინა იგი, რითაც უფალმა საკადრისი მიუზღო ანდრონიკოსს.    
39 როცა ქალაქში ლისიმაქოსის თაოსნობითა და მენელაოსის წაქეზებით ტაძართა ძარცვა გახშირდა და ხალხმაც გაიგო ეს ამბავი, აღშფოთდა ხალხი ლისიმაქოსზე, რადგან მას უკვე დიდძალი ოქროს ჭურჭელი ჰქონდა დატაცებული.    
40 როცა რისხვაატანილი ბრბოები აღდგნენ, ლისიმაქოსმა შეაიარაღა სამასი ათასამდე მეომარი ვინმე ავრანიოსის, ასაკითაც და უგუნურებითაც ხანდაზმული კაცის, მეთაურობით და უსამართლო შეტევაზე გადავიდა.    
41 მაგრამ გაუგეს ლისიმაქოსს განზრახული და დასწვდა ვინ - ქვას, ვინ კომბალს, ზოგმაც მიწაზე დაყრილი ნაცარი მოხვეტა და ერთობლივ დაიძრნენ ლისიმაქოსის ხალხის წინააღმდეგ.    
42 ბევრი მათგანი დაჭრეს, ზოგი დახოცეს, ბევრიც უკუაქციეს, თავად ტაძრის მძარცველი კი საგანძურთან მოკლეს.    
43 ეს ყოველივე ბრალდებად წაუყენეს მენელაოსს.    
44 როცა მეფე ჩავიდა ტვიროსში, სამმა რწმუნებულმა უხუცესთა საბჭოდან საჩივარი აღძრა მის წინააღმდეგ.    
45 უკვე შეპყრობილმა მენელაოსმა კი პტოლემეოს დორიმენეს ძეს აღუთქვა საკმაოდ დიდი ქრთამი მეფის დასაყოლიებლად.    
46

ამიტომ პტოლემეოსმაც, გაინაპირა რა მეფე დასვენების მომიზეზებით, გადაიბირა იგი და აზრი შეაცვლევინა.

   
47 ასე რომ, მართლად ცნეს და გაათავისუფლეს ბოროტმოქმედების სულისჩამდგმელი მენელაოსი და სასიკვდილო განაჩენი გამოუგანეს იმათ, რომელთა სამართლიანი სიტყვა სკვითებთანაც კი გაჭრიდა.    
48 ასე დაატყდა თავს უსამართლო სასჯელი ქალაქის, ხალხისა და წმიდა ჭურჭლის დამცველებს.    
49 ამ ამბით აღშფოთებულმა ტვიროსელებმა უხვად გაიღეს დახოცილთა დასამარხავი ხარჯები.    
50 ხოლო მენელაოსს ამა ქვეყნის ძლიერთა მომხვეჭელობის წყალობით შერჩა ხელისუფლების სადავეები და კიდევ უფრო მომეტებული ბოროტებით მოსისხლე მტრად მოევლინა თანამოქალაქეთ.