1 |
ამ დროისთვის ანტიოქოსმა ეგვიპტეში მეორეჯერ გააგზავნა ლაშქარი.
|
|
|
2 |
და თითქმის ორმოც დღეს მთელ ქალაქზე ჩნდებოდნენ ხოლმე
ჰაერში მოჯირითე მხედრები, მოოქროვილი აღჭურვილობით შემოსილები და
მეომრებივით შუბებით შეიარაღებულნი; |
|
|
3 |
ცხენოსანთა რაზმების იერიშები, მოპირისპირე მხარეთა
უკანდახევანი, შუბების ქნევა, ჰოროლთა და გატყორცნილ ისართა სიმრავლე,
ოქროს სამკაულის ელვარება, ყოველგვარი აღკაზმულობა. |
|
|
4 |
ამიტომ ლოცულობდა ყველა, რომ კეთილად ამხდარიყო ის
ხილვები. |
|
|
5 |
როცა ჭორიც გავრცელდა, ანტიოქოსი აღესრულაო, იასონმა
შეკრიბა თითქმის ათასიანი ლაშქარი და უეცრად ქალაქზე მიიტანა იერიში. და
უკვე გალავანზე რომ იყვნენ ასულნი და ქალაქიც აღებული იყო ლამის, მენელაოსი
იძულებული გახდა, ციხე-სიმაგრისთვის შეეფარებინა თავი. |
|
|
6 |
იასონმა კი თავის თანამოქალაქეებს დაუნდობელი სისხლისღვრა
მოუწყო. არ ესმოდა, რომ თვისტომთა ხარჯზე მოხვეჭილი წარმატება უდიდესი
უბედურებაა; ეგონა, მტერზე ალაფობდა და არა თანამემამულეებზე. |
|
|
7 |
ძალაუფლება კი მაინც ვერ იგდო ხელთ და მისი ბოროტი
განზრახვა სამარცხვინო უკუდახევით დამთავრდა; ლტოლვილმა კვლავ ყამონიანებს
შეაფარა თავი. |
|
|
8 |
საბოლოოდ, ავი ბედი ეწია მას: არაბთა მბრძანებლის, არეტას
წინაშე ბრალდებული, ქალაქიდან ქალაქში ლტოლვილი, ყველასგან დევნილი და
მოძულებული, როგორც რჯულის წინააღმდეგ მოჯანყე და სამშობლოსა და
თანამოქალაქეთა ამაწიოკებელი, ბოლოს ეგვიპტეში გაირიყა. |
|
|
9 |
ის, ვინც სამშობლოდან ამდენი ხალხი უცხოობაში განდეგნა,
თავად უცხოობაში დაიღუპა, როცა ლაკედემონელებს მიადგა და იმედოვნებდა,
ნათესაური წარმომავლობის გამო მათთან ჰპოვებდა თავშესაფარს. |
|
|
10 |
ის, ვინც ამდენი ხალხი დატოვა დაუმარხავი, თავად დარჩა დაუტირებელი: არც წესის
აგებას, არც მამა-პაპის სამარხს ღირსებია. |
|
|
11 |
როცა მომხდარმა ამბებმა მეფის ყურამდე მიაღწია, იფიქრა,
იუდა განმიდგაო და გაცეცხლებული სულით დაიძრა ეგვიპტიდან, და წარტყვევნა
ქალაქი. |
|
|
12 |
ჯარისკაცებს უბრძანა, დაუნდობლად ეხოცათ, ვინც კი შეხვდებოდათ, სახლებშიც
შევარდნილიყვნენ და მოესრათ ხალხი. |
|
|
13 |
დაიწყო ახალგაზრდათა და მოხუცთა ჟლეტა, ყრმების, ქალებისა და ბავშვების
განადგურება, ქალწულთა და ჩვილთა გაჟუჟვა. |
|
|
14 |
სამ დღეში სულ ოთხმოციათასი კაცი დაიღუპა, ორმოციათასი
ხელჩართულ ბრძოლაში; და იმდენივე გაიყიდა, რამდენიც დაიღუპა. |
|
|
15 |
არც ამას დასჯერდა მეფე: მან მთელ ქვეყანაზე უწმიდეს ტაძარში შესვლაც კი გაბედა;
მეგზურად მენელაოსი მიჰყვებოდა, რჯულისა და სამშობლოს გამყიდველი.
|
|
|
16 |
წაბილწული ხელით იღებდა იგი წმიდა ჭურჭელს და ამ ადგილის დიდებისა და პატივის
ნიშნად სხვა მეფეთაგან შეწირული ნივთები ნალახი ხელით გამოჰქონდა გარეთ. |
|
|
17 |
ამგვარად, აღზევდა ფიქრებში ანტიოქოსი, ვერ ხვდებოდა, რომ
მცირე ხნით გაუწყრა უფალი ქალაქის მკვიდრთ მათი ცოდვების გამო და ამიტომ
აღარ მოხედა ამ ადგილს. |
|
|
18 |
ეს არ მოხდებოდა, რომ ცოდვებში არ ყოფილიყვნენ გახვეულნი;
მეფეც დაისჯებოდა მსგავსად ჰელიოდოროსისა, რომელიც გამოაგზავნა სელევკოს
მეფემ საგანძურის სანახავად და, შევიდოდა თუ არა ტაძარში, გაშოლტილს მყისვე
წაუხდებოდა ძარცვის ხალისი. |
|
|
19 |
მაგრამ არა ადგილისთვის ხალხი, არამედ ხალხისთვის
გამოარჩია უფალმა ადგილი. |
|
|
20 |
თავად ადგილიც ხომ ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების
თანაზიარი იყო, შემდეგ კი მასაც ერგო მადლის წილი; და რაც განწირული იყო
ყოვლადძლიერის რისხვით, კვლავ აღდგა მთელ თავის დიდებაში როცა წყალობა
მოიღო დიდმა მეუფემ. |
|
|
21 |
ასე წაიღო ანტიოქოსმა ტაძრიდან ათასრვაასი ტალანტი და
ისწრაფა ანტიოქიისკენ. ფიქრებში აღზევებულს სურდა ხმელეთი ხომალდების
სარბიელად ექცია, ზღვა კი - ქვეითთა სასიარულოდ. |
|
|
22 |
მოხელეებიც დატოვა იუდაელთა დასაჩაგრავად: იერუსალიმში -
ფილიპე, გვარით ფრიგიელი, მის განმაწესებელზე უფრო ბარბაროსული ზნით
გამორჩეული კაცი; |
|
|
23 |
გარიზიმში კი - ანდრონიოსი, მათთან ერთად მენელაოსიც,
რომელიც სხვებზე სატიკად ექცეოდა მოქალაქეთ და სძულდა იუდაელი მოქალაქეები. |
|
|
24 |
გამოაგზავნა მისიელების მთავარი აპოლონიოსი
ოცდაორიათასიანი ჯარით, თან ბრძანებაც გამოაყოლა, დაეხოცათ ყველა ასაკოვანი
კაცი, ქალები და შედარებით ახალგაზრდები კი გაეყიდათ. |
|
|
25 |
როცა აპოლონიოსი ჩავიდა იერუსალიმში, ხალხს ისე მოაჩვენა
თავი, თითქოს მშვიდობას ამყარებდა; დაელოდა შაბათის წმიდა დღეს, მერე
მოიხელთა რა მშვიდად მყოფი იუდაელები, თავისიანებს უბრძანა აესხათ იარაღი. |
|
|
26 |
მათ სანახავად გამოსული ხალხი, ყველა გამოასალმა
სიცოცხლეს, თავად კი ქალაქში შეიჭრა ლაშქრით და დიდძალი ხალხი მოსრა. |
|
|
27 |
ხოლო იუდა მაკაბელი, გვარში მეათე, გახიზნული იყო უკაცრიელ ადგილას, მთებში.
ცხოვრობდა თავისიანებთან ერთად ნადირივით, ბალახით საზრდოობდა, რათა უწმიდურობას არ
ზიარებოდა. |
|
|