1 |
გამოხდა მცირე ხანი და მეფემ იუდაში ერთი ათენელი უხუცესი გაგზავნა, რომ
დაეყოლიებინა იუდაელები, მამათა წესებს განდგომოდნენ და ღვთის რჯულით აღარ
ეცხოვრათ. |
|
|
2 |
კიდეც შეებილწათ იერუსალიმის ტაძარი და ეწოდებინათ
მისთვის ტაძარი ოლიმპიელი ზევსისა; ხოლო გარიზიმში კი, რაკი მის მიდამოებში
უცხოელები ცხოვრობდნენ, ტაძრისთვის სტუმართმოყვარე ზევსის სახელი
დაერქმიათ. |
|
|
3 |
მძიმე და ყველასთვის მტანჯველი იყო თავს დატეხილი
უბედურება. |
|
|
4 |
აღივსო ტაძარი აღვირახსნილობით და წარმართთა უზნეობით,
რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმიდეს ადგილებში
მრუშობდნენ ქალებთან და შიგნით შესაწირად შეჰქონდათ ყოველგვარი აკრძალული. |
|
|
5 |
აღივსო სამსხვერპლო უკადრისი, რჯულით აკრძალული
შენაწირებით. |
|
|
6 |
აღარ იცავდნენ აღარც შაბათს, აღარც მამაპაპეულ
დღესასწაულს, ისე რომ, იუდაელებიც კი აღარ ეთქმოდათ. |
|
|
7 |
ყოველთვიურად, მეფის დაბადების დღეს, სასტიკი
ძალდატანებით გაჰყავდათ იუდაელები კერპთაყვანისმცემელთა წესის
აღსასრულებლად, ხოლო დიონისეს დღესასწაულზე საზეიმო მსვლელობაში
მონაწილეობდნენ, და, სუროს გვირგვინებით თავშემკობილნი, დიონისეს
მიაგებდნენ პატივს. |
|
|
8 |
პტოლემეოსის შთაგონებით, მეზობელ ელინურ ქალაქებსაც
დაუდგინეს, რომ ამგვარადვე ემოქმედათ იუდაელთა მიმართ და აეძულებინათ
ისინი, კერპთმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა. |
|
|
9 |
ხოლო ვინც არ მოინდომებდა ელინურ ადათებზე გადასვლას,
დაეხოცათ. უნდა გენახათ, რა ცოდვის დღე დატრიალდა. |
|
|
10 |
ორი ქალი, ბავშვთა წინადაცვეთაში ბრალდებულნი, ძუძუებზე მიკრული ჩვილებით მთელი
ქალაქის თვალწინ ჩამოატარეს და გალავნიდან გადაჩეხეს. |
|
|
11 |
სხვები კი, ვინც მახლობელ გამოქვაბულებში გარბოდა, რათა
მეშვიდე დღე მალულად ედღესასწაულა, ფილიპესთან დააბეზღეს და ერთიანად
გადაბუგეს, რადგან ისინი თავდაცვას არც ცდილან, რომ ამით უწმიდესი
დღესასწაული არ შეელახათ. |
|
|
12 |
ვისაც ეს წიგნი ხელთ ჩაუვარდება, ვთხოვ, არ შეუშინდეს ამგვარ ბედუკუღმართობას,
პირიქით, ჩათვალოს, რომ ეს სასჯელი დასაღუპად კი არა, ჩვენი ხალხის
გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. |
|
|
13 |
ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა
დიდი წყალობის ნიშანი. |
|
|
14 |
რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს
მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ
გვექცევა იგი; |
|
|
15 |
არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. |
|
|
16 |
ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და, თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ
გაუწირავს თავისი ხალხი. |
|
|
17 |
მაგრამ ამას შეგონებისათვის შეგახსენებთ და მცირედი
წიაღსვლის შემდეგ თხრობაზე გადავდივარ. |
|
|
18 |
ელეაზარს, ერთ-ერთ პირველ მწიგნობარს, უკვე ასაკოვან
კაცს, თუმცა სილამაზით ჯერ კიდევ გამორჩეულს ძალათი გაუღეს პირი და ღორის
ხორცის ჭამას აიძულებდნენ. |
|
|
19 |
მან კი ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა და
ნებაყოფლობით გასწირა საწამებლად თავი. |
|
|
20 |
იგი უკან აფურთხებდა ხორცს, როგორც ეს შეეფერება კაცს,
რომელიც მიუხედავად სიცოცხლის სიყვარულისა, ბედავს უარი თქვას აკრძალული
საჭმლის ჭამაზე. |
|
|
21 |
ხოლო ურჯულო მსხვერპლშეწირვისთვის განწყობილნი, ვისაც კი
ამ უხუცესთან მრავალი წლის ნაცნობობა აკავშირებდა, გაიხმობდნენ ხოლმე მას
და ცალ-ცალკე ჩუმად სთხოვდნენ, ეჭამა საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი,
ის, რისი ჭამაც ნებადართული იყო, თან თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მეფის
ბრძანებით შემოთავაზებულ სამსხვერპლო ხორცს ჭამდა. |
|
|
22 |
რადგან ამით იგი სიკვდილისგანაც დაიხსნიდა თავს და, ძველი
სიყვარულის წყალობით, მათი კაცთმოყვარებითაც ისარგებლებდა. |
|
|
23 |
მაგრამ ელეაზარმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება - მის
ასაკს, ღირსეულ ხანდაზმულობასა და სახელოვან ჭაღარას რომ ეკადრებოდა და
შედეგი იყო სიყრმიდანვე ღვთისმოსავური აღზრდისა, ყველაზე მეტად კი წმიდა და
ღვთისგან ბოძებულ რჯულდებას რომ შეესაბამებოდა: უარი უთხრა მათ და
განუცხადა, რომ უმალ ჯოჯოხეთში ჩავიდოდა. |
|
|
24 |
ჩვენს ასაკს თვალთმაქცობა არ ეკადრებაო, თქვა მან, რადგან
ბევრი ახალგაზრდა გაიგებს, რომ ოთხმოცდაათი წლის ელეაზარი უცხო ტომთა
მიმდევარი გახდაო, |
|
|
25 |
თავადაც, ჩემი თვალთმაქცობის წამხედვარე, ცთუნებას
აჰყვება ხანმოკლე და ფუჭწარმავალი სიცოცხლისთვის, მე კი მოვაყივნებ და
ჩირქს მოვსცხებ ჩემს ხანდაზმულობასო. |
|
|
26 |
იქნება ახლა კი დავაღწიოთ თავი ადამიანთა სასჯელს, მაგრამ
ყოვლისშემძლის ხელს ვერც სიცოცხლეში, ვერც სიკვდილის შემდეგ ვერსად
გავექცევით. |
|
|
27 |
ამიტომ, თუ ახლა ვაჟკაცურად გამოვეთხოვები სიცოცხლეს, მოხუცებულობის ღირსიც
აღმოვჩნდებიო. |
|
|
28 |
ახალგაზრდებს კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ, ღირსეულად და მამაცურად შეეგებონ
სიკვდილს დიდებული და წმინდა რჯულისთვისო. ესა თქვა და მაშინვე გაემართა
საწამებლად. |
|
|
29 |
მაშინ იმათაც კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მისდამი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა,
ნათქვამის გამო ეს განწყობილება ზიზღით შეეცვალათ, რადგან მისი სიტყვები უგუნურებად
ჩათვალეს. |
|
|
30 |
ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და
თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ
ვამჯობინე სხეულით გავტანჯულიყავი, სულით კი ტკბილად დამეთმინა ეს სატანჯველი,
რადგან უფლის შიში მაქვს. |
|
|
31 |
ასე აღესრულა იგი და თავისი სიკვდილით არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ თავისი
ხალხის უმეტესობას დაუტოვა ვაჟკაცობის მაგალითი და კეთილშობილების ძეგლი დაიდგა. |
|
|