ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.

1

და იყო, მერმესა მას წელსა გამოსლვასა მეფეთასა წარავლინა დავით იოაბ და ყოველი ერი ისრაჱლისაჲ; და მოსრნა ყოველნი ძენი ამონისნი და გარემოადგა და მოიცვა ქალაქი იგი ჰრაბათისაჲ. და დავით დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს.

2 ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით. 2 და დღესა ერთსა მიმწუხრი გამოვიდა დავით სასუენებლით თჳსით და იქცეოდა ერდოსა ზედა ტაძრისა სამეფოსასა. და იხილა, მიერ ერდოჲთ დედაკაცი ერთი იბანებოდა რა სამოთხესა შინა თჳსსა, და იყო დედაკაცი იგი ქმნულკეთილ ფრიად.
3 გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი. 3 და მოყვანებად-სცა დედაკაცი იგი და სახელი ერქვა ბერსაბეე, ასული იყო ელეაჲსი, ცოლი ურია ქეტელისა.
4 გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში. 4 და მიავლინნა დავით და მოიყვანა დედაკაცი, და შევიდა მის თანა და დაისუენა. და იგი ოდენ დაბანილ იყო წესისაგან თჳსისა.
5 როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულად ვარ. 5 და წარვიდა მისგან მიდგომილი სახიდ თჳსად და მოუმცნო დავითს, ვითარმედ: უწყოდე, რამეთუ მიდგომილ ვარ შენგან!
6 გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს. 6 და მიავლინნა დავით იოაბისსა და მიუმცნო, ვითარმედ: ადრე მომივლინე ურია ქეტელი! და იოაბ წარმოავლინა მსწრაფლ ურია დავითისსა. მოვიდა ურია და შევიდა დავითისსა.
7 როცა მოვიდა მასთან ურია, დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი გამოჰკითხა. 7 და იწყო კითხვად დავით ურიასსა და ჰრქუა: ცოცხლებით არსა იოაბ და ცოცხლებით არსა ერი იგი? მიუგო მან: ცოცხლებით!
8 უთხრა დავითმა ურიას: შინ წადი და ფეხი დაიბანე. გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის საჩუქარი გააყოლეს უკან. 8 და ჰრქუა დავით: წარვედ სახედ შენდა, დაიბანენ ფერჴნი შენნი და განისუენე! და განვიდა ურია პირისაგან მეფისა, გარნა გამოსცა ნიჭი მეფემან,
9 ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მორჩილებთან ერთად, თავის სახლში არ წასულა. 9 სახიდ თჳსად არა წარვიდა, არამედ ბჭეთა სამეფოსა ტაძრისათა მონათა თანა უფლისა თჳსისა განისუენა.
10

შეატყობინეს დავითს, არ წასულაო თავის სახლში ურია. მაშინ უთხრა დავითმა ურიას: ხომ ნამგზავრი ხარ? რატომ შინ არ წახვედი?

10

მიუთხრეს დავითს, რამეთუ არა წარვიდა ურია სახიდ თჳსა. და მიუგო დავით ურიასა: არა გზით მოსრულ ხარა შენ, რად არა შეხვედ სახიდ შენდა?

11 უთხრა ურიამ დავითს: როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს! 11 მიუგო ურიამ და ჰრქუა: კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და ყოველი ერი ისრაჱლი და იუდასი დგანან გარე კარავთა. და იოაბ, უფალი იგი ჩემი, დგას წინაშე განწყობილსა და მე ვითარ შევიდე სახიდ ჩემდა ჭამად და სმად და განცხრომად ცოლისა ჩემისა თანა? მზესა შენსა ვფუცავ და სიყუარულსა თავისა შენისასა, რამეთუ არა ვყო საქმე ეგე!
12 უთხრა დავითმა ურიას: დღესაც დარჩი აქ და ხვალ გგაგზვნი. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას. 12 და ჰრქუა დავით ურიას: დადეგ დღესა აქა და ხვალე წარგავლინო შენ. და დადგა ურია დღესა მას იერუსალჱმსა.
13 მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა ურიამ მის წინაშე და დაათრო იგი დავითმა. საღამოთი გავიდა, რომ თვისი ბატონის მორჩილებთან დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა. 13 და ხვალისაგან შეუწოდა დავით ურიასა და პურის ირთო, ჭამა და სვა წინაშე მეფისა, იხარებდა და დაითრო. ვითარცა დამწუხრდა, მივიდა ბჭეთა მის ტაძრისათა მსახურთა თანა უფლისა თჳსისათა, სახედ მისა არა მივიდა.
14 დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა. 14 და განთენა, დაწერა წიგნი მეფემან და მიუძღუანა იგი იოაბს ჴელითა ურიასათა.
15 წერილში ასე დაწერა: დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს. 15 და წიგნი იგი მიწერა ესრეთ, ვითარმედ: მიჰმარჯვე ურია მას ძნელსა და თქუენ მეყსეულად ფერჴი დაიპყართ, რათა მოკლან იგი.
16 როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ. 16 და იყო, რაჟამს გარემოადგა იოაბ ქალაქსა მას, მიავლინა ურია იოაბ ადგილსა ძნელსა, სადა-იგი ახოვანნი მის ქალაქისანი დგეს.
17 გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. დაეცნენ ხალხიდან, დავითის მორჩილთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც. 17 და მოუჴდეს კაცნი იგი მის ქალაქისანი და ბრძოლა-უყვეს იოაბს. და დაეცა ერი მრავალი შერევასა მას სიტყჳთა დავითისითა და მოკლეს ურია ქეტელი.
18 გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად. 18 მას ჟამსა წარავლინნა იოაბ მოციქულნი, რათა უთხრან დავითს ყოველივე საქმე ბრძოლისა.
19

ასე დაარიგა მაცნე: ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,

19 და ჰრქუა იოაბ მოციქულთა მათ: რაჟამს უთხრათ საქმე ესე ბრძოლისა მეფესა, პირველად ესე თქჳთ-სიფიცხლე ბრძოლისა ამისა.
20 და თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველადო? განა არ იცოდი, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას? 20

და უკუეთუ განრისხდეს მეფე მოსრვისა ერისათჳს და გრქვას შენ: რასათჳს ეგოდენ შეეჴლენით ზღუდესა მის ქალაქისასა? თქუენ არა იცოდეთა, ვითარმედ ზეგარდამო უსაზომო მოსრვა შეემთხუევის ერსა მას?

21 ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე, და მოკვდა იგი თუბელში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს? უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მორჩილი. 21 ვინ მოკლა აბიმელექ, ძე იერობოელისი, ძისა ნერისი? არა დედაკაცმან ერთმან გარდამოსტყორცნა ფქვილისა საფქველისა ნატეხი და მიამთხჳა და მოკლა იგი თამიშს? და აწ თქუენ რად ეგოდენ შეუჴედით ზღუდესა მას? ოდეს ამასა იტყოდის, თქუენ ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მონა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა!
22 წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა. 22 და მოვიდა მოციქული იგი იოაბისა იერუსალჱმდ მეფესა თანა და უთხრა ესე ყოველი დავითს - იობისმიერი ბრძანებული და ყოველი საქმე ბრძოლისა.
23 უთხრა მაცნემ დავითს: როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ: 23 მიუგო მოციქულმან მან, ჰრქუა დავითს: განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა ჩუენ ზედა, რამეთუ გუნდი ერთი ძლიერი გამოგჳჴდა ჩვენ ველად და ჩუენ მუნით მეოტად წარვიქციენით და შევყარენით იგინი ბრჭეთა მის ქალაქისათა.
24 მოისარებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მორჩილთ და ბევრი გაწყდა მეფის მორჩილთაგან, მოკვდა ხეთელი ურიაც, შენი მორჩილი. 24 და განამრავლეს ისარნი მათნი ზღუდით გარდამო მონათა ზედა მეფისათა და მოსწყჳტეს მუნ მონანი შენნი და მონაცა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა.
25 უთხრა დავითმა მაცნეს: ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხეთქო. ასე გაამხნევე იოაბი. 25 მიუგო დავით მოციქულსა მას და ჰრქუა: ესრეთ უთხარ იოაბს, ვითარმედ: ნუ უმძიმეს-გიჩნს საქმე ეგე, რომელი იქმნა, რამეთუ ღუაწლი ბრძოლისა სადმე ესრეთ არიან და სადმე-ეგრეთ. აწ შენ განაძლიერე ღუაწლი ბრძოლისა ქალაქსა მაგას ზედა და დაარღჳე ეგე!
26 გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და დაიტირა თავისი პატრონი. 26 ვითარცა ესმა ესე ცოლსა ურიასსა, ვითარმედ მოკუდა ქმარი მისი, ტყებად იწყო და იგლოვდა ქმარსა თჳსსა.
27 როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა. 27 და ვითარცა წარჴდეს დღენი გლოვისა მისისანი, მიავლინა დავით და მოიყვანეს სახიდ დავითისა. და იყო იგი მისა ცოლად და უშვა მას ძე. და არა სათნო-უჩნდა უფალსა საქმე იგი დავითისი.